ავტორი:

ბავშებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია - გიორგი წითური წარმატების ფორმულით კულისებიდან

ბავშებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია - გიორგი წითური წარმატების ფორმულით კულისებიდან

რეჟისორები და განსაკუთრებით თეატრის რეჟისორები სწორედ იმით განსხვავდებიან სხვა დარგის ასე ვთქვათ ვარსკვლავებისგან, რომ მათ არ აქვთ საჯარო ცხოვრება. მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდები ჩვენი ‘უბრალო მოკვდავების“ ყოველდღიურობისგან და ალბათ ამიტომ არის რომ ხანდახან მათ შეიძლება პურის საცხობის რიგში შეხვდეთ. ან საერთოდ ვერ იცნოთ ისე ჩაგიარონ გვერდით მისივე სპექტაკლის შემდეგ. თუ კონკრეტულად არ ხარ შეპყრობილი ამ საოცარი ხელოვნების დარგით, რასაც თეატრი ჰქვია და ცდილობ არაფერი გამოგეპაროს რაც სცენაზე თუ მის მიღმა, კულისებში ხდება. თითქოს მიუზიკლები ‘ძალიან ჩვენია’, მაგრამ დავფიქრდი, ჩამოთვლა დავიწყე და ერთი ხელი ჰო, მაგრამ მეორე ხელის თითებზე რომ გადავედი ვერც კი ავავსე ათამდე. ნუ რაც გამახსენდა. ინტერვიუს წერა ტყუილად არ დავიწყე თეატრის რეჟისორების ასე ვთქვათ დამალული და არასაჯარო ცხოვრების წესით. რეჟისორ გიორგი წითურს ტელევიზიის თამბაქოს მოსაწევ ზონაში გადავეყარე. ვიცოდი იქ მუშაობდა და შემორბენით არ იქნებოდა. რაღაცას წერდა და იმხელა საფერფლე მოედგა მაგიდასთან მივხვდი 2 წუთის შემოსული არ იყო და კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა. იმდენად იშვიათად გვიწევს თეატრზე წერა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მივედი თავი შევახსენე და ვთხოვე პატარა ინტერვიუ მოეცა. ღიმილი თანხმობად მივიღე და პირდაპირ საქმეს შევუდექი

- გიორგი რატომ სარტრი, მიუზიკლები და შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად ბრეხტი?

- რატომაც არა (იცინის). სერიოზული პასუხი თუ გინდათ - გამიჩნდა ინტერესი საკუთარი თავისთვის ერთ დროს დაწესებული ზღვარი მომესინჯა. სარტრზე მუშაობის დროს პირველ რიგში მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა ჩემი სათქმელი მაყურებლისთვის ისე მომეტანა, რომ ავტორთან გვერდიგვერდ რეჟისორი არ დაკარგულიყო. მოგეხსენებათ სარტრს მასთან თამაში არ უყვარს, მე კი გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ზუსტად მასთან თამაშში ვცდილობდი მეპოვა ის გასაღები, რასაც ავტორი თავისუფლებას უწოდებს. რაც შეეხება ბრეხტს, აქ სულ სხვა რამ გახლდათ, ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი - მაყურებელი გამეხადა პროცესის ნაწილი. მათთვის ამეკიდა პასუხისმგებლობა სპექტაკლში მონაწილეობის. მოეწონებოდა სპექტაკლი? კმაყოფილი იქნებოდა თავისი თავით. არ მოეწონებოდა? ეფიქრა - სად დაუშვა შეცდომა და საკმარისად არ ჩაერთო პროცესში. რადგანაც სპექტაკლი ამჟამადაც წარმატებით მიდის სცენაზე, ჩავთვალოთ რომ გამოვიდა და თანაც კარგად გამოვიდა. ოლივერსა და მუსიკის ჰანგებზეც გაინტერესებთ ჰო? ეს ალბათ ჩემი მხრიდან ყველაფერზე უარის თქმა და ახალი ფურცლის გადაშლის, როგორც ახალ სამყაროში შესვლის ერთგვარი მცდელობა გახლდათ.

- რატომ მცდელობა, სპექტაკლი (მუსიკის ჰანგები) ისეთი პოპულარობით სარგებლობს, ის არა მხოლოდ მარტვილიდან მარჯანიშვილს სცენაზე გადმოვიდა, არამედ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზეც კი მიიწვიეს. სახუმარო ნამდვილად არ არის ისეთი ვარსკვლავების გვერდით როგორიც მაგალითად ბენედიქტ ქამბერბიჩი და ჯონ მალკოვიჩია შენი აფიშა რომ არის გამოკრული. ამ დროს 9 თუ 11 წლის რომ ხარ და დილით დედამ ძალით გაჭამა კარაქიანი პური.

