როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ

როგორ იპოვოთ საკუთარი ბედნიერება: წიგნი, რომელიც ამაში რეალურად დაგეხმარებათ

მოდით, დასაწყისისთვის განვმარტავ, რა არის იკიგაი

იკიგაის ცნება ორი იაპონური სიტყვისგან: "იკი" - "ცხოვრება", "გაი" - "მიზეზი" ჩამოყალიბდა, რომელთა ერთობლიობა იაპონურ ფილოსოფიას განსაზღვრავს და მათი დაუფლება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მთავარი არსი კი შინაგანი ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევაა. ასევე, იმ პატარა წვრილმანებით ტკბობა, რომლებსაც ბედნიერება მოაქვს.

იაპონელი ნეირომეცნიერი და მწერალი კენ მოგი, "იკიგაის პატარა წიგნში“ მკაფიო განმარტებას გვთავაზობს: ,,იკიგაი არის ის, რისთვისაც გსურთ დილით ადგომა. "იკიგაი დეტალებშია", - წერს მოგი. - დილის სიხალისე, ფინჯანი ყავა, მზის სხივი, საყვარელი კერძის მომზადება, შექება და მნიშვნელოვანი ადამიანების სითბო. ვინც ამ ყოველივეს აფასებს, ნამდვილად შეუძლია ცხოვრებით ტკბობა."

"იკიგაი არის ბედნიერება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შენ ყოველთვის გაქვს რაღაც გასაკეთებელი, ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რაც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ და მოტივაციას მოგცემთ", - აღნიშნავს კიდევ ერთი ავტორი, ფრანჩესკ მირალესი.

იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. ყველას უნდა ბედნიერად და ხანგრძლივად ცხოვრება, მაგრამ როგორ მივაღწიოთ ამას? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში გელოდებათ. ვინც იპოვის საკუთარ იკიგაის, მიიღებს ყველაფერს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. იკიგაის ტრანსფორმაციული ძალა აქვს, ის გაპოვნინებთ ცხოვრების აზრს, ის თქვენი უშრეტი მოტივაციისა და ენერგიის წყარო გახდება. ამ წიგნში გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც თქვენი იკიგაის პოვნაში დაგეხმარებათ. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!

როგორ ვიპოვოთ საკუთარი იკიგაი?

აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა ის მიღწევა, რითიც ამაყობთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა მასშტაბისაა ეს მიღწევა, მთავარია, თქვენ გაბედნიერებთ. ეს ცხოვრების აზრის პოვნისთვის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

რომელი უნარები გხდით განსაკუთრებულ ადამიანად? რა არის თქვენი ინტერესები და რისი განვითარება გსურთ? - აუცილებლად უპასუხეთ ამ შეკითხვას.„აკეთეთ მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად გიყვართ. ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე“, - თქვა სტივ ჯობსმა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ხშირად ცხოვრების აზრს ფულსა და სიმდიდრეში კი არა, სულიერ სიმშვიდეში და იმ საქმის კეთებაში ნახავთ, რაც მართლა გიყვართ.იმისათვის, რომ საკუთარი იკიგაი იპოვოთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მომავალში და დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

იყავით რეალისტი. რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეედარებით სხვა ადამიანებს. იყავით ,,თქვენი თავი“, რადგან თქვენ თქვენი ცხოვრება, მიზნები გაქვთ, სხვას კი - თავისი. ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და თუ რაღაც არ გამოგდით, პასუხისმგებლობა გარშემომყოფებს კი არ აკიდოთ, საკუთარი თავის განვითარებაზე იფიქრეთ.

იკიგაის მთავარი პრინციპები:

  1. დაიწყეთ პატარა მიზნებიდან
  2. გათავისუფლდით
  3. იპოვეთ ჰარმონია და სტაბილურობა
  4. ისიამოვნეთ წვრილმანებით
  5. იყავით აქ და ახლა

კენ მოგი თითოეულ პრინციპს ასე განმარტავს:

  1. დაიწყეთ პატარა მიზნიდან - თუ პირდაპირ ცაში აფრენას მოინდომებთ და იქამდე არ იშრომებთ, იცოდეთ, რომ შესაძლოა იმედი გაგიცრუვდეთ, ამბიციებს ვერ მოერიოთ და ცხოვრებაზე საერთოდ შეგეცვალოთ წარმოდგენა. ყოველდღე ეტაპობრივად შეცვალეთ თქვენი ცხოვრება. ნელ-ნელა მიაღწიეთ სრულყოფულებას. დალიეთ ყავა, მიირთვით სასურველი ტკბილეული, გაისეირნეთ, მოამზადეთ საყვარელი კერძი და საკუთარ თავთან მსგავსი დამოკიდებულება ძალიან დიდ მიზანს მიგაღწევინებთ. როცა პატარ-პატარა მიზნებს ნელ-ნელა მიაღწევთ, ირწმუნებთ, რომ შეგიძლიათ, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.
  2. გათავისუფლდით - იკიგაის ძიების ერთ-ერთი შეუცვლელი პირობა საკუთარი თავის მიღება და შინაგანი ბავშვის გაღვიძებაა. ისწავლეთ, იყოთ უფრო სპონტანური, გაბედული და სხვისი აზრისგან დამოუკიდებელი. „ბავშვი უდარდელია და სოციალური დეფინიციებით დამძიმებული არ არის. ასევე, არ არის შეზღუდული ამა თუ იმ პროფესიის ან სოციალური სტატუსის კავშირებით. კარგი იქნება, რომ ამ ბავშვურ სიმსუბუქეს მთელი ცხოვრება შევინარჩუნებთ“, - წერს კენ მოგი.
  3. ჰარმონია და სტაბილურობა - ცხოვრებაში თქვენი ადგილის განსაზღვრისას, საკუთარი თავი უნდა აღიქვათ, როგორც სამყაროს განუყოფელი ნაწილი და იზრუნოთ მასზე ისე, როგორც თქვენს თავზე.
  4. ისიამოვნეთ წვრილმანებით - ყოველდღიური ბედნიერება წვრილმანებისგან შედგება: გემრიელი საუზმე, მზიანი დილა, სასიამოვნო პაემანი ან ველოსიპედით გასეირნება. გონებაში აღნიშნეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ, გაიხარეთ და იყავი მადლიერი ამ პატარა დეტალებისთვის. მერე დიდი წარმატებაც მოვა.
  5. იყავით აქ და ახლა - ,,შექმენით მუსიკა მაშინაც კი, როცა არავინ გისმენთ. დახატეთ ნახატები მაშინაც კი, თუ მათ არავინ უყურებს. დაწერეთ ისტორიები, რომლებსაც არავინ წაიკითხავს. შინაგანი სიხარული და კმაყოფილება საკმარისია იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელოთ და თქვენი საქმე აკეთოთ“, - გვირჩევს კენ მოგი.

აკეთეთ ის, რაც გიყვარს, არა მხოლოდ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის და სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევთ!