ავტორი:

"ტესტი რომ გავიკეთე, შოკში ვიყავი... გარშემო ყველას ეშინოდა ჩემი ორსულობის"  - საბედისწერო ნახტომი და 8-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის

"ტესტი რომ გავიკეთე, შოკში ვიყავი... გარშემო ყველას ეშინოდა ჩემი ორსულობის"  - საბედისწერო ნახტომი და 8-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის

ქართველ პარამოფარიკავე დიანა ჯიშიაშვილს 18 წელი რეანიმაციაში შეუსრულდა. გოგონამ 17 წლის ასაკში აბაშის რაიონში, მდინარეზე ისეთი ტრავმა მიიღო, მშობლებს ექიმები მისი გადარჩენის გარანტიას არ აძლევდნენ. პაციენტი სრულიად პარალიზებული იყო.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. იყო 8-წლიანი ჯოჯოხეთი, რომელიც დიანას ნაკლებად ახსოვს, რადგან დღეს ზურგს ძალიან კარგი მეუღლე და შვილი უმაგრებენ, რომლის დაბადებაც ოთხი წლის წინ ასევე დიდი სასწაული იყო.

დიანა პარასპორტში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ხუთი მედლის მფლობელია. მათ შორის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მშობიარობის შემდეგ აიღო.

- დიანა, საუბარი იმ საბედისწერო დღით დავიწყოთ, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა...

- მდინარეზე, ხტომის დროს ფეხი დამისრიალდა და თავი დავარტყი. ამ დროს ხერხემლის სამი მალა დამიზიანდა და სრული პარალიზება დამემართა. მილიონიდან ერთი პროცენტიც არ იყო შანსი, რომ გადავრჩებოდი, მაგრამ ექიმმა თქვა, ახალგაზრდაა და მოდი ვცადოთო. ოპერაციის შემდეგ სამი დღე გათიშული ვიყავი, გონზე რომ მოვედი, მხოლოდ თვალებს ვახამხამებდი, არაფერი შემეძლო. ეს მოხდა 2005 წელს, იმ წელს სკოლა დავამთავრე და დიდი გეგმები მქონდა. ტრაგედიის შემდეგ ჩემს ოჯახს ყველაფრის გაყიდვა მოუწია - დედამ ჭურჭელიც კი გაყიდა, წამლის ფული რომ მქონოდა, შემდეგ უკვე ხალხიც მეხმარებოდა, ძალიან დიდხანს ვიყავი რეანიმაციაში.

ნეკა თითი რომ გავამოძრავე სასწაული იყო, ჩემი ექიმი გოგი მაღალაშვილი იყო, სეროზული კაცია და მის სახეზე ღიმილი რომ დავინახე, იმედი მომეცა, - კუს ნაბიჯებით, მაგრამ წინ წახვალო. დღეს მართალია ვერ დავდივარ, მაგრამ სტაბილურად ვარ და ვცოცხლობ უკვე ამდენი წელია.

- ტრაგედიამდე კორპუსში ცხოვრობდით?

- გორიდან ვარ, ტრავმის შემდეგ სოფელში ვიყავი გარკვეული პერიოდი, შემდეგ თბილისში მომიწია გადმოსვლა. წლები მამას ხელში აყვანილი ჩამოვყავდი, შემდეგ უკვე მეუღლეს. სამი წელია, რაც ადაპტირებულ კორპუსში ვცხოვრობ. ძალიან მძიმე დღეები გამოვიარე, ნაწოლები გამიჩნდა, ეს ნებისმიერ ტრავმას ახასიათებს. თან რეაბილიტაციას უსახსრობის გამო ვერ გავდიოდი. ნაწოლებისგან დამეშალა მენჯი და ახლაც დაზიანებული მაქვს. რვა წელი ვიბრძოდი სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე საათით მაინც დავმჯდარიყავი ეტლში, რადგან თავდაპირველად ყველა ცდაზე გონებას ვკარგავდი.

ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, რამდენჯერ გავგიჟდი ღმერთმა იცის, ტკივილს არაფერი მიყუჩებდა. სულ მქონდა შინაგანი რწმენა, რომ ამ სირთულეებს დავძლევდი. ერთი პერიოდი სახლში ვიჯექი და კედელს ვუყურებდი, ფანჯარაში გახედვა არ მინდოდა. ძალიან მიყვარდა ცეკვა, ტელევიზიით რომ ვხედავდი მოცეკვავეებს, ეს დიდი სტრესი იყო.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

- მაშინ ცოტა ხნით გორში ვიყავი ჩასული, მომავალ მეუღლესაც გორთან ჰქონდა შეხება. თავიდან ვმეგობრობდით, ძალიან მეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს მხოლოდ მეგობრობა არ იყო. ჩვენს ურთიერთობას საზოგადოება სკეპტიკურად უყურებდა, რასაც ვერ ვიტყვი მეუღლის ოჯახზე. სასწაული დედამთილ-მამამთილი მყავს და მულები, სულ მეფერებიან, ყველაფერი კარგი უნდათ ჩემთვის. ძალიან მინდოდა შვილი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ბავშვზე არც არავინ ფიქრობდა.

- და მაინც გაგიჩნდათ პატარა ბიჭი.

