ავტორი:

შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"

შარმ-ელ-შეიხში 36 წლის რუსი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა - "ქალს ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა და სხეული წითელი ლაქებით დაეფარა"

რუსი ტურისტი ქალი, რომელიც დედასთან და შვილთან ერთად ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში ისვენებდა, გარდაიცვალა. ანასტასია ცუდად გახდომიდან 24 საათში დაიღუპა. პირველი სიმპტომებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალმა ფეხებში სისუსტე იგრძნო და მთელ სხეულზე მუქი ფერის ლაქები გაუჩნდა. ქალის დედა ირწმუნება, რომ სასტუმროს თანამშრომლებმა მისი ქალიშვილისთვის სასწრაფო დახმარება მანამ არ გამოიძახეს, სანამ გონება არ დაკარგა. სასტუმრო პირამისა ამტკიცებს, რომ ქალი ექიმმა გასინჯა და თავად ანასტასიას დედამ უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე.

  • 36 წლის ანასტასია ქალაქ სალავატიდან კურორტზე დედასთან და ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა. არდადეგებმა კარგად ჩაიარა და გაფრენამდე ბოლო დღეს, ოჯახმა სასტუმროში ისადილა. ბებიამ, დედამ და ქალიშვილმა ერთნაირი კერძები მიირთვეს. ლანჩის შემდეგ, ანასტასია მოულოდნელად ცუდად გახდა, ტემპერატურა 40 გრადუსამდე აეწია. იმ დროისთვის, როდესაც ადგილობრივ კლინიკას მიმართა, დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო.

კლინიკაში ქალს ნემსი გაუკეთეს და სიცხის დამწევი საშუალება დაალევინეს. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ, ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და სხეულზე მუქი ფერის ლაქები გაუჩნდა. მოგვიანებით ფეხებში გრძნობა სრულად დაკარგა.

ღამით რუსი ქალი შარმ ელ-შეიხის საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დილით სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში გულის გაჩერებით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქალი შვილთან ერთად

ორი ვერსია

რატომ არ მოათავსეს ტურისტი სიმპტომების გაჩენისთანავე კლინიკაში - არსებობს ორი განსხვავებული ვერსია.

რუსული მედია ანასტასიას დედაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალებმა სასტუმროს პერსონალს მიმართეს და სასწრაფო დახმარების გამოძახება სთხოვეს, როგორც კი დაავადების პირველი ნიშნები გამოჩნდა, რაზეც უარი უთხრეს და სთხოვეს, სასტუმროს ექიმებისთვის მიემართა.

მეორედ ქალებმა სასწრაფოს გამოძახება მაშინ ითხოვეს, როდესაც ანასტასიას სასტუმროს ნომერში უცნაური ლაქები გაუჩნდა და ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაეცა. სასტუმრო "პირამისას" თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, კვლავ უარი თქვეს სასწრაფოს გამოძახებაზე და ნომერში სასტუმროს ექიმი გამოიძახეს. ექიმი მალევე მივიდა ადგილზე და პაციენტი გასინჯვის მერე განაცხადა, რომ მუქი ლაქები მზისგან დამწვრობამ გამოიწვია.

სასწრაფო დახმარება მაშინ გამოიძახეს, როდესაც რუსმა ქალმა უკვე გონება დაკარგა.

სასტუმროს მენეჯმენტი ამბობს, რომ "პირამისას" თანამშრომლები მზად იყვნენ, სასწრაფო დახმარების გამოძახებისთვის, მაგრამ ანასტასიას დედამ, სავარაუდოდ, უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე იმის გამო, რომ მეორე დღეს ისინი სახლში უნდა გაფრენილიყვნენ.

"ამას ადასტურებს ქალაქის კლინიკის ოფიციალური სამედიცინო დასკვნა", - ნათქვამია "პირამისას" კომენტარში.

სასტუმროში ამბობენ, რომ გარდაცვლილი რუსი ქალის დედას ამ დრომდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

ქალის ცხედარი მალე სალავატში უნდა გადაასვენონ, სადაც ამჯერად უკვე რუსი ექსპერტები შეძლებენ დაადასტურონ ან უარყონ ეგვიპტელი კოლეგების მიერ დადგენილი სიკვდილის მიზეზი, გულის გაჩერება.