ავტორი:

როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი

როგორი იყო პირველი სახანძრო-სამაშველო სამსახური თბილისში: ყარაჩოხელთა ამქარი, რომელიც ხანძარს საკუთარი ძალებით აქრობდა და საოცარი სიმამაცით გამორჩეული ქალ-მეხანძრეთა რაზმი

ხანაძრი საქართველოში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხდებოდა, თუმცა იქამდე, სანამ მეხანძრის პროფესია გაჩნდებოდა, ცეცხლს მოსახლეობა სხვადასხვა გზით აქრობდა...

მაგალითად, XIX საუკუნეში, თბილისში ცეცხლს ყარაჩოხელთა ამქარი საკუთარი ძალებით აქრობდა - აალებულ ადგილზე ცხენებით მიდიოდნენ. ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემაც არ იყო და წყალს თულუხჩები ყიდდნენ - ლიტრს 5 კაპიკად, ხანძრის დროს ფასს ზრდიდნენ... ცეცხლის მქრობელ ყარაჩოხელებს თბილისელებმა "ხანძარჩი" შეარქვეს (თურქული სიტყვაა და ქართულად ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავს).

  • მუდმივმა ხანძრებმა თბილისში მყოფი რუსეთის მეფისნაცვალი აიძულა, 1818 წელს დასახმარებლად „ცარისთვის“ მიემართა და 1825 წლის 25 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, საგანგებო სახანძრო რაზმი (25 კაცი) შეიქმნა. მეხანძრეთა ბრიგადა პოლიციის შემადგენლობას ეკუთვნოდა...

რაზმის ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილამდე, მეხანძრეებს წინ ცხენით მიუძღოდა. მეხანძრეები ცხენებშებმულ ოთხთვალაზე ისხდნენ. წყლის საქაჩი მოწყობილობისთვის, 30-ლიტრიანი კასრების საზიდად ცალკე ცხენის ეტლები იყო. ცეცხლის გაჩენის შემდეგ, საეკლესიო ზარები რეკავდა და საგანგებო ადგილზე სადღეღამისო მორიგეობა იწყებოდა. ცხადია, არც სატელეფონო კავშირი არსებობდა, ამიტომ, კოშკურების მსგავსი ნაგებობები არსებობდა, სადაც მეხანძრე მორიგეობდა. იქიდან ხელისგულზე ჩანდა ქალაქი. ხანძრის მისანიშნებლად, ასეთი წესიც ჰქონდათ: უბნების მიხედვით, აივნებიდან სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ. ღამით კი ფარნებს ანთებდნენ.

თბილისის სახანძრო რაზმი საქართველოს რაიონებშიც აქრობდა ცეცხლს. ხანძრები დასავლეთ საქართველოში მეტად იყო ხოლმე, რასაც მჭიდროდ აშენებული ხის სახლები იწვევდა. ქუთაისში, 1928 წელს ებრაელების უბანი დაიწვა, 1904 წელს - ლეჩხუმის რაიონის სოფელ ლაილაში 150 სახლი განადგურდა. 1920-1930 წლებში, ნელ-ნელა, სახანძრო პარკის ავტოტექნიკით გაახლება დაიწყო და მეხანძრეთა რიცხვიც გაიზარდა.

თბილისში გახმაურებული ხანძარი საოპერო თეატრს უკავშირდება. ადრე ერევნის მოედანზე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) იდგა გამორჩეული არქიტექტურით განთქმული ოპერის თეატრი, რომელიც იტალიელმა არქიტექტორმა, რასტრელიმ ააშენა. მსოფლიო მნიშვნელობის ულამაზესი შენობა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

სახანძრო სამსახურში ბევრ ადამიანს უმსახურია, მათ შორის, ბაშარ შამბეს, აფრიკელს, მავრული წარმოშობის კაცს, რომელსაც საინტერესო ისტორია ჰქონდა: ცარიზმის დროს ერთმა რუსმა „კნიაზმა“ იყიდა, რომელმაც ქართველ თავადს აჩუქა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შამბეს ბატონი მენშევიკებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა, შამბე არ გაჰყვა და თბილისში სახანძრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. მისი შვილიც მეხანძრე იყო. 1932 წელს, ბაშარს მეხანძრეთა შორის პირველს, საბჭოთა კავშირის შრომის წითელი დროშის ორდენი გადასცეს.

ბაშარ შამბე
ბაშარ შამბე

ამ სამსახურის ისტორიაში დიდი დამსახურება აქვს თბილისის მთავარ ბრანდმეისტერს (ხელმძღვანელი) ალექსანდრე ბერიძეს (1919-1937 წლები). მან ქალაქის სახანძროს სამსახური ფეხზე დააყენა, ტექნიკურად აღჭურვა და მეხანძრე კადრები მოამზადა. არაერთი ხანძრის ჩაქრობაში პირადად მონაწილეობდა, თუმცა როგორც ერის მოღალატე, დახვრიტეს, რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

  • მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს აპრილში თბილისში ქალ მეხანძრეთა რაზმიც შეიქმნა, ქალაქის ხანძრების ჩაქრობისას დიდ მამაცობას იჩენდნენ. მეხანძრე მაშველის სამუშაო ხშირად სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული, მიუხედავად ამისა, ამ რიგებში არაერთი თავდადებულ და მამაც ადამიანს უმსახურია.

სამწუხაროდ, ბევრი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულა. მეხანძრე ივანე ქსოვრელი მთაწმინდის რაიონის ნაწილის უფროსი იყო. 1978 წელს საბავშვო ბაღში მომხდარ დიდ ხანძარს შეეწირა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან ყველა ბავშვი გამოიყვანა, ბოლოს შესამოწმებლად შებრუნდა, ვინმე ხომ არ დარჩაო და ალმოკიდებულმა ჭერმა მეხანძრე ქვეშ მოიყოლა.

1990-იანი წლებიდან, ქვეყანაში მძიმე ცხოვრებას, ომს, ნგრევას ბევრი ხანძარიც მოჰყვა, სადაც მეხანძრეები სრული მობილიზებით მოქმედებდნენ. 1981 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახანძრო სამსახურის მუზეუმი დაარსდა. სხვათა შორის, ამ დღეს, საქართველოში მეხანძრის პროფესიული დღე აღინიშნება.

სტატია მომზადებულია თბილისის სახანძრო სამსახურის მუზეუმის თანამშრომლის - ლაურა ოზაშვილის მონათხრობის და მერაბ უძილაურის წიგნის "წმინდა გიორგის ლეგიონერების" მიხედვით