ავტორი:

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

საზონოვისა და მექვაბიშვილის გარეშე? - სანიოლის მოულოდნელი გადაწყვეტილება დიდი მატჩის დაწყებამდე: როგორია მთავარი მწვრთნელის გეგმა?

დღეს სრულიად ქართული საზოგადოების ყურადღება დინამო არენასკენ იქნება მიმართული, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

  • გამარჯვების შემთხვევაში, ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ქართველი გულშემატკივრებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო სანიოლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ცენტრალური მცველი საბა საზონოვი და საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.

უეფას ოფიციალური საიტის თანახმად, საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი.

ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.

ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, ამის გარეშე დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ფეხბურთელებს ვთხოვე კონცენტრირდნენ იმაზე, თუ რა დავალებები უნდა შეასრულონ მოედანზე. მნიშვნელოვანი თამაში გველის. თუ ვითამაშებთ გონივრულად, სწორი სულისკვეთებით და იმ მოტივაციით, რომელიც არ გვაკლია, წარმატების შანსს გავიზრდით. მაღალი დონის მოთამაშეები მრავლად გვყავს, თუმცა მთავარი, ამ შემთხვევაში, გონივრული თამაშია.

მოკლე შეკრება გვქონდა, საკლუბო მატჩების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა. მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, თუმცა სანაკრებო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას მიჩვეულები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მატჩია, მზადების გეგმა არ შეგვიცვლია, რადგან ფეხბურთელებს სჭირდებათ სტაბილური მოსამზადებელი გეგმა. თითოეულმა მოთამაშემ იცის, თუ როგორ უნდა მოემზადოს თამაშისთვის და მზადების პროცესში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას ვერ ვხედავთ.

სტაფთან ერთად ლუქსემბურგი კარგად შევისწავლეთ. ვიცით ყველაფერი, რაც გასული 12 თვის განმავლობაში გააკეთეს. თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ყველაზე დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობა იქნება. ლუქსემბურგი კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდია და მნიშვნელოვანია, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების მომზადებით. მნიშვნელოვანია, რომ არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები. კარგია, რომ ზივზივაძე და მიქაუტაძე მეტ სათამაშო პრაქტიკას იღებენ კლუბებში. ასევე, მოედანს დაუბრუნდა გიორგი ქოჩორაშვილი. ხვალ, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით კარგ ინდივიდუალურ და გუნდურ თამაშს ველი.

როგორც მწვრთნელი, მოუთმენლად ველი შეხვედრას. მწვრთნელები და მოთამაშეები მთელი კარიერის განმავლობაში, ყოველდღიურად, სწორედ ასეთი თამაშებისთვის და გამოწვევებისთვის ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფოკუსირებულები მთავარ მიზანზე. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელებს ვთხოვ, იმოქმედონ ჯერ გონებით და შემდეგ გულით და არა პირიქით".

წაიკითხეთ ასევე: