ავტორი:

"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?

"ჰავანის სინდრომი" - საიდუმლო დაავადება, რომელიც ამერიკელ ოფიციალურ პირებს გამოუვლინდათ: როგორ უკავშირდება ეს რუსულ სპეცსამსახურებს და რა მოხდა თბილისში?

The Insider-ი, ამერიკული ტელეკომპანია CBS-ი და გერმანული გამოცემა Spiegel-ი ერთობლივ გამოძიებას აქვეყნებენ, რომლიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) თანამშრომლები აკუსტიკურ თავდასხმებს ახორციელებდნენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე, რაც ე.წ. “ჰავანის სინდრომს” იწვევდა.

  • "ჰავანის სინდრომი“ დაუდგენელ დაავადებას იმის გამო ეწოდა, რომ პირველად კუბის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოში დაფიქსირდა - დიპლომატები და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები 2016-17 წლებში, დაუდგენელი მიზეზებით ავად ხდებოდნენ.

ამ დაავადების დროს ადამიანი მოულოდნელად ავად ხდება. იმატებს წნევა, აქვს ყურების ტკივილი, გულისრევა, პანიკური შეტევა, ესმის უცნაური ხმაური. მსხვერპლის ნაწილი, წლების გასვლის მიუხედავად, დღესაც უჩივის პრობლემებს: ცნობიერების დაბინდვას, კონცენტრაციის პრობლემებს, წონასწორობის დაკარგვას, უძილობას და ა.შ.

გამოძიების მასალების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი ინციდენტები გაცილებით უფრო ადრე, 2014 წელსაც უნდა მომხდარიყო...

ე.წ. ჰავანის სინდრომის შემთხვევები, რომელიც ამერიკელ დიპლომატებს, მათი ოჯახის წევრებს, ოფიციალურ პირებსა და დაზვერვის ოფიცრებს გამოუვლინდათ, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის "ქვედანაყოფ 29155"-ის თანამშრომლების საიდუმლო ოპერაციის შედეგია.

"ჰავანის სინდრომის“ ფაქტები საეჭვოდ ემთხვეოდა "GRU-ს 29155" თანამშრომლების უცხოურ ვიზიტებს. კერძოდ, ლაპარაკია, ალექსანდრე მიშკინსა და დენის სერგეევზე, ​​დაზვერვის სამსახურის იმ ორ თანამშრომელზე, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში.

კერძოდ, 2014 წლის შემოდგომაზე GRU-ს ოფიცერთა ჯგუფი იმყოფებოდა ჟენევაში, სადაც მათ შეეძლოთ მანქანის დაქირავება მეზობელ ქალაქებში გადასასვლელად. ნოემბერში ფრანკფურტში ამერიკის საკონსულოს ერთ-ერთ თანამშრომელს განუვითარდა უეცარი გულისრევა, თავბრუსხვევა და სმენითი ჰალუცინაციები. მოგვიანებით მან ფოტოდან ამოიცნო GRU-ს ოფიცერი იგორ გორდიენკო, რომელიც "დადიოდა საკონსულოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსში“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

2016 და 2017 წლებში რუსი აგენტების ჯგუფი ჩინეთში აღმოჩნდა, სადაც რუსული მხარე აბრეშუმის გზის აქციას აწყობდა. ეს ვიზიტები დაემთხვა "ჰავანის სინდრომის“ მსგავსი შემთხვევების შესახებ მოხსენებებს: შანხაიში სახელმწიფო დეპარტამენტის IT სპეციალისტს გამოაჩნდა სიმპტომები, ისევე, როგორც ამერიკელთა ჯგუფს, რომელიც მუშაობდა გუანჯოუში.

გამოძიების თანახმად, "ჰავანოს სინდრომის“ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 2023 წელს, ვილნიუსში, ნატოს სამიტზე დაფიქსირდა - “ჰავანის სინდრომის” მსგავსი სიმპტომები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა იგრძნო და სამედიცინო დახმარებას მიმართა.

  • რა მოხდა თბილისში

გამოძიება თბილისში მომხდარ შემთხვევასაც მოიცავს. 2020 წლის თებერვალში ჯოი (სახელი შეცვლილია) საქართველოში საცხოვრებლად დიპლომატ მეუღლესთან და შვილთან ერთად ჩამოვიდა.

ისინი საელჩოს მიმდებარედ ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში დასახლდნენ. ჯოი გამოცდილი ექიმი გახლდათ და მუშაობდა კერძო ამერიკულ კლინიკაში დაიწყო.

