ავტორი:

"მე და ევროპა" - MDF-მა ევროკავშირთან ერთად დოკუმენტური ფილმის ჩვენება-დისკუსიების ციკლი დაიწყო

"მე და ევროპა" - MDF-მა ევროკავშირთან ერთად დოკუმენტური ფილმის ჩვენება-დისკუსიების ციკლი დაიწყო

მრავალფეროვნება, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია - ამ უნივერსალური ღირებულებების შესახებ 4 ადამიანის პერსპექტივიდან დოკუმენტური ფილმი “მე და ევროპა” მოგვითხრობს. ამ ღირებულებებს, ისტორიულად, საქართველოც იზიარებს, რაცსაქართველოში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება.

“ორი წლის წინ, როდესაც ეს ფილმი შეიქმნა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შორეული პერსპექტივა იყო. დღეს, ის რეალობაა. ახლა, საქართველო უფრო ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე.“ - გვიყვება საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე, ასუნსიონ სანჩეს რუისი.

გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი „მე და ევროპა“ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი საქართველოს 4 რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავზეა აგებული და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე მოგვითხრობს. კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პირველად შეძლო და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად მუშაობენ.

“მე და ევროპას” ჩვენება-დისკუსიების ციკლი მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 27 მარტს ილიას სახელმწიფო უნიდვერსიტეტში გახსნა. დისკუსიაში პოეტი რატი ამაღლობელი, ფილმის რეჟისორი გიორგი ქველიძე და პროდიუსერი თამარ ქველიძე მონაწილეობდნენ.

“ჩვენ დაგვიკავშირდა ევროკავშირი და გვითხრეს, რომ სურდათ დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომ გვეჩვენებინა როგორ არის ქართული ღრებულებები თანხვედრაში ევროპასთან. გადავიღეთ კახეთში, გურიაში, რაჭაში და იმერეთში. ძალიან საინტერესო პროცესი იყო პერსონაჟების შერჩევა" - განაცხადა ფილმის რეჟისორმა გიორგი ქველიძემ.

ჩვენებებს MDF თბილისთან ერთად საქართველოს 8 რეგიონში გამართავს : კახეთი (ყვარელი), სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი, ხულო), გურია (ლანჩხუთი) და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე (ამბროლაური).

“ფილმი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გვიჩვენებს ევროპულ ღირებულებებს არა განყენებულად, არამედ საქართველოს ერთი მოქალაქის პერსპექტივიდან, ფილმში ჩანს ის კავშირი, სწრაფვა, რომელიც საქართველოს აქვს ამ ღრებულებებისადმი, თუმცა ჩვენ დიდი გზა გვაქვს წინ გასავლელი, რომ როგორც სახელმწიფო სრულფასოვნად მოვახდინოთ აი ამ ღირებულებების რეალიზება“ - თამარ კინწურაშვილი, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

R