ავტორი:

"ზღაპრის ბოლო კეთილია..." - მერაბ სეფაშვილის პირველი კომენტარი: როგორ შეიქმნა სიმღერა, რომელიც გუშინდელი გამარჯვების ჰიმნად იქცა

"ზღაპრის ბოლო კეთილია..." - მერაბ სეფაშვილის პირველი კომენტარი: როგორ შეიქმნა  სიმღერა,  რომელიც გუშინდელი გამარჯვების ჰიმნად იქცა

გუშინ, 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. საფეხბურთო მატჩის დროს, ქართველი გულშემატკივრების ტრიბუნებიდან თითქმის უწყვეტად ისმოდა მერაბ სეფაშვილის სიმღერა "გაიღიმე”, რომელიც პირველად 2001 წელს შეასრულა მომღერალმა.

27 მარტი გათენდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, ქუჩებსა და ყველა იმ ადგილას, სადაც გულშემატკივრები იკრიბებიან, ისევ ისმის სიმღერა "გაიღიმე“. აღმოჩნდა, რომ სიმღერა, რომელიც წლების წინ სპორტის გულშემატკივრებისთვის არ დაწერილა, ახლა უკვე საქართველოს ნაკრების გამარჯვებასთან ასოცირდება.

როგორც "ნეტგაზეთთან“ ნაკრების „ქომაგების“ წევრი, ბექა ნოზაძეს ამბობს, გულშემატკივრებმა პირველად 2018 წელს ლატვიაში იმღერეს, როცა ნაკრებს გასვლით შეხვედრაზე თან ახლდნენ.

სიმღერა ნამდვილად პოზიტიური, მხარდამჭერი და ოპტიმისტურია. სიტყვები, "შენთვის, შენთვის ვმღერი ზღაპრის ბოლო კეთილია, შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია შენთვის, შენთვის ვმღერი ზღაპრის ბოლო კეთილია“ - ჯადოსნური აღმოჩნდა ნაკრებისთვის. გულშემატკივრების ნაწილი დღესაც ამბობს, რომ ეს სიმღერა ჩვენი ნაკრების ჰიმნად იქცეს.

სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი მერაბ სეფაშვილთან, რომელიც როგორც ყველა ქართველი, გუშინდელი წარმატებით ძალიან ბედნიერია.

- ბატონო მერაბ, მეორე დღეა მთელი საქართველო თქვენს სიმღერას მღერის, როგორი იყო თქვენი ემოცია, ხალხი ამბობს, დღეიდან "გაიღიმე" საფეხბურთო ჰიმნი იყოს...

- ჰო, რა ვიცი, იყოს, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ ბიჭებმა ასე გვასახელეს. არაჩვეულებრივი განცდებით ვარ, დიდი ბედნიერებაა. სტადიონზე არ ვყოფილვარ, სახლში ვუყურებდი თამაშს.

- ბევრი წლის არის ეს სიმღერა, მახსოვს, გამოსვლისასაც ჰიტად იქცა...

- მე, გია მაჭარაშვილმა და ირმა სოხაძემ გავაკეთეთ ეს სიმღერა. ირმას ტექსტია და გიას მუსიკა. თავიდან ცოტა სხვანაირად იყო მუსიკა, შემდეგ გადავაკეთეთ, არანჟირებაც სხვანაირი გავაკეთეთ, ცოტა სიტყვები შევცვალეთ და ეგ არის, მეტი არაფერი.

- როგორი იყო თქვენი ემოცია, როდესაც გუშინ მთელი სტადიონი ამ სიმღერას მღეროდა...

- დიახ, ყველა მღეროდა, მარტო სტადიონი და თბილისი კი არა, ბათუმიც. პირველად არ მომისმენია, სხვა მატჩების დროსაც მღერიან ხოლმე გულშემატკივრები, მაგრამ ასეთი ამბავი არ ყოფილა.

- თუმცა თავის დროზე ეს სიმღერა სპორტზე არ დაგიწერიათ...

- არა, სპორტული დატვირთვა არ აქვს, მაგრამ აზრობრივად ყველაფერი კარგად უნდა იყოს და ასეც არის. წინ კიდევ სხვა გამარჯვებებია და წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს და გამარჯვებას.

- სოციალურ ქსელში თუ ნახულობთ, ყველა რომ თქვენზე წერს, სტატუსებზე გნიშნავენ და გამარჯვებას გილოცავენ....

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მეც მიხარია, მაგრამ მე მათ გამო, ბიჭების და გამარჯვებით ვარ ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს სიმღერაც რომ ჟღერს, მართლა ჰიმნივით არის. წარმატებული გამოდგა (იცინის)...

წაიკითხეთ ასევე: