ავტორი:

"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?

"200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია მასალებში... მუქარით სთხოვდა მორჩილებას და სქესობრივი კავშირის დამყარებას" - ვინ არის დაკავებული მამაკაცი?

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

"გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ირკვევა, გამოძიება 19 წლის გოგონას მიმართვის საფუძველზე დაიწყო, თუმცა ბრალდებულს სხვა მსგავსი დანაშაულებიც აქვს ჩადენილი. "კურიერმა" დაადგინა იმ მამაკაცის ვინაობა, რომელსაც ინტიმური ხასიათის ფოტოების გავრცელებასა და მისი გასაჯაროების მუქარას ედავებიან.

დაკავებული 43 წლის გიორგი ქაროსანიძეა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. საქმე, რომლის მასალებში 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეოკადრია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გახსნა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.