ავტორი:

"მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც გადავწყვიტე პენალტი დამერტყა..." - ისტორიული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება

"მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც გადავწყვიტე პენალტი დამერტყა..." - ისტორიული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ლაშა დვალის სპორტული გზა და პირადი ცხოვრება

ambebi.ge - ის "ფეისბუქგვერდზე" მოგვწერეს, თითქმის ყველა ფეხბურთელზე დაწერეთ სტატია, ლაშა დვალზე რატომ არაფერს წერთ, ვისზე ნაკლებად იშრომა მოედანზე ან ნაკლები პენალტი გაიტანაო. ჩვენი მკითხველი მართალია, ლაშა მართლაც გამორჩეული იყო და დაცვაში მისი საუკეთესო თამაშის წყალობით მიაღწია ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ასეთ წარმატებას.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ Whoscored.com-ის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა დვალი გახდა.

"შეხვედრა კარგად წამივიდა და, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშე. თავს კარგად ვგრძნობდი და მქონდა განცდა, რომ გავიტანდი. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, პენალტი დამერტყა და, ღმერთის წყალობით, ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

პენალტისტების ხუთეული წინასწარ თუ იყო ცნობილი? პირველი სამი მხოლოდ - ქოჩორაშვილი სულ არტყამდა. ხვიჩა და "ჩაკვე" უკვე გასულები იყვნენ, თორემ აუცილებლად შეასრულებდნენ, რადგან წინასწარაც ვარჯიშობდნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ მოედანზე ისინი დავრჩით, ვინც პენალტებს ნაკლებად ვარტყამდით.

ბიჭებმა მაგრად დაარტყეს. მიქაუტაძემაც კარგად შეასრულა, მაგრამ ფეხბურთში ასეც ხდება და ააცილა. საბოლოოდ, ფეხბურთში ყველაფერი გოლებით ითვლება და ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ლაშამ მატჩის შესახებ პირველ არხის გადაცემა "ტაიმაუტში“.

ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო და წარმატებული სპორტული კარიერა აქვს.

ლაშა დვალი 1995 წლის 14 მაისს თბილისში დაიბადა. თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ამჟამად არის კვიპროსის პირველი დივიზიონის კლუბ APOEL-ის ფეხბურთელი.

6 წლის ასაკში საფეხბურთო სკოლა "საბურთალოში" შეიყვანეს. მისი პირველი მწვრთნელი მამუკა ღვიტიძე იყო. 13 წლის ასაკში გადავიდა მწვრთნელ გუბაზ დოლიძესთან "იბერია 2010"-ში, რომელიც იმ პერიოდში რუსთავის მეტალურგის დუბლების სახელით გამოდიოდა. აქ მან 3.5 წელი დაჰყო.

ამბობს, რომ ბავშვობიდან "ბარსელონას" ფანია.

  • საკლუბო კარიერა

2013 წლის სექტემბრიდან დვალი ინგლისური "რიდინგის“ ფეხბურთელი იყო და რიგის "სკონტოში“ განათხოვრების წესით თამაშობდა. დვალმა გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზა ვერ მიიღო და ახალ გუნდს ეძებდა. 2015 წლის 2 თებერვლიდან ის "ქასიმფაშას“ მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ინიციატივით თურქულ კლუბში 4 თვით იჯარის წესით ჩაირიცხა.

2015 წლის 31 აგვისტოს 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "დუისბურგთან“, თუმცა, იმავე წლის 21 დეკემბერს კონტრაქტი შეწყდა. 2016 წლის 31 იანვარს ლაშა პოლონურ "სლასკში" გადავიდა. 2017 წლის 3 მარტს პოლონელებმა ის იჯარით გადასცეს ყაზახურ კლუბ "ირტიშს". მაგრამ 2017 წლის ივნისში საკლუბო პრობლემების გამო უკან დაიბრუნეს.

2017 წლის 24 ივლისს ის გადავიდა პოლონეთის "პოგონ შჩეცინში".

2019 წლის 30 იანვარიდან 2022 წლის ივლისამდე დვალი თამაშობდა უნგრეთში, ბუდაპეშტის "ფერენცვაროში".

ის ამ გუნდის რიგებში უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

2022 წლიდან ის კვიპროსის "აპოელის" ფეხბურთელია.

  • სანაკრებო კარიერა

ლაშა დვალი თამაშობდა საქართველოს ასაკობრივ გუნდებში: 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში.

საქართველოს ძირითად გუნდში დვალი პირველად 2014 წლის ოქტომბერში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ, შოტლანდიასთან და გიბრალტართან გასვლითი მატჩების წინ. მან დიდი ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ აიღო და გლაზგოური დაპირისპირება გამოტოვა, [ გიბრალტართან კი მწვრთნელმა არ ათამაშა. მისი სანაკრებო დებიუტი 2015 წლის 29 მარტს შედგა გერმანიის ნაკრებთან შეხვედრაში (0-2) - მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მე-4 წუთზე ტრავმირებული ალექსანდრე ამისულაშვილის ნაცვლად შეიყვანა მინდორზე.

  • პირადი ცხოვრება
დედასთან და ძმასთან ერთად

ლაშა 2019 წელს დაქორწინდა მაკა ბუაჩიძეზე. ისინი დაქორწინებამდე რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა, სადაც მერაბ სეფაშვილმა და ლექს-სენმა იმღერეს. ისინი 3 წლის გოგონას, მილის ზრდიან.

როგორც მაკას "ინსტაგრამგვერდიდან" ჩანს, ოჯახი ბევრს მოგზაურობს. მაკას პროფილზე ნახავთ იტალიაში, დუბაიში, კუნძულ მიკონოსზე და ა.შ. გადაღებულ ფოტოებს.

ფეხბურთელის მეუღლე აქტიურობს "ტიკ-ტოკზეც", ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ვიდეოებსაც.

იხილეთ ასევე: