სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია

სტალინის მეუღლის იდუმალებით მოცული სიკვდილი და ბელადის არასრულწლოვანი საყვარლის ისტორია

ნადეჟდა ალილუევას, რომელიც ყოვლისშემძლე ხალხის მამის მეორე ცოლი იყო, თვითმკვლელობის მიზეზებზე, ისტორიკოსები დღემდე კამათობენ. ერთ-ერთი ვერსია - ეჭვიანობა, მაგრამ ვინ არის ის, უცნობი მეტოქე?

ყველაფერი ასე დაიწყო

როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ის გახლდათ სახალხო კომისრის, ლაზარ კაგანოვიჩის ძმისშვილი, 17 წლის მზეთუნახავი როზა კაგანოვიჩი. ბელადისა და ახალგაზრდა ქალის სიყვარულის ნაყოფი მათი ვაჟი იური იყო, რომელიც ისე მოკვდა, რომ ვერ გაიგო, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა.

1932 წლის 8 ნოემბრის საღამოს კრემლის ელიტა კლიმენტი ვოროშილოვის სახლში ოქტომბრის რევოლუციის 15 წლისთავს ზეიმობდა. მაშინ მომავალი მარშალი ალექსანდრ ეგოროვი სადღესასწაულო საღამოზე მზეთუნახავ ცოლთან - მსახიობ გალინა ცეშკოვსკაიასთან ერთად მივიდა. კარგად შეზარხოშებული სტალინი პურისგან ბურთულებს აკეთებდა, ქალის მადისაღმძვრელ დეკოლტეს უმიზნებდა და ესროდა. ამ გულისამრევ სცენას სტალინის ცოლი ნადეჟდა ალილუევა უყურებდა და საშინლად ნერვიულობდა. სიბრაზისგან საწყალი ქალი ხან ფითრდებოდა, ხან წითლდებოდა. მთვრალმა ბელადმა ცოლს მანდარინის ქერქი ესროლა.

- ეი, შენ! რატომ არ სვამ? - უკმაყოფილოდ შეეკითხა ნადეჟდას. ალილუევამ ხმაურიანად გასწია სკამი, ოთახიდან გავარდა და კარი მიიჯახუნა. რამდენიმე საათში იგი შუბლგახვრეტილი იპოვეს. ნადეჟდამ თავი მოიკლა თუ სტალინმა მოაკვლევინა - ისტორიის საიდუმლოებად დარჩა. დღემდე არ არის დადგენილი ის ფაქტიც, რა იყო ოჯახური განხეთქილების ნამდვილი მიზეზი. ერთი ვერსიის თანახმად, სტალინის უტ­აქტო საქციელმა 31 წლის ქალს მოთმინების ფიალა ბოლომდე აუვსო, მან კარგად იცოდა: 52 წლის ქმარს ახალი საყვარელი ჰყავდა და ამ საზარელ ფაქტს მტკივნეულად განიცდიდა.

"ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო წვეულების შემდეგ სტალინი ღამე შინ არ მისულა, - იხსენებდა თავის მოგონებებში ნიკიტა ხრუშჩოვი. - ნადეჟდა სერგეევნამ ზუბალოვოს აგარაკზე დარეკა. მას აუწყეს, რომ მისი მეუღლე ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილის საზოგადოებაში ისვენებდა" - ამის გამგონე ალილუევამ თავის მოკვლა გადაწყვიტა.

იმ საბედისწერო ღამეს ვისთან ატ­არებდა დროს გენერალისიმუსი, უცნო­ბია. გამორიცხული არ არის, რომ მის გვერდით არანაირი საყვარელი არ ყოფილა. გადამთვრალ ბელადს შეიძლება უბრალოდ ჩაეძინა და მაინც, სტალინის გარემოცვისა და ახლობლების თქმით, მას ერთ ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა: მას როზა კაგანოვიჩი ერქვა, იგი სტალინის თანამებრძოლის, ლაზარ კაგანოვიჩის ძმისშვილი იყო. ბელადის ფავორიტის ნამდვილი სახელი რაქელია. გოგონა სტალინმა კრემლის ერთ-ერთ ბანკეტზე გაიცნო. ხავერდისთვალა, შავთმიანმა გოგონამ მაშინვე მიიპყრო მისი ყურადღება. ბიძიამ ძმისშვილს აუხსნა, რომ სტალინის ყურადღებაზე უარის თქმა არ ღირდა. ქვეყნის მმართველმა პარტიულმა სამეულმა - მოლოტოვმა, ბერიამ და კაგანოვიჩმა გადაწყვიტეს, გენერალისიმუსზე გავლენის გასაძლიერებლად გოგონა თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

სტალინს საყვარლის სიყმაწვილე არ აშფოთებდა. მომავალ ცოლთან, ნადეჟდასთან, მაშინ გააბა რომანი, როცა გოგონა სულ 16 წლის იყო.