- ვიცოდი, რომ ეს გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი გაჩნდებოდა. ანდრია ახლა 4 წლის არის, ტყუპისცალია, სამწუხაროდ, მეორე ბავშვმა მუცელში შეწყვიტა ზრდა. ეს არ ყოფილა დაგეგმილი ორსულობა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი ფარიკაობაში და რაპირა რომ მეჭირა, მეძინებოდა. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, ტესტი რომ გავიკეთე, შოკში ვიყავი, ძალიან დიდი სიხარული იყო. გარშემო ყველას ეშინოდა ჩემი ორსულობის, მაგრამ მე არ მაჩვენებდნენ, მშობლებიც კი არ მენახებოდნენ ხშირად, რომ სახეზე არ შესტყობოდათ ეს შიში. გაგიჟდნენ ექიმებიც, ტყუპ ნაყოფზე ხომ საერთოდ... არ ჰქონიათ დიდი გამოცდილება იმის, რომ 14 წლის წინ ურთულესი ტრავმის შემდეგ ბუნებრივი ორსულობა დამდგარიყოს.

მეუღლესთან ერთად

- ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარებოდათ?

- ანდრია ნაადრევად დაიბადა, შვიდთვიანი იყო. სახლში რომ მოვიყვანეთ, მე და მეუღლე ვზრდიდით, მალე პანდემია დაიწყო, მშობლები ვერ დამეხმარებოდნენ, პენსიონერები არიან და ყველა ჩაკეტილები იყვნენ. არ მეგონა, რომ ამდენს შევძლებდი, ვაჭმევდი, ფაფებს ვუკეთებდი, ახლაც სულ ჯანსაღ კვებაზე მყავს. სამი წლის რომ გახდა, ერთ დღეს რაღაცაზე მითხრა, - დედა, შენ რომ მაგ ეტლში არ იქნები და ფეხზე დადგებიო... და მივხვდი, რომ ეს იყო მისი ოცნება.

- თუმცა ამხელა ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება მაინც მშვენიერია და დღეს ბედნიერი ქალი ხართ...

- დიახ, სრულად შემავსო ჩემმა ოჯახმა, შვილმა, მეუღლემ. სულ ვამბობდი, ამხელა ჯოჯოხეთის შემდეგ, რაღა უნდა გამიხარდეს-მეთქი. ახლა ონლაინ ვმუშაობ, პარლამენტის აპარატში საქმის წარმოების თანამშრომელი ვარ. სიარულს ვერ ვახერხებ, ხან აქციებია და ჩაკეტილია გზა, ლიფტიც გატეხეს ბოლო პერიოდში, დაზიანდა, იმედია მომავალში უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა მომეცემა. ასევე გორის შშმ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, პარასპორტსმენი, მაგრამ ანდრია რომ გავაჩინე, რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა. 2021 წელს პოლონეთში ვერცხლის მედალი ავიღე. ჩემთვის დროებით კი გაჩერდა ფარიკაობა, მაგრამ ახლოს არის ჩემთან დარბაზი და ბავშვთან ერთად დავდივარ კვირაში ორი დღე და მაინც ვვარჯიშობ. ახლა ცეკვაზეც დავიწყე სიარული.

- თქვენთვის საკუთარ სახლში ცხოვრება, ალბათ, უფრო მოსახერხებელი იქნება...

- ამდენის საშუალება არ გვაქვს, ვგიჟდები მცენარეებზე, მინდა, ბაღი მქონდეს. ოდესმე რომ მექნება საშუალება, ვიყიდი. არავის ვუსურვებ ამის გავლას, რაც მე გავიარე, მაგრამ ამ ყველაფერმა დღევანდელი ძლიერი, თავდაჯერებული დიანა შექმნა. ჩემთვის პრობლემა არ არსებობს, რომ არ ვმართო. რა ვიცი, როგორ ვთქვა, ღირდა-მეთქი, მაგრამ ღირდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ.

- წამები ცვლიან ცხოვრებას და საბედისწერო ნახტომამდე არანაირი წინათგრძნობა არ გქონიათ?

- ეს ტრავმა აბაშაში მივიღე, არ მინდა, მისტიკაში გადავარდე, მაგრამ ორი დღით ადრე მოვიწყინე, ჩემს სხეულს ვაკვირდებოდი. ძალიან კარგად ვცურავდი. სიმაღლიდან ხტომა ჩემი ჰობი იყო. ადგილზე რომ მივედი, ზაფხული იყო, მზე, მაგრამ თითქოს ყველაფერს შავ-თეთრად ვხედავდი. ყველაფერი მახსოვს, რომ გადავხტი და თავი დავარტყი, ის ტკივილიც. მე ცურვა აღარ შემეძლო, სხვებმა ამომიყვანეს, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. იქიდან ისე ჩამომიყვანეს თბილისში, რომ კორსეტი არ გაუკეთებიათ. გზაში კისერი მოძრაობდა და ზურგის ტვინში მალების ნატეხები შემერჭო და კიდევ უფრო დააზიანა.

გონზე რომ მოვედი აპარატზე ვიყავი შეერთებული... განცდა მქონდა, რომ ეს ყველაფერი მანამდეც ნანახი მქონდა...