ავტორი:

"დათო თვალღია შეხვდა სიკვდილს... მამა მასზე ჯავრს გადაჰყვა, დედას დღემდე ხილვები აქვს" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული დათო ბოლქვაძის და და როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორია

"დათო თვალღია შეხვდა სიკვდილს... მამა მასზე ჯავრს გადაჰყვა, დედას დღემდე ხილვები აქვს" - რას ჰყვება ტრაგიკულად დაღუპული დათო ბოლქვაძის და და როგორია "ფართოდ გახელილი თვალების" ისტორია

19 მარტს ხობში დახვრეტილ ჟურნალისტს, ოპერატორსა და რეჟისორს დათო ბოლქვაძეს 55 წელი შეუსრულდებოდა. ტრაგიკულად დაღუპვიდან 30 წლის შემდეგ კინოს სახლში მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია შედგა. ფილმი „ფართოდ გახელილი თვალები“ დათო ბოლქვაძის ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს.

AMBEBI.GE დათო ბოლქვაძის დას, ჟურნალისტ თამარ ბოლქვაძეს ესაუბრა. გავიხსენეთ ადამიანი, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მძიმე 90-იანებში ხობში დახვრიტეს.

თამარ ბოლქვაძე:

- ფილმის შექმნის იდეა გაუჩნდა შეერთებულ შტატებში მოღვაწე ჟურნალისტს, ნანა ღონღაძეს, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიაში ადრე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი გახლდათ. ნანას ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს არსებულ მუზეუმში, ცხელ წერტილში დაღუპული ჟურნალისტებისთვის აღმართული მემორიალი უნახავს და იქ დათო ბოლქვაძის სახელი და გვარი ამოუკითხავს. შემდეგ დამიკავშირდა და მკითხა, - დათოს შესახებ რაიმე ფილმი თუ არსებობდა. ვუპასუხე, რომ დათოს დაღუპვიდან სამი თვის შემდეგ მე შევქმენი დოკუმენტური ფილმი და 30 წლის მანძილზე მეტი არაფერი გაკეთებულა-მეთქი. გაოცებული დარჩა ნანა და გაოცებული დავრჩი მეც. მართლაც უცნაურია, რომ ოკეანის გაღმა მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს გაუჩნდა დათოს შესახებ ფილმის შექმნის სურვილი და არა მის კოლეგებს საქართველოში.

ამრიგად სცენარის ავტორი გახლავთ ნანა ღონღაძე და თანაავტორი მე. ოპერატორი იყო გრიგოლ ჩიგოგიძე, დამსახურებული პიროვნება, „პიონერფილმის“ დამაარსებელი (თავდაპირველი რეჟისორი და ოპერატორი გრიგოლი იყო). შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო ოპერატორს, კახა ბუხრაშვილს ვთხოვე, მანაც გადაიღო რესპონდენტები და გარკვეული კადრები. მოგვიანებით ფილმის დასრულებაში ჩემი კოლეგები - ირაკლი ნიჟარაძე და გიორგი გუგუშვილი დამეხმარნენ.

- ფილმი მოგვითხრობს დათოს ტრაგიკულ ისტორიაზე...

- დიახ და მასში დათოს გადაღებული კადრებიცაა გამოყენებული... მან ხომ იმ წლებში ომის თემაზე სერიოზული მატიანე შექმნა. დათოს გადაღებული მასალა ბევრი დაკარგული იყო, ზოგს მითვისებული ჰქონდა, ამ ყველაფრის მოძებნასა და დახარისხებაში ჩემი შვილი - გიორგი არაბიძე დამეხმარა. დიდი შრომა დაგვჭირდა. ნანამაც ამერიკიდან გამოგზავნა მასალა, პირადი არქივი და კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივიც გამოვიყენეთ...

ეს ფილმი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის იმის შეხსენებაა, რომ ნებისმიერ ვითარებაში როგორ უნდა შეინარჩუნო ღირსება, როგორ უნდა დარჩე პროფესიის ერთგული, როგორ არ უნდა დაარღვიო ჟურნალისტიკის არცერთი კანონი და პოსტულატი, მაშინაც კი, როცა ქვეყანა ინგრევა და ომია. დათომ ეს შეძლო და არ იქცა მხარედ. შეძლო ბნელ 90-იანებში მის კამერას სინათლე დაენახა და ფილმს ამიტომაც ჰქვია „ფართოდ გახელილი თვალები“.

როგორც თვითმხილველები და ის ადამიანები, ვინც დათო ხობიდან გადმოასვენა, ამბობდნენ, თვალგახელილი დაიღუპა. დათოს თვალები ვერ დაუხუჭეს, თვალღია შეხვდა სიკვდილს. მან ომში და ურთულეს პერიოდში შეინარჩუნა ადამიანობაც და ღირსებაც...

დათო ბოლქვაძე, ფოტო სქრინი "პირველი არხის" საარქივო ვიდეოდან

- როდის და რატომ აირჩია ეს საქმე და ეს პროფესია?

- მთელი ოჯახი ტელევიზიაში ვმუშაობდით - დედა კინო რედაქციაში, ოთარ სეფიაშვილთან, მე ჟურნალისტი გახლდით. ე.წ. "„ტელევიზიონშიკების"ოჯახური დინასტია გვქონდა... ბავშვობიდანვე ტელევიზიის კედლებში ვიზრდებოდით, სადაც დედას ხშირად მივყავდით და ჩვენი ინტერესიც აქედან გაჩნდა. დათომ თითქმის ყველა რედაქციაში იცოდა, რა ხდებოდა, ინტერესი ჰქონდა, ხშირად უთვალთვალებდა სტუდიაში ამა თუ იმ ჩაწერას. როცა დაინახეს, რომ პატარა ბიჭს ასეთი ცნობისწადილი ჰქონდა, ყველა ყველაფერს უხსნიდა და მისთვის ყოველი ოთახის კარი ღია იყო. პირველად სხვადასხვა რედაქციაში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, იყო თეატრალურ რედაქციაში. როცა უკვე „მეორე არხი“ შეიქმნა, ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ებრალიძემ თავისთან წაიყვანა. სანამ იმ დავალების შესასრულებლად წავიდოდა, უკვე "მეორე არხზე" რეჟისორი იყო.

ნატო ონიანი ერთ-ერთ სიუჟეტში იხსენებს, იმას, რასაც ერთი დათო ბოლქვაძე მიკეთებდა, იმას სამი კაცი ერთად ვერ აუდიოდაო. ჩემი ოპერატორიც იყო, რეჟისორიც და პროდიუსერიცო... არაჩვეულებრივად ხატავდა, თოიძის სამხატვრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული. ესეც ეხმარებოდა და მისი კამერა საოცარ რაღაცებს ხედავდა. მისი ესთეტიკა სხვანაირია. ომის დროს როცა ქვეყანა ინგრევა, ტყვიების წვიმაა და „ბეემპეზე“ დამჯდარ ბარტყს გადაიღებ, ასევე ტალახიან გუბეში მტრედი როგორ სვამს წყალს - ალბათ ბევრ რამეზე მიანიშნებს.

- ტრაგედია, რაც თქვენს ოჯახს დაატყდა თავს, როგორ დაძლიეთ, ამ დიდ ტკივილს როგორ მოერიეთ?

- დედა დღემდე ვერ მოერია ამას და სულ ეს აქვს სათქმელი, რომ ვერ გამოვიგლოვე ჩემი შვილი, ჩემთვის დათოს დაღუპვა ისევ გუშინდელი დღეაო. ხილვებიც კი აქვს, ფაქტობრივად, სულ დათოს ელაპარაკება, სულ მასთან არის. ხომ არის მოსაზრება, რომ დრო კურნავს ყველაფერს, დათო ისეთი ბიჭი იყო, რომ ჩვენი ოჯახისთვის დრომ ეს ტკივილი ვერ განკურნა და ღია ჭრილობად დარჩა...

9 წლით უფროსი ვიყავი, ფაქტობრივად, ჩემს ხელში გაიზარდა. ჩემი და, ნინო დათოს ტყუპისცალია... რაც დრო გადის, სიბრაზე, აღშფოთება მიჩნდება - რატომ მომიკლეს ძმა?! გიორგი ებრალიძე ფილმში ამბობს, რომ ასეთ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ასეთი ათასში ერთიაო... დათო ისეთ ოჯახში გაიზარდა, სხვანაირი ვერ იქნებოდა. დედა საოცრად ღვთისმოსავი, კაცთმოყვარე ადამიანია, მამა ინჟინერ-გამომგონებელი, მშრომელი ხალხი... მამა დათოზე ჯავრს გადაჰყვა. ჩემთვის ყველაზე მწარე ის იყო, რომ დათო აფხაზის ტყვიას გადაურჩა და ქართველმა მომიკლა, ეს ვერ მომინელებია.

