ავტორი:

"ქურდს ქუდი ეწვის“ - მარია ზახაროვა ტერაქტთან დაკავშირებით ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

"ქურდს ქუდი ეწვის“ - მარია ზახაროვა ტერაქტთან დაკავშირებით ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც "ეყო ჭკუა“ რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან "ქურდს ქუდი ეწვის“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს მოსკოვის "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

  • "ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ეყო ჭკუა, რუსეთი ტერორისტულ თავდასხმაში დაედანაშაულებინა, ზელენსკია, რადგან ქურდს ქუდი ეწვის. ვერანაირი წყევლა ვერ გაანადგურებდა მას ისე, როგორც თავისივე თვითმამხილებელი განცხადება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, კიევის რეჟიმი ტერაქტში რუსეთს ადანაშაულებს, თეთრმა სახლმა კი მკაცრად დაგმო ბოევიკების ქმედებები. "ისინი ვერც კი შეთანხმდნენ საერთო ვერსიაზე“, - დასძინა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ თუ რუსები მზად არიან "კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება.

"ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც და ყოველთვის სხვებს აბრალებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-ამდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი "კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.