ძალიან ხშირად მოისმენთ თეატრის მოყვარულისგან, რომ ეს ის თეატრი აღარ არის რითაც ასე ვამაყობდით ქართველი მაყურებელი. კინო კინოს აღარ ჰგავს და სპექტაკლი სპექტაკლს. და რამდენჯერაც გავიგებ ამ განცხადებას თუ არგუმენტს იმდენჯერ მინდა ხოლმე დავუჯდე და დავუმტკიცო რომ არ შეესაბამება ეს გოდება რეალობას. ასეც ვიქცევი ხოლმე და ყოველთვის გამარჯვებული გამოვდივარ ამ კამათიდან. იმიტომ რომ ფაქტებით ვარ შეიარაღებული. უამრავი ნათელი წერტილი გვაქვს როგორც კინოში ასევე თეატრში. მეტიც, ნამდვილი ვარსკვლავები გვყავს მაგალითად თეატრში. მსოფლიოს ნებისმიერ სცენას რომ დაამშვენებდა მათი სპექტაკლები, სწორედ ისეთები. გიორგი წითური სწორედ ის რეჟისორია რომელიც მუდმივ ძიებაშია და არასოდეს იცი შუქი რომ ქრება დარბაზში რა გელოდება წინ, ანუ სცენაზე. ძიებაც არის და ძიებაც. იშვიათია ასე არ გიცრუვდებოდეს იმედები და ყოველთვის სავსე გამოდიოდე სპექტაკლიდან ქუჩაში. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად კი მომიწია მისი რამდენიმე მეგობრის შეწუხება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩავწერე და ისეთივე აღფრთოვანებული დავრჩი მისი საუბრის მანერით, როგორც სპექტაკლებით ვიყავი აქამდე.
- თქვენი ბოლო სპექტაკლის ნახვის შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება რომ სცენისა და მაყურებლის შორის ზღვარი წაიშალა (ბერტოლ ბრეხტი - ბაალი) თითქოს ერთი საერთო სივრცე შეიქმნა, სადაც მაყურებელიც და არტისტიც რაღაც ერთის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს თავისთავად მოხდა, თუ თქვენი ჩანაფიქრი იყო.
- არ მოგატყუებთ, თავიდანვე მქონდა გათვლა ეს არსებული ზღვარი წაშლილი ყოფილიყო. მსურდა მაყურებელი სანახაობის მონაწილე გამხდარიყო. ჩართულიყო პროცესში და ემოციურად იგივე ეგრძნო, რასაც სცენაზე მყოფი არტისტები განიცდიდნენ. როცა ეს აზრი გამიჩნდა ამ კონკრეტულ პიესასა და დადგმაზე ფიქრისას დავიწყე ტექნიკური ხერხებს ძიება. არ მიყვარს საცირკო ნომრებით მაყურებლის ასე ვთქვათ დაბმა და მინდოდა საკუთარ თავზე აღებული ეს მისია ისე შემესრულებინა, რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ დიდ ხანს ყოფილო ეს ყოველივე განსჯის საბაბი. რადგანაც თქვენ მეუბნებით, რომ ამ ზღვრის არ არსებობა იგრძენით, მისია შემისრულებია.

- კონკრეტული ხერხი, როცა მაყურებელი მონაწილე ხდება სპექტაკლის, თქვენ აქამდეც ჰქონიათ ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში, შეიძლება ითქვას რომ თქვენ დროის განმავლობაში უბრალოდ გაუმჯობესეთ ხერხი და იგი ერთგვარ სრულყოფილებამდე მიიყვანეთ.
- მგონი სრულყოფილებამდე ჯერ ბევრი გვიკლია. ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით. ნინო ხარატიშვილის პიესა პირდაპირ იძლეოდა შესაძლებლობას არსებული ზღვარი წაშლილიყო, ეს ერთგვარი მოცემულობაც კი იყო. აი ბრეხტთან კი ვერ ვიტყოდი რომ ეს 0პიესის დედა აზრი იყო. უბრალოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი. მინდოდა მინდოდა ერთგვარი პასუხისმგებლობა დამეკისრებინა მათთვის, სპექტაკლში თამაშის პასუხისმგებლობა. მაინტერესებდა როლს როგორ მოირგებდნენ. ეს ერთგვარი ხერხი იყო, გაგვეხსნა პიესა, მიმეცა მისთვის ახალი სუნთქვის საშუალება. თუმცა სადღაც მართალი ხართ, იმ ექსპერიმენტის გარეშე, სავარაუდოდ ახალ სპექტაკლში ამას ვერ გავბედავ.
