ავტორი:

"თავს უფლებას მივცემ და განსაკუთრებით მივულოცავ ჩემს ქმარს, ლევან კობიაშვილს!" - რას წერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მეუღლე?

"თავს უფლებას მივცემ და განსაკუთრებით მივულოცავ ჩემს ქმარს, ლევან კობიაშვილს!" - რას წერს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მეუღლე?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირი, გამარჯვებიდან მეორე დღეს სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მეუღლეს ნაკრების გამარჯვებას ულოცავს და იმ პერიოდზეც საუბრობს, როდესაც სამწვრთნელო გუნდს აკრიტიკებდნენ.

თამარ წულეისკირი:

- მოკლედ! ანდა დღეს იყოს ცოტა ვრცლად:

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ყველა გულშემატკივარს ამ სასწაულ დღეს! ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს ამ წარმოუდგენელი ძალისხმევის და შრომის დაფასებას! ვიცი რამხელა სულიერი სიმტკიცე და ფიზიკური მზაობა გჭირდება ასეთი გადამწყვეტი თამაშების მოგებისთვის! ვულოცავ და მადლობას ვუხდი სანაკრებო გუნდის იმ ფანტასტიკურ და წარმატებულ მოთამაშეებს, ვინც შეიძლება ამ კონკრეტულ თამაშზე ტრიბუნაზე ისხდნენ, მაგრამ ვხედავდი, როგორ გულშემატკივრობდნენ თავის თანაგუნდელებს!

ცრემლებად დაიღვარნენ მოგების შემდეგ! უდიდესია მათი წვლილიც ამ წარმატებაში! ვულოცავ სამწვრთნელო გუნდს! მოგების დროს ყველას ავიწყდება თუ რამდენი კრიტიკის, ჭკუის დარიგების და შეურაცხყოფის ატანა და გადალახვა უწევთ ამ წარმატებამდე მოსამზადებელი ეტაპის დროს! ვულოცავ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს ამ ურთულესი გზის წარმატებით გავლას! ვისაც გვახსოვს, გვახსოვს! თუ საიდან დაიწყეთ და სად მიხვედით!

ფეხბურთისთვის შეიძლება ითქვას უმოკლეს ვადებში სხვა განზომილებაში გადაიყვანეთ ქართული ფეხბურთი! ყველა ადამიანს ვინც გვერდით ედგა ფეხბურთს, ბიჭებს და ფედერაციას უდიდესი მადლობა!

გამარჯვების მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტო

მაგრამ, თავს უფლებას მივცემ და განსაკუთრებით მივულოცავ ჩემს ქმარს, ლევან კობიაშვილს! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც სასწაული უნარი აქვს ადამიანების გაერთიანების, თავაუწევლად შრომის, ყველაზე რთულ დროს მტკიცედ გვერდში დგომის, ხანდახან ძალიან ხმამაღალი, მაგრამ უმნიშვნელო ხმაურის ჩახშობის და რაც მართლა მნიშვნელოვანია სწორედ იმისკენ ფოკუსის მიმართვის! საოცარი უნარი გაქვს ყოველთვის ყველაში მათი საუკეთესო თვისებების დანახვის და გაღვივების! და ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად, უნერვოდ, ჩუმად, უბრალოდ კარგ მაგალითად ყოფნით!

მოკლედ, როგორც გუშინ შენი თხოვნით ოჯახში დავაკანონეთ, მინდა მოგილოცო შენი მეორე დაბადების დღე! გილოცავ 26 მარტს! გვიყვარხარ!

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირი, სხვა ფეხბურთელების ცოლებისგან განსხვავებით, მედიაში თითქმის არასოდეს ჩნდება. წყვილს 25 წელია ოჯახი აქვს და ორი შვილი - 24 წლის ნიკა და 17 წლის სალომე კობიაშვილები ჰყავთ, რომლებიც ფრაიბურგში დაიბადნენ, როცა კობი გერმანიაში თამაშობდა და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა.