"იმ საქმეებიდან, რომელიც დღემდე გამიკეთებია, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს უეფას სუპერთასის გახსნაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვიმღერე. 2015 წელი იყო, "ბარსელონა-სევილიის" თამაში", - ამბობს მომღერალი ნანუკა ფორჩხიძე და აქვს მოლოდინი, რომ დიდი და მთავარი წარმატებები წინ ელოდება. რა არის მისთვის ყველაზე დიდი სტიმული, რას მიიჩნევს სისუსტედ, რას ებრძვის საკუთარ თავში და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ..
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მომღერალი ან მსახიობი, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, ჩემგან მსახიობი ვერ გამოვიდოდა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ ზედმეტად მიმნდობი, ალალი და ცოტათი ჯიუტი. სამივე შეფასებას ვეთანხმები.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არ მაქვს სურვილი, თავიდან დავიწყო. ცვლილების სურვილიც ნაკლებად მაქვს. განვლილი ცხოვრებიდან კარგიც და ცუდიც - ყველაფერი მიყვარს, მათ შორის, ჩემი შეცდომებიც.
- ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული?
- კი, ზოგიერთი შეცდომა ბევრჯერაც დავუშვი. ვცდილობ, ყველა შეცდომა ვაქციო გამოცდილებად. სხვის შეცდომებზე სწავლის სურვილიც მაქვს, თუმცა ეს ნაკლებად გამომდის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...რომ ყოველთვის არ ავყვე ჩემს ემოციებს, ვმართო საკუთარი თავი და კონტროლი გავუწიო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...მგონია, რომ ეს "ამბავი" წინ მელოდება. იმ საქმეებიდან, რომელიც დღემდე გამიკეთებია, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს უეფას სუპერთასის გახსნაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვიმღერე. 2015 წელი იყო, "ბარსელონა-სევილიის" თამაში.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით - მამას. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ პიროვნებადაც ჩამოვყალიბდი, ეს მამის დამსახურებაა. მუსიკაში კრიტიკულია ჩემ მიმართ, მაგრამ მისი კრიტიკა ძალიან მეხმარება, მაძლიერებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ოჯახის და მეგობრების სახით, გარშემო ძალიან კარგი ადამიანები მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...ზედმეტი ემოციურობა.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვაკეთო სიკეთე და ჩემ გარშემო ხალხი გავაბედნიერო. მიყვარს კომპლიმენტების თქმა, დადებითი ემოციების გაცვლა. მაქსიმალურად ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება საყვარელი ადამიანების და საქმის მიმართ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ცოტათი დაბალი თვითშეფასება მაქვს, მორცხვი ვარ. სიმორცხვის გამო, ჩემი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენას ვერ ვახერხებ. დღემდე ვერ მოვახერხე, ჩემი შესაძლებლობების 50% მაინც გამომეჩინა. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ.

- ამ ყველაფერში მამა რამდენად გეხმარება?
- მამა საერთოდ ყველაფერში მეხმარება, მისი მადლიერი ვარ. დიდი ბედნიერებაა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს, მაგრამ მგონია, ადამიანი ამ საკითხში თავის თავს მხოლოდ თავად თუ დაეხმარება. არის რაღაცები, რაც მხოლოდ შენი გასაკეთებელია.
- პატიება შემიძლია...
- ...უსასრულოდ. საყვარელ ადამიანებს ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ ადამიანთან ურთიერთობა თუ დავასრულე, მერე მისი აღდგენა აღარ შემიძლია.
- ამ მიზეზით, ბევრი ურთიერთობა დაგისრულებია?
- საკმაოდ, მაგრამ სანამ ურთიერთობას ვასრულებ, მანამდე იმ ადამიანებს შანსს ბევრჯერ ვაძლევ. ბერი გულისტკენის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ჭკუა ცოტათი ვისწავლე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ის შებოჭილობა და სიმორცხვე, რომელსაც ახლა ვგრძნობ, მჯერა, მომავალში აღარ მექნება და ჩემს მიზნებსაც უფრო ადვილად მივაღწევ. მომავალი იმაზე ბედნიერი წარმომიდგენია, ვიდრე რეალობაა.
- საფრანგეთში სასწავლებლად წასვლას გეგმავდი, ხომ არ გადაიფიქრე?
- ეს ჩემს გეგმაში ისევ შედის, საფრანგეთში მაგისტრატურაში მინდა სწავლის გაგრძელება, ახლა "ჯიპაში" აუდიო-ვიდეომედია ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ, ძალიან საინტერესო ფაკულტეტია.
- ვიბნევი...
- ...უცხო და ახალ გარემოში მოხვედრისას, ადაპტაცია ცოტათი მიჭირს.
- ვნანობ...
- ...ჩემი თავის არ მჯეროდა მაშინ, როცა მართალი ვიყავი.
- ეს სიმღერასთან არის კავშირში, პირად ცხოვრებასთან თუ...
- ყველაფერი იგულისხმება: კარიერაც, პირადიც, მეგობრებთან ურთიერთობაც.
- ყველაზე მეტად მაბედნიერებს...
- ...ოჯახი, მეგობრები, ადამიანებთან ურთიერთობები.

- ქუჩაში მსმენელი ალბათ, ხშირად გცნობს, არა?
- დიახ, სრულიად უცხო ხალხი მესაუბრება. რაც მეტ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, უფრო ბედნიერი ვარ. ეკრანზე საკუთარი თავი არასდროს მომწონს, მაგრამ მაყურებლისგან დადებით შეფასებებს რომ ვისმენ, ეს მოტივაციას მმატებს.
- "ნიკოს ბენდი" - ეს რა ეტაპია შენს ცხოვრებაში?
- გამოცდილების და სწავლის. ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ როგორც შემსრულებელმა, როგორც პიროვნებამაც. ბენდის წევრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვეწყობით, ყველა ძალიან მიყვარს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...თითქმის ყველაფერს. არ მიყვარს, როდესაც რაღაცას ვერ ვაკეთებ, ბევრს ვმუშაობ და მაინც არ გამომდის.
- როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაგაინტერესოს?
- მომწონს და მიზიდავენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. პიროვნება, რაც უფრო დადებითი და კარგია, მით მეტად მიჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი. მომწონს ადამიანები, რომლებიც ჩემზე განვითარებულები და ჭკვიანები არიან, მათგან ბევრს ვსწავლობ...წაიკითხეთ სრულად