- როზა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო, - ჰყვებოდა სერგო ბერია, ლავრენტი ბერიას ვაჟი, მაგრამ სტალინის ოფიციალური ცოლი მაინც ვერ გახდა, მისგან ვაჟი კი გააჩინა.

ალილუევას სიკვდილის შემდეგ მმართველი პარტია სტალინის დაქორწინებაზე აქტიურად მსჯელობდა. აი, რას წერს ამის შესახებ ისტორიკოს-პუბლიცისტი დიმიტრი ვოლკოგონოვი: "ადამიანებმა მისი გარემოცვიდან გადაწყვიტეს კობას კიდევ ერთხელ ექორწინა - ბელადის ახლო მეგობრის ერთ-ერთ ნათესავზე. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ქვრივისთვისაა ცნობილი, ქორწინება არ შედგა".

დადიოდა ჭორები, თითქოს სტალინს სექსუალური პრობლემები ჰქონდა და ამის შესახებ ერთხელ მიხაილ კალინინს შესჩივლა... საკავშირო მექალთანემ და ქალების გულთამპყრობელმა პატრონს გამაახალგაზრდავებელი ოპერაციის გაკეთება შესთავაზა, რომელიც თავად ჰქონდა გადატანილი და შედეგით კმაყოფილი იყო. ექიმ დიმიტრი პლეტნევის დამოწმებით პირადად მან, ორ ექიმთან ერთად, იოსებ ბესარიონის ძეს ჯირკვალი გადაუნერგა. მადლიერმა სტალინმა ექიმს ხელოვნების მუზეუმიდან რაფაელის ნახატის "ქრისტე ეკლიანი გვირგვინით" ორიგინალი აჩუქა. მოგვიანებით, 1938 წელს პლეტნევი, როგორც "ექიმი-მომწამვლელი", დახვრიტეს.

1930-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ელიტურ წრეებში ჭორაობდნენ ახალგაზრდა საყვარლის ბელადზე უჩვეულო გავლენაზე. ამბობდნენ, სტალინთან მიღწევა მხოლოდ "როზა კაგანოვიჩის სალონის" გავლით შეიძლებაო. სტალინის "მესამე" ცოლის გავლენიანობაზე გავრცელებული ჭორებისთვის ბევრი ადამიანი დაისაჯა.

თავის წინასწარმეტყველებაში როზას ნეტარი მატრონაც იხსენიებდა, რომლის წინასწარმეტყველებაც სამამულო ომის დროს ძალიან პოპულარული იყო. ერთ-ერთი წინასწარმეტყველებისას მატრონამ თქვა, რომ სტალინი თავისი სიკვდილით არ მოკვდებოდა - კაგანოვიჩის ძმისშვილი ბალიშით დაახრჩობდა.

სტალინის სიკვდილის შემდეგ როზა გათხოვდა და გვარი გამოიცვალა. როდესაც ლაზარე მაისევიჩს ძმისშვილზე ეკითხებოდნენ, იგი ამბობდა, თითქოსდა როზა ქმართან ერთად როსტოვში ცხოვრობდა, მოსკოვში კი მხოლოდ ომის შემდეგ ჩავიდა. მისი მტკიცებით, გრანოვსკის ქუჩაზე მას ცუდი სახლი მი­სცეს. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ კრემლის ამ თვალსაჩინო სახლებში, უბრალოდ, არ იყო ცუდი ბინები. როზა კაგანოვიჩმა ღრმა სიბერემდე იცხოვრა და ლაზარ კაგანოვიჩის სიკვდილიდან სამი წლის შემდეგ, 1994 წელს გარდაიცვალა.

1930-იანი წლის ბოლოს როზამ სტალინისგან ვაჟი გააჩინა. ბავშვი კაგანოვიჩების ოჯახში იზრდებოდა. ბიჭუნას იური ერქვა და ძალიან ჰგავდა ქართველს. დედამისი სადღაც წავიდა და პატარა ბიძას დაუტოვა, - იხსენებდა სერგო ბერია.

ლაზარ კაგანოვიჩი მრავალი წელი ცხოვრობდა ცოლთან მარია პრივოროტსკაიასთან ერ­თად. წყვილს საერთო შვილი არ ჰყოლია. კა­განოვიჩს პირველი ცოლისგან ჰყავდა ქალიშვილი მაია. ოჯახში იურის გამოჩენის შესახებ ლაზარ კაგანოვიჩი ჰყვებოდა, თითქოსდა მან ობოლი ბავშვის შვილად აყვანა გადაწყვიტა და ქალიშვილს სთხოვა ბავშვთა სახლში მოეძებნა პატარა. თითქოს თავიდან მაიამ შინ ქერა ბავშვი მიიყვანა, მაგრამ ოჯახურ საბჭოზე გადაწყვიტეს, რომ იგი ოჯახის წევრებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა, ამიტომაც შავგვრემანი ბავშვის მოძებნას შეუდგნენ...

ვინ იყო იური

პოპულარული წიგნის "კრემლის ცოლების" ავტორი ლარისა ვასილიევა ცდილობდა გაერკვია, ვინ იყო სინამდვილეში იური კაგანოვიჩი. მან მოძებნა მისი პირველი ცოლი - სერაფიმა მიხაილოვნა. სერაფიმამ იური მაშინ გაიცნო, როდესაც იგი საარტილერიო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ჟუკოვის სახელობის აკადემია დაამთავრა.

- იურას ძირითადად "ოპერულად" ზრდიდნენ, როგორც ჩვენ ოპერატიულ მუშაკებს ვუწოდებდით, - იხსენებდა სერაფიმა მიხაილოვნა, - სწორედ მათ დააწყებინეს სმაც. იურა მექალთანე იყო, მოლხენა უყვარდა.

დალევა მაშინ დაიწყო, როდესაც კაგანოვიჩი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იური ენგელსში სავერტალიოტო ბაზაზე სამუშაოდ გაგზავნეს. ყოფილი ცოლის გადმოცემით, შინ დაბრუნებულმა, როცა სასმელზე ფული არ ჰყოფნიდა, სახლიდან ნივთების გაყიდვა დაიწყო. შეშფოთებულმა სერაფიმამ დახმარებისთვის ლაზარ კაგანოვიჩს მიმართა. განრისხებულმა მოხუცმა შვილობილს ბილიარდის კიი ჩაარტყა თავში. შემდეგ აგარაკიდან კურდღლების მოპარვისთვის საერთოდ გააგდო შინიდან. იური ჯერ ირკუტსკში, შემდეგ მირნიში გადაბარგდა საცხოვრებლად. ელიტური ოჯახის ნაშიერმა თავისი ლოთობით ყველას ისე მოაბეზრა თავი, რომ იგი ქალაქკომის მდივანმა გამოიძახა: "რომელ თვითმფრინავშიც გინდა ჩაგსვამ, მხოლოდ გაფრინდი!" 60 წლის იური ჩეჩნეთში გაფრინდა. იქ ცოლად მოიყვანა საბავშვო ბაღის აღმზრდელი. გამუდმებული ლოთობისგან იურის გულმა ვეღარ გაუძლო და 1976 წელს გარდაიცვალა.

კვლავ გენერალისიმუსის საყვარელ ქალებზე

* სტალინის პირველი ოფიციალური ცოლი ეკატერინე სვანიძე იყო. იგი 1907 წლის 22 ნოემბერს ტიფით თბილისში გარდაიცვალა. მან ბელადს გაუჩინა უფროსი ვაჟი იაკობი.

* 1914-დან 1918 წლამდე სოსო ჯუღაშვილის ცოლი იყო ანა რუბინშტეინი. მასთან განქორწინების შემდეგ ნადეჟდა ალილუევაზე იქორწინა, მაგრამ ყოფილი ცოლი არ დაივიწყა, ის და მისი ქალიშვილი რეგინა ყველა იმ უფლებით სარგებლობდნენ, რითაც პარტიული მაღალჩინოსნები.

* სტალინს ნადეჟდა ალილუევასთან ქორწინებაში ჰყავდა ვაჟი ვასილი და ქალიშვილი სვეტლანა.

* 1932 წელს სტალინი საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამ (მჭედლიძემ) გაიტაცა. როგორც ამბობენ, დავიდოვა ხშირად სტუმრობდა ბელადს, როდესაც იგი სამხრეთში ისვენებდა. ირწმუნებიან, რომ სოჭის ზამთრის თეატრი სტალინმა საყვარელი ქალის გამო ააშენებინა.

* სერაფიმ კაგანოვიჩი ამბობდა, რომ სტალინს მყარი ურთიერთობები ჰქო­ნდა მის ოფიციანტ ქალ ვალენტინასთან.

ასევე დაგაინტერესებთ | ამერიკაში სტალინის ქალიშვილი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა

ჟურნალ "რეიტინგის" არქივიდან