- (გულიანად იცინის) ჰოო წარმატებას ველოდი, მაგრამ ასეთს არა. ძალიან ბევრი გავიღე მე ამ მიუზიკლებისთვის. ენერგია იმდენი წაიღო ალბათ 10 სპექტაკლს გავაკეთებდი უფროსებისთვის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუკარგავ ბავშვებს მათ დამსახურებას. იმდენივე გაიღეს რამდენიც მე. მათი მონდომების გარეშე გამორიცხული იქნებოდა ამ წარმატების მიღწევა. მუსიკას საოცარი უნარი აქვს გამღეროს ისე თითქოს მთელი ცხოვრება მის ენაზე მეტყველებ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ შევძელი ამეხსნა მათთვის რას ნიშნავდა თავად პიესის გმირებისთვის სიმღერა. რომ ეს იყო თავისუფლების ღია ფანჯარა, რომელიც მიცემდა მათ შესაძლებლობას გადარჩენილიყვნენ. მინდოდა ეგრძნოთ რომ პრინციპში არაფერი შეიცვალა - რომ დღეს ისინი თითქოს მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობენ და მსოფლიო თითქოს დალაგდა, მაგრამ მაინც სწორედ ეს მიუზიკლი და ეს მუსიკა შეიძლება გამხდარიყო მათთვის ისევ ის ფანჯარა. ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ღია, ნათელი, თავისუფალი. რომ აქ საკუთარი ნიჭის, შრომისმოყვარეობის და მთელი ემოციური ინვესტიციის ჩადება მოუტანდა მათ უდიდეს წარმატებას. რომ უნდა ერწმუნათ ჩემი და მივყოლოდით დასახულ გეგმას და რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით. და აჰა, შეხედეთ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის აფიშებს. სად გამოიჭიმნენ (იცინის)

- მათთან მუშაობა როგორი იყო, არის განსხვავება იმუშაო ზრდასრულ არტისტებთან თუნდაც სარტრზე და გააკეთო ოლივერი ბავშვებთან?

- პირველ რიგში მე მათთან როგორც ბავშვებთან არ ვმუშაობდი. მათ ეს პირველივე დღეს ავუხსენი. იცოდნენ არ არსებობს ასაკობრივი დისტანცია. არსებობს მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა. მე ვარ რეჟისორი და ისინი არტისტები. ალბათ ზუსტად ამიტომ გამომყვნენ ბოლომდე და ალბათ ამიტომ დამიკვეთეს მეორე სპექტაკლიც. რომელიც თავდაპირველად არ იყო დაგეგმილი. რა თქმა უნდა მუშაობის პროცესში არის განსხვავებული მიდგომები, რასაც ზრდასრულ ადამიანს ეტყვი იმას ვერ ეტყვი ბავშვს. საჭირო ლექსიკის კონტროლი (იცინის), ქცევის და ათასი სხვა დეტალია. თუმცა რომ გითხრათ რაღაც რადიკალურად სხვა ხდება რეპეტიციაზე, მოგატყუებთ. მე ჩემი გზა ვიპოვე პიესაზე მუშაობის. როგორც წიგნის წერისას. მოფიქრებული მაქვს ხოლმე დასაწყისი და დასასრული. შემდეგ კი ვჭრი თარგს და სხეულზე ყველა ნაწილს თავის ადგილს ვუჩენ. არ მიყვარს გადატვირთული სამოსი, მაგრამ ძალიან მიყვარს დეტალები. ჩემი სპექტაკლებიც გამოირჩევა ხოლმე დეტალების ციმციმით. ბავშვებთანაც იგივე მეთოდს მივყევი. ამიტომ გეუბნებით რომ ჩემთვის მუშაობის პროცესი ასაკობრივი შემადგენლობის გათვალისწინებით, ძალიანაც არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

- დიახ, სწორედ ამ დეტალებისთვის გაფასებთ ყველა გიორგი. ამიტომაც მოხვდა სპექტაკლი ფესტივალის პროგრამაში. ფსიქოლოგიურად ან ემოციურად როგორ იმოქმედა ბავშვებზე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობამ? შეამჩნიეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქმისადმი, ან თუნდაც ნერვიულობა?

- არა. მერწმუნეთ ისინი ბევრად უფრო დიდი პროფესიონალები არიან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თავიდან გაკვირვებულიც კი ვიყავი მათი სიმამაცით, მაგრამ შევეჩვიე უკვე. მომავალში თუ კიდევ ვიმუშავე მათთან მეტს მოვთხოვ. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მოწვევა რომ მივიღეთ, თავდაპირველად ვიფიქრე ეს დიდი წნეხი იქნებოდა. შესაძლოა იმოქმედა კიდეც, უბრალოდ მათ ეს როგორ პროფესიონალებმა გადალახეს. ვერ ვიტყვი საკუთარი გრძნობები არ გამოამჟღავნეს მეთქი, მაგრამ ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ. არ მინდოდა წყალში ჩაყრილიყო ან ჩემი შრომა და ან მათი ნიჭი. თანაც ამდენი თვის შრომა... მერწმუნეთ არ იყო მარტივი ლოგისტიკა. უბრალოდ გავჯიუტდი და ბოლომდე მივიყვანე ჯერ ერთი სპექტაკლი და შემდეგ მეორე. ფესტივალი იყო გვირგვინი. მათზე ბევრად ბედნიერი ვიყავი. ამაზე უფრო არაფერი გამიხარდებოდა ალბათ. დიდებთან 1 წუთითაც არ ვნერვიულობ. აქ ვღელავდი. მგონი მათზე მეტად.