- დარწმუნებული ვარ მსახიობებისთვის ახალი ხილი იყო, მაყურებელთან ასე, ერთად მუშაობა. ალბათ გაუჭირდათ ახალი რეალობის აღქმა.
- მათ უნდა კითხოთ. ჩემი აზრით დღეს თეატრში, ექსპერიმენტების გარეშე მუშაობას აზრი არ აქვს. ვცდილობ ისეთი არტისტები ავიყვანო, ვისაც სურს ამ ექსპერიმენტებზე, უფრო სწორად რისკზე წამოსვლა. ჩემთვის ამ კონკრეტული სპექტაკლით ახალი ეტაპი დაიწყო სცენაზე და იმედი მაქვს მოვახერხე, მაგათთვისაც რაღაც გამეღო ეს ფანჯარა. ერთი რამით ნამდვილად შემიძლია ვიყო კმაყოფილი - მე და არტისტებს შორის არაფორმალური შეთანხმება თავიდანვე არსებობდა, რომ მაყურებელთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ და ნაწილობრივ დამოკიდებული იქნებოდა მათზე. რისკი იქნებოდა რომ დისკომფორტი ჰქონოდათ. ამიტომ ოდნავ მაინც თუ გაუჩნდებოდათ ეს შეგრძნება დროულად უნდა დაეტოვებინათ რეპეტიციები. დიახ უარი უნდა ეთქვათ. არ მიყვარს ჩანაფიქრის შუა გზაზე მიტოვება. რასაც ვიწყებ მიმყავს ბოლომდე. ისე ხელს არ ვკიდებ. შეიძლება ერთგვარი ავანტიურა იყოს მაგრამ მაგასაც მოვუფრთხილდები და მივიყვან ბოლომდე. ცუდი შვილიც, შვილია. მშობელმა ისიც უნდა დააყენო გზაზე.
- მესმის. არა უფრო სწორად ბოლომდე არ მესმის, მაგრამ იმ იმ ხალხს თუ დავუჯერებთ ვინც პრემიერის შემდეგ თეატრის ლობიში დგას ხოლმე და დიდ ხანს საუბრობს - თქვენმა ამ ავანტიურამ ბრწყინვალედ ჩაიარა. არ იშურებდნენ კომპლიმენტებს. არა და მოგეხსენებათ ბრეხტს ჩვენთან ყოველთვის ცალ წარბ აწეულები აფასებენ ხოლმე. ისევ მას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? ანუ ისევ ბრეხტი? სად გაგრძელდება ექსპერიმენტები ანუ? რაზე მუშაობთ ან რა ეტაპზე ხართ?
- სწორედ აღნიშნეთ ავტორზე. ქართულ თეატრში ბრეხტის ტრადიცია ფესვგამდგარი და ლამის საუკუნოვანია. სწორედ ამიტომ შევარჩიე ექსპერიმენტისთვის. იმის გარდა რომ დარბაზში მაყურებლის უშუალოდ ჩართვა მინდოდა სპექტაკლში, ამასთანავე მინდოდა გამომეწვია პროფესიული წრეც. ექსპერიმენტებს დღეს არავინ ერიდება მაგრამ მთავარია რას ამბობ ამ ექსპერიმენტიც, არა? თავდაყირა ყველაფერს დააყენებ კაცი მთავარია ეს რას მოგცემს ან რაზე დაგაფიქრებს. ძალიან სასიამოვნოა კოლეგების ან კრიტიკოსების კომპლიმენტები. უფრო კი მაყურებლის ხანგრძლივი და გულმხურვალე ტაში. რაც შეეხება ჩვენს ბრეხტს. არ არის აუცილებლად ისევ მას მივმართო. თუმცა დიახ, ვაღიარებ რომ ძალიან მიყვარს. გაგიკვირდებათ და ამჟამად სულ სხვა დრამატურგისკენ მიმიწევს გული. რა თქმა უნდა ექსპერიმენტები არ შეწყდება, უბრალოდ ისინი ვიზუალურად ცოტა სხვანაირ დატვირთვას შეიძენენ. უფრო მეორე ხარისხოვანი მინდა გავხადო სიტყვა, და ყველაფერი არტისტის პლასტიკას ან თუნდაც მიმიკას მოვარგო. ვფიქრობ ჩემთვის შემდეგ ეტაპი კარლო გოცის პიესების გადმოტანაა თანამედროვეობაში. ნიღბების სამყარო 21 -ე საუკუნეში.
