ავტორი:

"შედეგები შესაძლოა, კატასტროფული ყოფილიყო..." - ნასვამი პილოტი, რომელიც ედინბურგიდან ტრანსატლანტიკური ფრენისთვის ემზადებოდა, გაასამართლეს და 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

"შედეგები შესაძლოა, კატასტროფული ყოფილიყო..." - ნასვამი პილოტი, რომელიც ედინბურგიდან ტრანსატლანტიკური ფრენისთვის ემზადებოდა, გაასამართლეს და 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნასვამი პილოტი, რომელიც ედინბურგიდან ნიუ-იორკში ტრანსატლანტიკური ფრენისთვის ემზადებოდა, გაასამართლეს და 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც დადგინდა, კაპიტან ლოურენს რასელის სხეულში ალკოჰოლის შემცველობა საავიაციო ლიმიტს თითქმის ორნახევარჯერ აღემატებოდა. შემთხვევა 2023 წლის ზაფხულში მოხდა, თუმცა ნასვამი პილოტის საქმე ედინბურგის სასამართლომ დღეს განიხილა.

  • კაპიტანი ლოურენს რასელ უმცროსი სამართალდამცავებმა მაშინ დააპატიმრეს, როცა მას ხელბარგში Jägermeister-ის ორი ბოთლი აღმოუჩინეს. პილოტის ხელბარგში არსებული ბოთლებიდან ერთი ნახევრად გამოცლილი იყო.

  • ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დელტას ავიახაზების პილოტს 100 მლ სისხლში 49 მგ ალკოჰოლი აღმოაჩნდა, მკაცრი კანონიერი საავიაციო ლიმიტი კი 100 მლ სისხლში 20 მგ ალკოჰოლია.

სასამართლოში 63 წლის პილოტმა დანაშაული აღიარა და გამოტყდა, რომ თვითმფრინავის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აპირებდა. მოსამართლემ მას 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ისიც აღნიშნა, რომ მანქანის საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო წარსულში ის ორჯერ იყო ნასამართლევი.

პილოტის ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი კლიენტი ყოფილი ალკოჰოლიკი იყო, რომელიც შემთხვევამდე რეაბილიტაციას გადიოდა და 277 დღე საერთოდ არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი. განაჩენზე საპასუხოდ, პროკურორმა ლინ ბარიმ განაცხადა: "ლოურენს რასელის საქციელი ბევრ სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს. შედეგები შესაძლოა კატასტროფული ყოფილიყო. კომერციული თვითმფრინავის პილოტს ხელში ასობით ადამიანის სიცოცხლე უჭირავს. ის ყველა მათგანს სერიოზული რისკის ქვეშ დააყენებდა."

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა