ავტორი:

"ზოგი თვლის, რომ გაჭირვებულები ვართ და დახმარება გვჭირდება, ასე არ არის... მეუღლე ქუჩაში გავიცანი" - მარიამ სერგიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე

"ზოგი თვლის, რომ გაჭირვებულები ვართ და დახმარება გვჭირდება, ასე არ არის... მეუღლე ქუჩაში გავიცანი" - მარიამ სერგიას იმედგაცრუება ქართულ კონკურსებში და გზა ქუჩის მუსიკოსობამდე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქუჩის მუსიკოსები, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მღერიან. გოგონა 21 წლის მარიამ სერგია, ვიდეოში მისი მეწყვილე კი კახა ცინცაძეა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხუთი თვის წინ, მისი ოფიციალური ქმარი გახდა. კახამ და მარიამმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ ქუჩაში, სიმღერის დროს გაიცნეს, მას შემდეგ იყო ქუჩა, კონკურსები, პროფესიული იმედგაცრუება, მაგრამ მთავარი რაც დღემდე აქვთ სიყვარულია...

მარიამ სერგიამ Ambebi.ge-ს ქუჩაში სიმღერაზე, ქმარზე და მომავალზე ესაუბრა. მისი თქმით, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული და ბოლო დროს ქუჩაში სამღერლად გასვლას ვეღარ ახერხებს, რადგან ვიზაჟის კურსებზე დადის

- 21 წლის ვარ, ბავშვობიდან ვმღერი. როგორც მეუბნებიან ლაპარაკი არ მქონდა დაწყებული ღიღინი რომ დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვმღეროდი, შემდეგ თავი დავანებე. სიმღერას რომ დავუბრუნდი, ქუჩაში გავედი, ყოველთვის მსიამოვნებდა ქუჩის მუსიკოსების მოსმენა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახი ამას გაგებით შეხვდა, მათაც ძალიან მოსწონთ ქუჩის მუსიკოსები. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ქუჩაში, ცუდ ხასიათზე ხარ, ამ დროს ქუჩის მუსიკოსი გხვდება, გამხიარულებს და კარგ განწყობაზე გაყენებს. მამა ახლოს არის მუსიკასთან, ყოველთვის უნდოდა რომ სიმღერა გამეგრძელებინა.

- ამ დროს გაიცანით მომავალი მეუღლე კახა, რომელიც ასევე მღერის.

- დიახ, ქუჩაში გავიცანი. როგორც თავად ამბობს ჩემზე, ქარს მოჰქონდა და დავიჭირეო. ჩვენს შორის გრძნობები მაშინვე გაჩნდა, მაგრამ ნელ-ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს და მივედით იქამდე, რომ დღეს უკვე ცოლ-ქმარი ვართ და დუეტში ვმღერით. ხუთი თვეა რაც ხელი მოვაწერეთ, მალე ქორწილიც გვექნება.

- როგორც ვიცი, ბედი სცადეთ რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში, მაგრამ არ გაგიმართლათ.

- მე „ვოისში“ მარტო გავედი და „ნიჭიერში“ კახასთან ერთად. შემდეგ ძალიან ამიცრუვდა გული სიმღერაზე და ცოტა ხანი ჩემთვის, ჩუმად ვიყავი. არ ვიცი, რა მოხდა, გულით რომ გინდა რაღაცას მიაღწიო, რაღაც გააკეთო უცებ ძირს გაგდებენ. „ნიჭიერის“ მეორე ტურამდე მივედით, მაგრამ ნახევარფინალში ვერ მოვხვდით. თავიდან რომ მოგვისმინეს, ძალიან მოეწონათ. არ ვიცი, რატომ ვერ გადავედით, მიზეზი რა იყო.

- შემდეგ ისევ ქუჩას დაუბრუნდით?

- დიახ, თუმცა ახლა მე ვიზაჟს ვსწავლობ და ვეღარ ვახერხებ გასვლას, კახა ძირითადად კიდობანთან დგას და იქ მღერის.

- დაოჯახების გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- არ ყოფილა რთული მისაღები, ერთად ხუთი წელი ვიყავით და დიდი დროა ადამიანის კარგად გასაცნობად. ერთად ცხოვრების გამოცდილებაც გვქონდა და რამდენი ხანი უნდა გაგვეგრძელებინა ასე, მოვაწერეთ ხელი.

- ძალიან შეყვარებულია თქვენი მეუღლე თქვენზე, როდესაც სიმღერისას გიყურებთ, თვალები უციმციმებს.

- არაჩვეულებრივი მეუღლეა, ყველანაირად რომ გვერდში დაგიდგება. „ნასკი გამხადე ქალო“ ასეთი მეუღლე არ არის (იცინის).

- ბინა თუ გაქვთ?

- დიახ, ახლა ვარემონტებთ, ნელა, მაგრამ როგორც შეგვიძლია. ვცდილობთ, რომ მალე დავამთავროთ, მაგრამ არ გამოდის ჯერ. შემდეგ ცალკე გადავალთ.

- ხალხი რას გეუბნებათ, როდესაც ქუჩაში ახალგაზრდა მომღერალ წყვილს გხედავთ.

- ზოგი თვლის, რომ გაჭირვებულები ვართ და დახმარება გვჭირდება. ასე მართლა არ არის, უბრალოდ ვცდილობთ, რომ ხალხიც გავამხიარულოთ. სამღერლად რომ გავდივართ ეს მაინც ფულზე არ არის დამოკიდებული, გვსიამოვნებს. ქუჩა ჩვენთვის დიდი სცენაა, სადაც უამრავი ხალხი გიყურებს. ზოგი მოდის, გვესაუბრება რა კარგად მღერით, რა კარგები ხართ, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ დანარჩენები ვინც გვეხმიანებიან მხოლოდ რეიტინგზე არიან ორიენტირებულები. იმიტომ მიგვიწიონ გადაცემებში, რომ ინტერნეტში ვიღაცამ ჩვენი ვიდეო გაავრცელა. ამ დროს ჩვენს გარდა რამდენი მუსიკოსი დგას ქუჩაში და არსად არ იწვევენ, არ ჩნდებიან.

- სადაც გიწვევენ ძირითადად მღერით და პრობლემებზე არ საუბრობთ?

- დიახ, ვმღერით და ძირითადად ჩემი და კახას გაცნობის ისტორიით ინტერესდებიან. უკვე იმდენჯერ გვაქვს მოყოლილი, კახას განსაკუთრებულად.

- ვიდეოების გავრცელების შემდეგ სხვა შემოთავაზებები არ გაქვთ, თუ მხოლოდ ტელევიზიებში გიწვევენ?

- რამდენიმე რესტორნიდანაც დაგვირეკეს, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა. მე და კახას გვაქვს იქ სიმღერის გამოცდილება, მაგრამ უპირატესობას შავი ზღვისპირეთს ვანიჭებთ, სადაც ზაფხულობით ვმღერით, სეზონზე. აქ კახა მუშაობდა რესტორანში და მაინც არ მოგვწონს რესტორნის სიტუაცია, რადგან როდესაც სტუმრები სვამენ, შემდეგ მთვრალები მოდიან და არაადეკვატურად გეუბნებიან, მოდი ეს დამიკარი, ის დამიკარი, ეს ყველაზე უსიამოვნოა, რაც შეიძლება შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ დროს ჩვენ ძალიან წყნარად და მშვიდად ვესაუბრებით, მაგრამ მაინც დისკომფორტია არაფხიზელი ადამიანი, რომ ასე გესაუბრება.

- ეჭვიანი ქმარია კახა?

- ცოტათი კი, მაგრამ ისე არ ვარ ეჭვიანები, რადგან საკუთარ თავებში დარწმუნებულები ვართ.

- კახას დედა ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში თქვენს ვიდეოებს, გეფერებათ საჯაროდ, როგორც ვხვდები, დედამთილშიც გაგიმართლათ.

- დიახ, ძალიან კარგი ქალია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ახლა რაც ხელი მოვაწერეთ, უფრო დავახლოვდით ოჯახებით და კიდევ უფრო იზრდება ჩვენს შორის სიყვარული. უსაყვარლესი დედამთილი მყავს. როგორც მეგობრები და დაქალები ისეთი ურთიერთობა გვაქვს.

- როგორ წარმოგიდგენიათ მომავალში თქვენი კარიერა?

- ორი რამ არის რაც ბავშვობიდან მაინტერესებს, ვიზაჟი და სიმღერა. ბავშვობაში დედას კოსმეტიკას ვიყენებდი, შემდეგ მაკიაჟი დავხვეწე და ვიფიქრე, მხოლოდ სიმღერა ხომ არ არის, პროფესიასაც ავირჩევ. რაც მიყვარს ისიც უნდა ვაკეთო, არ ვიცი მომავალში რა იქნება, შეიძლება გამომადგეს, მთავარია რითაც ბედნიერი ვარ იმას ვაკეთებ. ასევე თავისუფალ დროს ვხატავ, რაც ძალიან მაწყნარებს.

რაც შეეხება სიმღერას, ამ კუთხით აღარ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან დამეხმარა ხალხის კომენტარები, ყველაფერს ვკითხულობ. თან არცერთი არ არის უარყოფითი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს, ახლა გამოვჩნდით და სულ გამოჩენილები ვიქნებით, არასოდეს აღარ დავიმალებით.