ავტორი:

"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე

"საქართველომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, თორემ ისეთ სიბნელეში აღმოვჩნდებით, დამხმარე ვერავინ იქნება" - ზურაბ აბაშიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების კულუარებზე

11 მარტს ახალმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძის ნაცვლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე გიორგი ქაჯაია დაინიშნა და ახლა ის გაუძღვება გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებებს, რასაც არაფორმალურად "აბაშიძე-კარასინის ფორმატი" ჰქვია, ზურაბ აბაშიძე კი მისი მრჩეველი გახდება. "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების დაპირებით მოსულმა "ოცნების" ხელისუფლებამ 2012 წელს შექმნა.

რა საკითხები გადაიჭრა "აბაშიძე-კარასინის" ფორმატის მეშვეობით, რამდენად ხშირად ისმოდა რუსეთის მუქარა და საყვედურები და როგორ რეაგირებდა თბილისი, ამ თემაზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე საუბრობს:

- 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ძალიან რთული სიტუაცია იყო, საოკუპაციო ხაზზე იმდენად დაძაბული იყო ვითარება, ძალადობის განახლების რეალური საფრთხე არსებობდა. იყო 2008 წლის მძიმე შედეგები: მსხვერპლი, ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი, დევნილების ახალი და დიდი რაოდენობა ცხინვალის რეგიონიდან და დაკარგული ტერიტორიები - აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და კოდორის ხეობა. კოდორის ხეობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე რატომ ჩაბარდა, ეს დღემდე არავის აუხსნია. გარდა ამისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო დოკუმენტსაც კი მოაწერა ხელი, სადაც ომის დაწყება პირდაპირ ქართულ მხარეს ბრალდება. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ 2004-2011 წლებში რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს ჩვენი სტრატეგიული აქტივების დიდი რაოდენობა - ენერგეტიკის სფერო, წიაღისეული, მსხვილი კომპანიები. ასეთ ვითარებაში, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ ჩაითვალა დიალოგის დაწყება, რათა შემცირებულიყო დაძაბულობის მაღალი ხარისხი, რაც ყოველ წუთს ახალი კონფლიქტის საშიშროებას ქმნიდა.

რაც შეეხება ამ ფორმატის წმინდა პრაქტიკულ მხარეს, 2011 წელს რუსეთის ფედერაცია, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერითაც, გაწევრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და რუსეთმა აიღო ვალდებულებები ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების წარმოებისა, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოსთანაც. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ 2006 წლიდან რუსეთს ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ჰქონდა შემოღებული, საქართველოში კი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შემოედინებოდა რუსული პროდუქცია. 2012 წელს მიზნად დავისახეთ, რუსულ ბაზარზე ჩვენი ექსპორტი აღგვედგინა. ამიტომ შეიქმნა პრაღის ფორმატი და 2012 წლის ბოლოდან 2024 წლამდე 26 შეხვედრა მქონდა რუსეთის მხარესთან პრაღაში. ამ შეხვედრების შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. 2012 წლიდან მოყოლებული 5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა რუსულ ბაზარზე, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ეკონომიკის არაერთი სექტორის განვითარებას. მხოლოდ მეღვინეობას არ ვგულისხმობ, არამედ სატრანსპორტო სფეროს, ტურიზმსაც...

იყო ჰუმანიტარული პრობლემები. 2008 წელს რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქეების დიდი ჯგუფი და მათ 12-14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენ მოვახერხეთ და ეს ადამიანები ოჯახებს დავუბრუნეთ. ახლა, როცა ვიღაცას საოკუპაციო ხაზზე დააკავებენ, ვიცით, რანაირი რეაქციაა საქართველოში, მათ შორის მედიაში. ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანებზე ინფორმაცია 2012 წლამდე საერთოდ დამალული იყო. მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეს არის ამ ფორმატში განხილული საკითხები და შედეგები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფორმატის შექმნისას მჭიდრო კავშირი გვქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ვიმყოფებოდი ბრიუსელში, შეხვედრები მქონდა ნატოში, ევროკავშირში და მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ამ ფორმატის მხარდაჭერას. ისინი ამას საჯაროდაც აცხადებდნენ. ის, რომ 2014 წელს საქართველომ ასოცირების შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ამას გარკვეულწილად პრაღის ფორმატმაც შეუწყო ხელი.

- ახლა რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლ 22 წლის მამუკა გაწერელიას. მის გათავისუფლებაზე თუ გქონიათ კარასინთან საუბარი, ან ხელისუფლება თუ გეგმავს ამ თემაზე მიმართოს რუსეთს?

- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კომუნიკაცია იშვიათად გვქონდა, ისიც მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე, როცა საზღვარზე სატრანსპორტო ტვირთებთან დაკავშირებული ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნებოდა.

- თუკი ბოლო წლებია შეხვედრები აღარ იმართება, შეიძლება ითქვას, რომ ფორმატმა თავი ამოწურა? ფრენა განახლდა, ვაჭრობა არის, რუსი ტურისტები შემოდიან, გამოდის, ფორმატის მთავარი ამოცანა გადაჭრილია და რაღა საჭიროა გაგრძელება?

- ეს ფორმატი კომუნიკაციის არხია. საკითხის დასმაც არასწორია, იმიტომ, რომ ამ სავაჭრო ურთიერთობებში ბევრი კომპანიაა ჩართული და იქ მუდმივად წარმოიქმნება პრობლემები. ამიტომ სანამ არის ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, პრობლემები სულ იქნება და ეს კომუნიკაცია აუცილებელია...წაიკითხეთ სრულად