ავტორი:

"5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული... მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე?

"5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული... მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე?

ბაკურიანში, ზვავში ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი მოყვა, მათგან 4-მა თავის დაღწევა შეძლო, 40-წლამდე მამაკაცს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც "კურიერს" სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, ისინი ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა და ქვეშ მოიყოლა.

"ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,"- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.

თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენია ჩართული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“,- აღნიშნულია სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.