"2021 წლის 7 ოქტომბერს ჯოი შვილის სკოლიდან დაბრუნებას ელოდა და მეორე სართულზე სარეცხს რეცხავდა. როდესაც სარეცხის მანქანიდან ტანსაცმელს იღებდა, ფანჯრისკენ მიბრუნდა, უცებ მოესმა ძლიერი ხმა და გარემო ყოვლისმომცველი ხმაურით აივსო. მომენტალურად დაეწყო ძლიერი თავის ტკივილი. ჯოი სააბაზანოში შევიდა, სადაც თითქოს ხმა გაქრა და ღებინება დაეწყო. ქალმა მაშინვე ქმარს დაურეკა, რომელიც მალევე მივიდა უსაფრთხოების თანამშრომლების თანხლებით. ქმრის მოლოდინში ჯოიმ გარეთ გაიხედა და შენიშნა უცნაური მანქანა, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს ამ ქუჩაზე და ფოტო გადაუღო. მანქანასთან იდგა მაღალი, გამხდარი, ქერათმიანი მამაკაცი. მის გვერდით ბავშვი იყო, გოგონა. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ჩაცმულები, თითქოს წვეულებაზე ან სპექტაკლზე მიდიოდნენ. როდესაც მამაკაცმა დაინახა, რომ ჯოი სურათებს იღებდა, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში“, - წერია მასალებში.

იმ დღის შემდეგ ჯოი ყოველდღე განიცდის მძიმე შეტევებს. ცნობიერება დაბინდული აქვს, უჭირს კიბეებზე ჩასვლა და აწუხებს სმენის პრობლემები. ძლიერი თავბრუსხვევის გამო, ზოგჯერ საწოლში გადაბრუნებაც უჭირს. სმენა ჰიპერმგრძნობიარე გაუხდა და კონდიციონერის ხმაც კი მისთვის თვითმფრინავის ძრავის ხმასავით ჟღერს.

ჯოის ჰოპკინსის უნივერსიტეტში დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით დადასტურდა ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში - ორმხრივი ნახევარწრიული არხის დეჰისცენცია ძალიან იშვიათი დაავადებაა. ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი, მაგრამ მაშინ დაავადება დიდი ხნის წინ გამოვლინდებოდა. ასევე შეიძლება იყოს ტრავმის შემდეგ, მაგრამ ქალს ტრავმა არ მიუღია. დაზარალებულს ოპერაცია გაუკეთეს და თავის ქალას ორივე მხარეს ლითონის ფირფიტები ჩაუსვეს. ამან შეუმსუბუქა სიმპტომები, მაგრამ სრულად არ გამქრალა“, - ნათქვამია გამოძიების მასალებში.

ამერიკელმა გამომძიებლებმა ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია ინციდენტი. თუმცა, როგორც The Insider-მა გაარკვია, უცნაური დამთხვევით, იმ მომენტში საქართველოში იმყოფებოდნენ GRU-ს 29155-ე განყოფილების ოფიცრები:

"2021 წლის 30 სექტემბერს 29155 - ე სამხედრო ნაწილის უფროსი გენერალი ანდრეი ავერიანოვი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამავდროულად, მოსკოვიდან გაფრინდა მისი ვაჟი ალბერტ ავერიანოვი, რომელიც მამამ თავის განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ წაიყვანა სამუშაოდ".

ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს გრუ-ს აგენტები მოსკოვიდან ჯერ ტაშკენტში გაფრინდნენ, იქიდან კი - თბილისში.

მომხდარის დღეს, გენერალმა ავერიანოვმა ტელეფონი გათიშა, რის შემდეგაც მისი შემდგომი მარშრუტის დადგენა ძნელია; ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის კვლავ ჩნდება მოსკოვში 10 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც მისი შვილი.

როდესაც ჯოის აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო, მან ის, ფაქტობრივად, ამოიცნო:

"ეს ფოტო რომ ვნახე, მაშინვე სპონტანური რეაქცია მქონდა, თავს ცუდად ვგრძნობდი. ვერ ვიქნები 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს ზუსტად ის ადამიანია, მაგრამ მას ძალიან ჰგავს".

თავად ალბერტ ავერიანოვმა The Insider-თან კომენტარზე უარი თქვა.

  • რას ამბობენ კრემლში

რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ ბრალდებები "ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან კავშირის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

"მოგეხსენებათ, რომ ეს სულაც არ არის ახალი თემა, მრავალი წლის განმავლობაში პრესაში განიხილებოდა ეგრეთ წოდებული "ჰავანის სინდრომის“ თემა და ყველაზე ხშირად ის თავიდანვე რაღაცნაირად უკავშირდებოდა რუსული მხარის დადანაშაულებას. მაგრამ არასოდეს არავის არ გამოუქვეყნებია ან გამოუთქვამს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ამ უსაფუძვლო ბრალდებების შესახებ, ასე რომ, ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები“, - განაცხადა პესკოვმა.