ავტორი:

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრული სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრული სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

თანამედროვე მედიცინაში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა არის მიღწევა, რომელსაც ტრანსფორმაციული ძალა აქვს და, რიგ შემთხვევებში, გადარჩენის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს. კლინიკური პროცედურა, რომელიც საზოგადოებაში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სახელით არის ცნობილი, სიცოცხლის მეორე შანსს სთავაზობს მათ, ვინც მძიმე ონკო-ჰემატოლოგიურ დაავადებებს ებრძვის.

საქართველოში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრი სერვისი უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრშია ხელმისაწვდომი. სერვისის დასანერგად მუშაობა ერთი წლის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვან კომპანია Max Healthcare-თან კოლაბორაციით მიმდინარეობდა. ქართველმა სპეციალისტებმა ცენტრის ხელმძღვანელთან, მაია ანანიაშვილთან ერთად რამდენიმეთვიანი გადამზადება ინდოეთში გაიარეს. განყოფილება ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და დასავლურ გაიდლაინებს ეფუძნება.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი, საუბრობს CMC-ის ჰემატოლოგი, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ანანიაშვილი.

პირველ რიგში, მკითხველს ავუხსნათ, რა არის ღეროვანი უჯრედი?

ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედი წარმოადგენს უჯრედს ძვლის ტვინში, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უნარი, წარმოქმნას სისხლის უჯრედები. სწორედ ღეროვანი უჯრედების გამრავლების, გაყოფისა და დიფერენცირების შედეგად წარმოიშობა ლეიკოციტები, ერითროციტები და თრომბოციტები.

როდის ხდება საჭირო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

გადანერგვის საჭიროება სხვადასხვა რეალობაში დგება. მათ შორის მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები წარუმატებელია ან დაავადების რეციდივის მაღალი რისკი არსებობს (ლეიკემია, ლიმფომა, მრავლობითი მიელომა ). გადანერგვაა საჭირო მაშინაც ისეთი თანდაყოლილი დაავადებების დროს, როგორიცაა: თალასემია, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თუმცა გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციის შესახებ სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით მიიღება და ითვალისწინებს პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, დაავადების ტიპს, რისკ ფაქტორებს და სხვა.

როგორც ვიცით, კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება აუტოგენური და ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ მიმდინარეობს პროცესი?

ღეროვანი უჯრედების აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია პაციენტისთვის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვას გულისხმობს, ალოგენური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისთვის კი დონორია საჭირო. ჩვენს ჰოსპიტალში ღეროვანი უჯრედების მოპოვება აფერეზის გზით ხორციელდება, რაც გულისხმობს მათ მიღებას პერიფერიული სისხლიდან. სპეციალური მედიკამენტური ინექციის მეშვეობით, ღეროვანი უჯრედები ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში მობილიზდება, რის შემდეგაც ხდება მათი მოგროვება და მიღებული უჯრედების დამუშავება სპეციფიკურ პირობებში შენახვის მიზნით. სწორედ ამ პროცესის შემდეგ ხდება პაციენტის მზადება ტრანსპლანტაციისთვის, რაც გულისხმობს სხივურ/ქიმიურ თერაპიას სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად. ბოლოს კი ღეროვანი უჯრედები პაციენტის ორგანიზმში კვლავ ინტრავენურად ხვდება და მრავლდება.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საკმაოდ რთული და კომბინირებული პროცესია და მრავალპროფილური პროფესიონალების ჩართვასთან ერთად, მოითხოვს განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურულ გარემოსა და სპეციფიკური სტანდარტებით შექმნილ იზოლირებულ სივრცეს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჰაერის ტემპერატურას, მის ხარისხსა და ტენიანობას, წნევის კოეფიციენტს, ჰაერის ფილტრაციას… გარემო პირობების კონტროლი უზრუნველყოფს ოპტიმალურ პირობებს ძვლის ტვინის წარმატებული ტრანსპლანტაციისთვის.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, კავკასიის მედიცინის ცენტრში უკვე 2 წარმატებული ტრანსპლანტაცია ჩატარდა...

დიახ, ჩვენი ცენტრი სულ 2 თვის წინ ამოქმედდა და უკვე 2 წარმატებული ტრანსპლანტაცია ჩატარდა. ორივე შემთხვევაში, განხორციელდა აუტოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და დღეს ორივე პაციენტი თავს კარგად გრძნობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსამზადებელი პერიოდი მსოფლიოს წამყვან კომპანია Max Healthcare-თან ერთად გავიარეთ და ჩვენი ინდოელი კოლეგებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პაციენტების მართვის საკითხში. უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობას საჭიროებისამებრ კვლავ განვაგრძობთ.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის თქმით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის მძლავრი სერვისის ხელმისაწვდომობა უწყვეტი სამედიცინო განვითარების ფარგლებში დანერგილი კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც ჰოსპიტალმა 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოფიციალურად წარადგინა:

„კავკასიის მედიცინის ცენტრი ამ 6 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მაღალი დონის მულტიპროფილურ რეფერალურ ჰოსპიტლად, რომელიც ფარავს სერვისების სრულ სპექტრს ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით. კლინიკის მთავარ მონაპოვარს წარმოადგენს ის უნიკალური გუნდი, რომელიც ამ წლების განმავლობაში გაერთიანდა საერთო მიზნის - პაციენტების ჯანმრთელობის გარშემო. შეიქმნა კონცეფცია - „უფრო მეტი, ვიდრე ჰოსპიტალი,” რამაც მოსახლეობას მისცა საშუალება, ჯანმრთელობის პრევენციიდან მკურნალობის ჩათვლით 1 სივრცეში მიიღოს სრული სერვისი. ჰოსპიტლის სტრატეგიული პრიორიტეტებია უწყვეტი განვითარებით და პროფესიონალიზმით ფოკუსირება პაციენტის კმაყოფილებაზე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის მიწოდებასა და საერთაშორისო სტანდარტებით ჰოსპიტლის მართვაზე,” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

R