ავტორი:

"ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე!" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, სადაც შს მინისტრს უსმენენ

"ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე!" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში, სადაც შს მინისტრს უსმენენ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატის რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“,“აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს.

  • კონკრეტულად, პლენარულ სხდომაზე გოცირიძე კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით დაინტერესდა და მინისტრს კითხვით მიმართა - რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის შეტანა.

უმრავლესობის გაღიზიანება გოცირიძის აღნიშნულ კითხვას მოჰყვა და სწორედ ამის გამო მას მოღალატე უწოდეს.

"დაანებეთ ამ ქვეყანას თავი. ქვეყნის მტრობას შეეშვი!“ - მიმართა გოცირიძეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, კი აღნიშნეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის გამოძიება.

"საზღვარი აქვს ყველაფერს. ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე! თქვი, რომ ხარ აგენტი!“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გოცირიძის მისამართით.

უმრავლესობის წევრებმა გოცირიძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია.

"პარლამენტის სხდომათა დარბაზში გავრცელდა დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ და ამ დეზინფორმაციის ავტორი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ამჟამად „ევროოპტიმისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი. ეს დეზინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, განზრახული და კოორდინირებული კამპანიაა, რომელსაც, სამწუხაროდ, სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალები აწარმოებენ უკვე დიდი ხანია ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დაზიანება და რეპუტაციის შელახვა. როცა ამას აკეთებენ უცხოელები, გასაგებია. ხედავთ, რომ მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს. უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებები ევრონესტში დღესაც იყო. მან საქართველოს სამარცხვინოდ დააბრალა რაღაცები. ასეთი უმადურობებიც ხდება, სამწუხაროდ, ამას ჩვენ შეგუებულები ვართ.

ჩვენ ეს გვესმის ასევე ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა. შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, „დროას“ და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს. არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მილიონების დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია. ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ NGO-ებს აქვთ.

და ბოლოს მივედით იქამდე, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით. ყველაფერი გასაგებია, პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება. ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი, რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა. ყველაფერს აქვს ზღვარი! როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესების, ამას არ დავუშვებთ!“- მიმართა შალვა პაპუაშვილმა გოცირიძეს.