ავტორი:

ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?

ისრაელში საქართველოდან გენეტიკურად დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ - რა დაადგინეს ისრაელელმა გამომძიებლებმა და რას აცხადებენ ტრანსნაციონალურ დანაშაულზე საქართველოს პროკურატურაში?

ჯანდაცვის სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის თაღლითობის სამმართველოს ერთობლივმა ერთთვიანმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ თელ-ავივის ინ ვიტრო განაყოფიერების ორი კლინიკის თანამშრომლებმა საქართველოდან ჰემოფილიით დაავადებული განაყოფიერებული უჯრედები ჩაიტანეს.

სავარაუდოდ, თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ემბრიონები დაავადებული იყო, თუმცა მაინც განახორციელეს მათი იმპლანტირება იმ ებრაელ პაციენტ ქალებში, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავდნენ.

ებრაული მედიის ვნობით, სავარაუდო თაღლითობასა და მსგავსი დანაშაულებისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი ემბრიოლოგია და კერძო საავადმყოფოში განყოფილების უფროსია. მეორე დაკავებული პროფესორია და თელ-ავივში ნაყოფიერების კერძო კლინიკის მფლობელია. ჯანდაცვის სამინისტრო დამნაშავეებისა კლინიკის სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ საქმის განხილვა შიდა გამოძიებით დაიწყეს. სამინისტრომ ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, რომ ჰემოფილია B-ს გენეტიკური მუტაციის მატარებელი დონორის კვერცხუჯრედები საქართველოს ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში გაანაყოფიერეს და შემდეგ ისრაელში შეიტანეს.

  • ჰემოფილია B არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ჩვეულებრივზე მეტხანს უგრძელდება სისხლდენა. საშიში და სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა შესაძლოა შინაგანად მოხდეს - სახსრებში ან კუნთებში, ან გარედან, მცირე ჭრილობების, სტომატოლოგიური პროცედურების, ტრავმის ან ქირურგიული ჩარევის შედეგად.

სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ საქმეში ჩართულმა პირებმა, საქართველოშიც და ისრაელშიც, იცოდნენ, რომ ემბრიონები დაავადების მატარებლები იქნებოდნენ. Times Of Israel-ის ცნობით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს კლინიკიდან განაყოფიერებული კვერცხუჯრედების იმპორტის დაუყოვნებლივ შეჩერების ბრძანება გასცა.

ებრაული მედიის ცნობით, ამ დრომდე უკვე ოთხმა ებრაელმა ქალმა შეიტანა ოფიციალური საჩივარი პოლიციაში. მომჩივანთაგან ერთმა ჰემოფილიით დაავადებული ბავშვი გააჩინა, მეორეს კი 20 კვირის ორსულს მოეშალა მუცელი.

  • აღნიშნულ თემაზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის, დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა