ავტორი:

ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო

ბალტიმორის კატასტროფა შეიძლებოდა უფრო დიდი ტრაგედიით დასრულებულიყო - როგორც ირკვევა, საკონტეინერო გემზე, რომელმაც ხიდი დაანგრია, 56 სახის საშიში ქიმიური ნივთიერება იყო

ბალტიმორის ხიდზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ადგილზე კვლავ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სატვირთო გემი მდინარე პატაპსკოზე გადებულ ხიდს 26 მარტს, ადგილობრივი დროით 01:30-ზე შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად ჩამოიშალა, მასზე მოძრავი მანქანები კი წყალში ჩაცვივდა. ქალაქ ბალტიმორში ხიდის ჩანგრევის შემდეგ მერილენდის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გემი ბალტიმორის პორტიდან კოლომბოსკენ (შრი-ლანკა) მიემართებოდა, ის დაქირავებული იყო გადამზიდავი კომპანია Maersk-ის მიერ.

კატასტროფის დროს ხიდზე რვა მშენებელი მუშა მუშაობდა: ოთხშაბათს, მყვინთავებმა ორის ცხედარი აღმოაჩინეს. კიდევ ოთხის ძებნა გრძელდება. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციას ართულებს ის, რომ ცხედრები შესაძლოა ხიდის ნამსხვრევებში იყოს ჩარჩენილი. მყვინთავები მათ საპოვნელად სონარს (ბგერის არეკვლით წყალქვეშ სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენი სისტემა - ავტ.) იყენებენ.

შეჯახების შედეგად საკონტეინერო გემი ჩამონგრეული ხიდის ნამსხვრევებს შორის გაიჭედა. თავად გემს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ბორტზე არის 5,6 მილიონ ლიტრზე მეტი საწვავი და საპოხი ზეთი, ასევე დაახლოებით 4,7 ათასი კონტეინერი, რომელთაგან 56 სახის საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. აშშ-ის სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯენიფერ ჰომენდიმ განაცხადა, რომ საშიში ქიმიკატების შემცველი ზოგიერთი კონტეინერი დაზიანებულია.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ჩამონგრევის მომენტში ხიდზე რამდენიმე ავტომობილი იყო, რომლებიც წყალში ჩაცვივდნენ. ხიდის სიმაღლე 56 მეტრი იყო, ხოლო მდინარეში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 8 გრადუსს აღწევს.

მერილენდის გუბერნატორის უეს მურის თქმით, გემმა შეჯახებამდე კატასტროფის სიგნალი გასხა, შედეგად მუშებმა მოძრაობის გადაკეტვა მოახერხეს. ”ისინი გმირები არიან”, - ხაზგასმით აღნიშნა მურმა.

  • როგორ განვითარდა მოვლენები

საკონტეინერო გემმა ბალტიმორის საზღვაო ტერმინალი 26 მარტს, ადგილობრივი დროით 00:24 საათზე დატოვა.

გემი სტაბილური სიჩქარით, მდინარე პატაპსკოს გასწვრივ მოძრაობდა.

01:25 საათზე, გემმა მოულოდნელად კურსს გადაუხვია და სიჩქარე შეანელა.

დაახლოებით ამავე დროს, გემზე მოულოდნელად შუქი ჩაქრა და საკვამურიდან კვამლი გამოვიდა.

01:28 საათზე იგი ხიდის საყრდენს დაეჯახა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

  • რამ გამოიწია კატასტროფა?

ავარიის ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. გამოძიება იმედოვნებს, რომ დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.

"დიდი უპირატესობაა, რომ გემი არ ჩაიძირა, ამიტომ გვექნება ყველა დოკუმენტისა და შესაძლოა, მომხდარის ჩანაწერის მოპოვების საშუალება“, - განუცხადა BBC-ის გემების ექსპერტმა ჯიმ ბელინგემმა.

კატასტროფის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც ექსპერტები ლაპარაკობენ, შესაძლოა დაბინძურებულ საწვავს უკავშირდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გემის ელექტრო გენერატორების მუშაობის შეწყვეტა და გათიშვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საკონტეინერო გემის ხიდის საყრდენთან შეჯახება განზრახ არ მომხდარა და ეს უბედური შემთხვევა იყო. "არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედება იყო", - თქვა ბაიდენმა.

  • ეკონომიკური შედეგები

ექსპერტების აზრით, ხიდის ჩამონგრევამ და სატრანსპორტო დერეფნის გადაკეტვამ შესაძლოა 15 მილიონ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს. მერილენდის გუბერნატორმა უეს მურმა თქვა, რომ კატასტროფამ შესაძლოა 8000 სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ დააყენოს. მისი განცხადებით, საუბარია "საერთაშორისო კრიზისზე“.

"ამ პორტზეა დამოკიდებული მსოფლიოსა და ამერიკის ეკონომიკა“, - თქვა გუბერნატორმა.

მერილენდის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხიდის აღდგენა ადვილი პროცესი არ იქნება, თუმცა სახელმწიფო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლ უეიკფილდმა პირობა დადო, რომ ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად მომზადდება.