- არის თუ არა გეგმაში მათთან სხვა პიესებზე მუშაობა, არა მიუზიკლებზე ანუ. ვთქვათ არის თუ არა მცდელობა იმის რომ ბავშვებთან ერთად კლასიკური პიესა ვიხილოთ სცენაზე?

- სურვილი ნამდვილად არის და პირველ რიგში მათ სურთ ეს. ვერ ვიტყვი რომ ამჟამად რამეზე ვმუშაობთ. ფესტივალის შემდეგ ერთად არ გვიმუშავია. უფროსებს დავუბრუნდი. რაც შეეხება მათ მზად ყოფნას, მერწმუნეთ ისინი ყოველ ახალ გამოწვევას თავაწეული შეხდებიან.

- თქვენს გეგმებზე რომ გკითხოთ, ვიცი საბავშვო ფესტივალზე საინტერესო ვორქშოფები გქონდათ მაგრამ თეატრს რაც შეეხება როგორც ვიცი დროებით შეჩერებულია კარლო გოცის პიესების მიხედვით სპექტაკლზე მუშაობა. რა არის ამის კონკრეტული მიზეზი.

- ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობა. აქტიური და შემეცნებითი გაკვეთილები გვქონდა და უამრავი ბავშვი დაესწრო. მათ ბევრი შეიტყვეს თეატრის, მიუზიკლებისა და ზოგადად ადამიანის ცხოვრებაში ხელოვნების გავლენის შესახებ. ფესტივალის პრიზიც მერგო და ძალიან ვამაყობ ამით. რაც შეეხება სპექტაკლზე მუშაობის შეჩერებას, სუფთა ტექნიკური მიზეზების გამო ჩავთვალე, რომ პაუზა იყო საჭირო. ერთ მხრივ მიხარია, იმიტომ რომ დავიწყე ფიქრი ბავშვებთან მუშაობის გაგრძელებაზე. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო რომ არც კარლო გოცი მიშვებს ხელს. უახლოეს მომავალში რეპეტიციები კალაპოტს დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს.

- იყო თუ არა არსებული პაუზა თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

- ვხვდები საითკენ მიგყავთ საუბარი (იცინის), მერწმუნეთ კონფლიქტი არ არსებობს. მე მჭირდება თეატრის მზაობა რომ სცენის ტექნიკური ბაზა უპასუხებს ჩემს გეგმებს. შეთანხმება ასეთი იყო და ამას არავინ უარყოფს. პირიქით ყველა ცდილობს შეასრულოს დადებული პირობა. პაუზის აღება ჩემი გადაწყვეტილება გახლდათ. მივიჩნიე რომ რამდენიმე თვიანი პაუზა სპექტაკლს უფრო მეტს შესძენდა. ასე ვთქვათ უფრო დასვენებული თავებით დავუბრუნდებით რეპეტიციებს. და იმაზე უფრო მალე ვიდრე თქვენ ამას წარმოიდგენთ.

- ნამდვილად სასიხარულო ამბავია, თუმცა როგორც ვატყობ ბავშვებთან დაშორებასაც არ აპირებთ.

- არავითარ შემთხვევაში. მეტიც, მაქვს იდეა რამდენიმე ახალგაზრდა არტისტი თეატრში მოვიწვიო და გოცის პიესაში პატარა, თუმცა საკვანძო როლებში დავაკავო. დარწმუნებული ვარ გამოცდილ მსახიობებთან მუშაობა მათ არ გაუჭირდებათ. თვითონ ახალგაზრდა არტისტებმა როგორ მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია. თავიდან ვერ დაიჯერეს, შემდეგ კი როცა დაიჯერეს ცოტა თავი მეტკინა. ამდენი კითხვის დასმას ზრდასრული არტისტი როგორ იკადრებს? (იცინის) ესენი კი არ ჩერდებიან. სწორედ ეს მავსებს ხოლმე ენერგიით და ახალი იდეებით. ზოგი კითხვა იმდენად პროფესიონალურად იყო დასმული, ცოტა არ იყოს შევცბი კიდეც. წარმატების გარდა სხვა რა უნდა ვუსურვო მომავალ თაობას? ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ეს არის საოცრად ძლიერი და თავისუფალი თაობა. მერწმუნეთ ჩვენ მათი გამბედაობის ნახევარიც არ გაგვაჩნდა, რის გამოც მათი მადლიერიც ვარ და იმედიც მაქვს. მათი ენერგია არის გადამდები და მმუხტავს. მინდა მათი დახმარებით ქართულ თეატრში ახალი ერა დაიწყოს. დაწყებულია კიდევ. ფესტივალზეც სწორედ ამიტომ მიგვიწვიეს. ძალიან მიხარია რომ ამის უშუალო მონაწილე ვარ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

ავტორი: თუთა ომანიძე

R