ავტორი:

"ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი "ნაცი“ გახდა - ილია თოფურიას ღირსების ორდენი ფორმალურად უნდა გადასცეს" - მდინარაძე

"ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი "ნაცი“ გახდა - ილია თოფურიას ღირსების ორდენი ფორმალურად უნდა გადასცეს" - მდინარაძე

რატომ უნდა წავიდეს? - ახლა, მან [სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე - ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები და ის, რომ [ილია] თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მივა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპორტსმენ ილია თოფურიას ოფიციალურ მიღებაზე.

მისივე განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნეს წარდგინება ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენის გადაცემასთან დაკავშირებით.

"რატომ უნდა წავიდეს? სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. რიგითი რადიკალი "ნაცი“ გახდა. ის, სამწუხაროდ, კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და რაღაც ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის, ღირსების ორდენის გადაცემაზე. დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. არადა, კანონი რომ ვინმეს წაეკითხა, ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი. ამიტომ, ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა და მას არ შეეძლო. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა, რომ სდომებოდა წინა კვირას პირობითად, 100 კაცი რომ დააჯილდოვა და [ბაია] პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი, ნამდვილად. ახლა, მან [სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე. ხომ შეიძლება მარტივად. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები, არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ამ ადამიანებმა ხომ არ დაიწყეს პოლიტიკურ სპეკულაციებზე ფიქრი და საუბარი. მოუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ მიგვაჩნია საერთოდ რომ პრეზიდენტია. ზეპარტიული ამბავია და ეროვნული მიზნები და თანხმობა უნდა აღასრულო ისე, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. კიდევ პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და დაინახე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა, მოდი ჩემთან და ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო. მე გეუბნებით მისი ამბიციების ნაწილს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განმარტა, რატომ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენის მინიჭების თაობაზე წარდგინებით მაშინ, როდესაც მას "ფეიქ“ პრეზიდენტს უწოდებდნენ. პრემიერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია - ეს მისი ოფიციალური თანამდებობაა, ორდენის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი, სწორედ პრეზიდენტი იღებს. რაც შეეხება იმას, მივა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თოფურიას ოფიციალურ მიღებაზე, პრემიერი ამბობს, რომ დაპატიჟებულები არ არიან და ეს საკითხი არც განიხილება.

"ჩვენ იქ არც დაპატიჟებული ვართ და არც განიხილება ეს საკითხი. ამ დღეების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დანარჩენი ჩვენი საკითხი არაა“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სპორტსმენ ილია თოფურიას, დღეს, ორბელიანების სასახლეში დააჯილდოებს.