- საინტერესოდ ჟღერს, მითუმეტეს ქართულ თეატრს ბრეხტის არ იყოს გოცისთანაც არა ერთი ისტორია აკავშირებს.
- კი ბატონო. სწორედ ამიტომ მასალას უფრო დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ და ისეთ პლასტებში არ გადავიდეთ, რასაც მაყურებელი არ გვაპატიებს. თქვენი აზრით მნიშვნელოვანია მაყურებელი გაპატიებთ თუ არა . მიზნად არასდროს მქონია მაყურებელი სპეციალურად შოკში ჩაგდება. არ მგონია რომ სწორი გზაა ეს სპექტაკლის წარმატებისთვის. ამჟამად ჩემთვის მასთან მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასზე მაღლა ყოფნა და მისი ემოციებზე თამაშით მართვა. ვერ გეტყვით რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ჩემი გათვლა სწორედ რომ ეს მეგობრობაა.
- არადა მახსენდება თქვენი ბიოგრაფიიდან სპექტაკლები, როცა მაყურებელი თეატრიდან შოკირებული გამოდიოდა.
- ახალგაზრდა ვიყავი (იცინის)
- როგორი იქნება ბერტოლდ ბრეხტიდან კარლო გოციზე გადახტომა დასისთვის.
- მარტივი კი იცით რაც არის (იცინის). ისე კი რატომ უნდა იყოს რთული? პირიქით მსახიობები მოხარულები არიან, რომ თეატრში ‘ძველი’ სპექტაკლები ახალი იდეებით სულ სხვაგვარად იქნება. ვფიქრობ ძალიან კარგად გამოგვდის და ამის შესახებ მაყურებლის რეაქცია ყოველ ჯერზე გვამცნობს. ვერ გეტყვით რომ სცენაზე გასვლა მიყვარს სპექტაკლის შემდეგ. გეცოდინებათ რომ არც ფოტოები მიყვარს, არ ვარ სოციალური კაცი, მაგრამ ტაშის ხმა. ოოოოო, ჯადოსნურია!
- საკმაოდ რთულია თქვენს სპექტაკლებზე დარბაზში ცარიელი ადგილის პოვნა, ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ მაყურებელი მოგყვებათ. პასუხისმგებლობა არ გაშინებთ?
- მაშინებს ის რომ შემთხვევით, საკუთარ თავთან მტყუანი არ აღმოჩნდე. სადღაც რეალობის აღქმა არ დავკარგო. ვფიქრობ ჯერ-ჯერობით ვუმკლავდები. როგორც კი შევატყობ, რომ ვმეორდები და მაყურებელს ვერაფერ ახალს ვერ ვთავაზობ, მერწმუნეთ მინიმუმ პაუზას მაინც ავიღებ. იდეები ბევრი მაქვს მთავარი ამ იდეების განხორციელების საშუალება მომეცეს. როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური.

- იმედია პაუზის აღების შანსი არ მოგეცემათ . ასევე მინდა გკითხოთ ბავშვებთან გაწეულ სამუშაოზე, ამ კითხვას გვერდს ვერ ავუვლიდი. ძალიან ცოტა რეჟისორი მუშაობს დღეს ბავშვებთან. ვგულისხმობ იმ რეჟისორებს ვინც უფროსებთანაც მუშაობს. გამოგიტყდებით და არავინ მეგულება ასე გულმხურვალედ ბავშვებთან პიესებზე მომუშავე. ამდენი კარგი არც არავის სპექტაკლზე თქმულა რაც თქვენს საბავშვო წარმოდგენებზე ითქვა და არ არის ეს პირველი შემთხვევა როცა ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა გხიბლავთ. რასთან გვაქვს საქმე?
- ერთგვარი ენერგიის მარაგის შევსებაა, თუ ზრუნვა იმაზე რომ ქართული თეატრის მიმართ ინტერესი ახალ თაობაში არ ჩაქრეს? საბოლოო ჯამში ალბათ უფრო ეგოისტური სურვილია ახლი ენერგიით დავიტენო, მაჯის ცემა ზუსტად მესმოდეს, ვგრძნობდე რა სურთ ან მოსწონთ ბავშვებს თუ ახალგაზრდებს. რისკენ მიისწრაფვიან, რა უნდათ თეატრში. ვუყურებ ახალ თაობას და გეფიცებით ვფიქრობ მართლა უკეთესები არიან, ასი თავით უკეთესები, ვიდრე ჩვენ მათ ასაკში ვიყავით. პირველ რიგში უფრო ადვილად იღებენ ინფორმაციას და ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ მაინც გაცილებით მარტივად ფილტრავენ ამ ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ, მათი ახალი თეატრი, მართლაც ახალი იქნება. ისინი ისეთ რამეს მოიფიქრებენ, რისი ძალაც ჩვენ ფიზიკურად არ გაგვაჩნია. ამიტომ მსურს მათთან ახლოს ვიყო და მათთან ვიმუშაო. ზრდასრული არტისტი რაზეც წამოგყვები ბავშვი შეიძლება არ გამოგყვეს იმაზე. ეს მისი ინსტინქტია, არ უსწავლია არსად როგორ ითამაშოს. შეიძლება ისეთი შრე დაგანახოს რეპეტიციაზე მოზარდმა რაზეც არ გიფიქრია რეჟისორს მაშინ როდესაც იდეებს ატარებდი ფილტრებში. ფიქრობდი პიესაზე, თავში კინძავდი სცენებს. როდესაც პირველად ვუხსნი ხოლმე დავალებას და ვაძლევ მითითებებს, ყოველთვის ვაკვირდები მათ რეაქციას. ეს მკარნახობს ხოლმე სცენაზე მუშაობის რიტმს.
- ვიცი რომ საზღვარგარეთიდან, კონკრეტულად გერმანიიდან ისევ გაქვთ მოწვევა. არსებობს უკვე კონკრეტული პიესა, თუ ჯერ მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე ხართ?
- გერმანიაში სისტემა ცოტა სხვანაირად არის აწყობილი და აქ ნამუშევარ რეჟისორს ცოტა არ იყოს უჭირს ხოლმე იქაურთან მორგება. საბედნიეროდ მაქვს გამოცდილება, მიმუშავია საზღვარგარეთ და ვიცი ეს ბევრ დროს წაიღებს. ანუ ჩვენგან განსხვავებით ისინი დიდ ხანს გეგმავენ და ყველა დეტალს ითვალისწინებენ. ამაში მიდის თვეები, ხანდახან მთელი წელიც, სამაგიეროდ მერე ყველაფერი მომზადებული გაქვს და ჰოპ ჰოპ და სცენაზე ხარ უკვე. მერწმუნეთ კარლო გოცის არაფერი ემუქრება. არ მინდა წინასწარ დეტალებზე საუბარი, მხოლოდ ერთს გეტყვით, მოლაპარაკება გვაქვს საკმაოდ ცნობილ პიესაზე.
- ანუ საქმე აღიარებულ კლასიკოსთან გვექნება? დარწმუნებული ვარ ექსპერიმენტებით იქაც გაგვახარებთ.
- მოდით ექსპერიმენტები ჯერ კარლო გოცისთვის შემოვინახოთ (იცინის), აი გერმანიაზე კი გარკვეული დროის შემდეგ შევხდეთ და შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ.
ავტორი: მარი დევნოზაშვილი
R