დათო დედასთან და დასთან ერთად

- მგონი, კადრიც არის, სადაც ამბობს, დაჭრილ აფხაზს არ ესროლოთო...

- კი, როცა ერთ-ერთი ქართველი მეომარი მისკენ მორბის, მაშინ ამბობს, ფაქტობრივად, გადაარჩინა. კარგია, რომ ეს კადრები არსებობს, იმაზე მეტყველებს, როგორი ბუნების ბიჭი იყო. სხვა შინაგანი კონსტიტუცია ჰქონდა... მისი იარაღი კამერა, სიკეთე, ადამიანის სიყვარული იყო. ომშიც კი ადამიანის სიყვარული შეინარჩუნა...

- ცნობილია, რომ ის ამერიკის მსოფლიო ახალი ამბების ამიერკავკასიის ბიურომ (WTN) მიიწვია და სწორედ მას წარმოადგენდა ხობში...

- ისინი ნახულობდნენ ქართველი საველე ჟურნალისტების მიერ გადაღებულ მასალებს, სჭირდებოდათ გამბედავი, უშიშარი და პროფესიონალი ოპერატორი და ასეთად დათო შეარჩიეს. ამ უცხოურ ტელეკომპანიაში მისვლისთანავე ეს იყო მისი პირველი დავალება. დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო ომი უნდა გაეშუქებინა. ასე აღმოჩნდა დათო, კერძოდ, ხობში კამერით ხელში. დილით 10 საათზე შევიდა და 12 საათზე დახვრიტეს... მასთან ერთად 6 სამხედრო ტყვე დახვრიტეს...

ყველაზე გასაოცარი და აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ჩვენი ოჯახი 20-25 წლის მანძილზე თავს იცავდა მკვლელის გულშემატკივარი ჟურნალისტებისაგან! ისინი თანაუგრძნობდნენ მკვლელს და არა მათ კოლეგა-მსხვერპლს... მათგან ზოგი ხელისუფლების ნავში მჯდომი გახდა, ზოგი კონიუნქტურის ფეხის ხმას აყოლილი, ზოგი ამისტი, ზოგი იმისტი, მაგრამ ამის გადატანა და ატანა ყველაზე აღმაშფოთებელი იყო...

დათო სამოქალაქო ომს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორებს იქ შესვლა არ ურჩიეს, რადგან ქობალიას რაზმები შეტევაზე გადმოდიოდნენ, იმის ნაცვლად აქეთ წამოსულიყო, დათომ შუაგულში ამოყო თავი, რადგან უშიშარი იყო, ამასთან, აფხაზთა ტყვიას გადაურჩა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართველი მოკლავდა. თუმცა მისმა რამდენიმე კოლეგა ოპერატორმა, რომლებიც იმ ვითარებაში იქ იყვნენ, ხობისწყალი გამოტოპეს და გამოერიდნენ იქაურობას.

ჩემი ძმა ხობის ხიდთან დაატყვევეს, ამის შესახებ მამაჩემს ადგილობრივმა მოსახლეობამ უამბო, როცა მამა ჩემს ბიძებთან ერთად იქ იმისთვის ჩავიდა, რომ მოსახლეობისგან შეეტყო, ვინ მოუკლა შვილი. ბევრმა უთხრა, რომ ეს იყო ლოთი ქობალია, დეტალურად აღუწერეს, როგორ დახვრიტეს. დააყენეს მოედანზე ფეხშიშველი, წვიმაგაუმტარი ე.წ. „ბატინკები“ და ჯავშანჟილეტი გახადეს, ჯინსის და მაისურის ამარა დატოვეს. დათო აჩვენებდა მოწმობას და მთელი ხმით ყვიროდა, რომ ჟურნალისტი ვარ, არ მესროლოთო. პირველი ტყვია ქობალიამ მოარტყა და შემდეგ მის გვერდში მდგომებმა, მთელი მჭიდი დააცალეს. 12 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, - ვინც ამას შეესწრო, ამბობდა, რომ ვაჟკაცურად დაიღუპა, არ წაქცეულაო.

ეს საშინელება მოედანზე ხდებოდა და ამ ტრაგედიას ამიტომაც ჰყავდა ამდენი მოწმე. ვიღაც ქალი ქობალიას მუხლებში ჩავარდნია, სანამ ესროდა და უკივლია, ანგელოზივით ბიჭია, ამის სიცოცხლე მე მაჩუქეო. ქალი გვერდზე გაიყვანეს და დათოს მიმართ არაადამიანური საქციელი ჩაიდინეს...

მამაჩემი, გაუბედურებული კაცი ხობში უიარაღოდ ჩავიდა... ფატალური დამთხვევა იყო, რომ მისი მანქანის გამოსაცდელი პოლიგონი 15 წლის განმავლობაში სწორედ ხობი იყო, სადაც ბევრ ადამიანს იცნობდა და ამიტომ არ შეშინებია იქ ჩასვლა.

- რა წაუყენეს დათოს ბრალად?

- შევარდნაძის ტელევიზიიდან მოსული "შპიონი" - ქობალიამ ეს ბრალდება წაუყენა... მას სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა ჰქონდა. მერე დახვრეტა გაუქმდა და სასჯელი 20 წლით შეეცვალა. მოგვიანებით ციხიდან გაქცევისას 6 წელი დაემატა. სულ 26 წელი უნდა მოეხადა და 2004 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა...

თამარ ბოლქვაძე

- მან არ აღიარა დანაშაული, ხომ?

- გადასარევად გრძნობდა, რომ ეს იყო ყველაზე მძიმე დანაშაული, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაცებმა ურჩიეს, არ ეღიარებინა. მხოლოდ ერთადერთ გამომძიებელთან თქვა, არ ვიცოდი, ასეთი კარგი ბიჭი თუ იყოო. მერე ათას რაღაცას იგონებდა, არადა ზუსტად ვიცით, რომ იქ იყო.

დათო სიმაღლეში მეტრი და 98 იყო, წყალბურთელი, საოცარი გარეგნობა ჰქონდა... ბოლოს სოხუმის აეროპორტში რომ მოდის, რა საოცარი კადრია, როგორ უნდა მოგიტრიალდეს ხელი და ასეთ მთასავით ბიჭს, ასე ესროლო... ბიჭს, რომელსაც ორივე მხარეს ჰყავდა მეგობრები, ზვიადის მხარესაც და შევარდნაძის მხარესაც...

ადამიანს, რომელსაც თბილისში ხელფასი არ აუღია, აფხაზეთში ავტომატი აჩუქეს, გზის ფული არ ჰქონდა, ტელევიზიიდან სახლში გამთენიისას ფეხით ბრუნდებოდა. ავტომატი არ გამოართვა, არ წამოიღო, აქ ომია და იქ რაში მჭირდებაო... სხვა ალბათ გაყიდდა და პურის ფულს მაინც იშოვიდა... ასეთი ბიჭი ასე გაიმეტეს. 24 წლის ასაკში მოასწრო არა მხოლოდ ომის მატიანის შექმნა, თავისი ისტორიაც დაწერა. ამ 24 წელში დიდი შინაარსი ჩადო.

დარწმუნებული ვარ, ფილმის პრეზენტაციაზე დათო იქ იყო და გადახედა თავის განვლილ 24 წელს. ჩემი ძმის სულის მისამართი არის ცა. იქ არის. როგორი სუფთაც აქ იყო, ცხოვრებაში ისეთივე დარჩა. თუკი რაიმე გასაჭირი გველოდება ხოლმე ოჯახის წევრებს, ან მის ახლობლებს, კეთილი ანგელოზივით გვაუწყებს სიზმრად ამის შესახებ. ამის არაერთი ფაქტი არსებობს. მგონია, რომ ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზია... დედამ დათოს შესახებ წიგნი „ცა ჩემი სულის მისამართია“ დაწერა. ერთმა მისმა კოლეგამ თქვა - ხომ არსებობს სიგრძის საზომი, წონის საზომი - დათო დღემდე დარჩა კაცობის საზომად. ასეთი შემორჩა მისი ახლობლების მეხსიერებას.