ავტორი:

"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?

"რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს" - რას ამბობს დაკავებული ამერიკული ჟურნალისტის ოჯახი?

ერთი წლის წინ რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავეს - ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტი გახდა, რომელსაც, ცივი ომის შემდეგ, ბრალი ჯაშუშობაში წაუყენეს. სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევანი ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტს დაკავების მომენტში თან საიდუმლო დოკუმენტები ჰქონდა. ამერიკის ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. პატიმრობის მიუხედავად, ევანს ოჯახის წევრებთან კონტაქტი მაინც აქვს:

"ეს მართლაც მძიმე წელი იყო. ძალიან რთულია გაურკვევლობასთან გამკლავება. ერთმანეთის მხარდაჭერის საუკეთესო გზა სიმშვიდის შენარჩუნებაა. გვინდა, რომ მან საკუთარ თავზე იფიქროს, ის კი ყოველთვის ჩვენზე ფიქრობს. ძალიან გვენატრება.

მისი ნახვის უფლება არ გვაქვს. სასამართლოში რამდენჯერმე გამოცხადდა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ხანდახან მედია საშუალებები ახერხებენ მის გადაღებას. სწორედ ასე ვიგებთ, რომ ნამდვილად კარგად არის" - ამბობს ევანის და, დანიელა Wall Street Journal-თან საუბრისას.

„ეს სრული სისულელეა. ევანი ჯაშუში არ არის. ის ჟურნალისტია", - ამბობს Wall Street Journal-ის მთავარი რედაქტორი ემა ტაკერი. - "ერთი წლის წინ საინფორმაციო სააგენტოებმა კორესპონდენტების გამოძახება დაიწყეს. ძალიან ფრთხილად მოქმედებდნენ. ასე რომ, ევანთან შეთანხმებული იყო, რომ ის რუსეთში უნდა წასულიყო. მრავალი საინტერესო სტატია დაწერა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ უკრაინის ომის ფონზე. ეს იყო მისი სამუშაო".

„ის კარგად არის“, - ამბობს აშშ-ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისიმ - ”მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან მიმოწერა და მათთან კავშირი. ეს დიდ ძალას აძლევს."

"ბრალდება იმის შესახებ, რომ ევანი ჩართული იყო რაიმე სახის კრიმინალურ საქმიანობაში, სრული სიცრუეა“, - ამტკიცებს ამერიკის ელჩი.

თებერვალში, ევან გერშკოვიჩზე საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სურს "ის საბოლოოდ სახლში დაბრუნდეს“.

”მე ამას გულწრფელად ვამბობ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მაგრამ სავარაუდოა, რომ კრემლს ევანის თავისუფლების სანაცვლოდ რაღაც სურს, უფრო სწორად, ვიღაც. ითვლება, რომ ეს FSB-ის ოფიცერი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც გერმანიაში იხდის სასჯელს - მას იქ ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

”ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ [ევანი] გამიზნული იყო სავაჭრო მიზნებისთვის,” - თქვა ემა ტაკერმა - "ამას ხშირად უწოდებენ მძევლების დიპლომატიას, რომელიც მძულს, რადგან არაფერია დიპლომატიური იმაში, რაც ხდება. ევანი მძევალია. პუტინი მას ვალუტად ინახავს. რუსეთი აგროვებს ამერიკელებს ციხეებში, რათა მოგვიანებით თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს".

რუსეთის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ორი პატიმარი იხდის სასჯელს: ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. 2020 წელს მას ჯაშუშობისთვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. და ალსუ კურმაშევა - პრაღაში დაფუძნებული რადიოსადგურის "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.