ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი ხვრინავთ? - ეს უბრალო დისკომფორტი არაა

ადამიანები, რომლებიც ხვრინავენ, ხშირად ფიქრობენ, რომ ეს უბრალო დისკომფორტია და ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. რეალურად კი ხვრინვა, როგორც წესი, ძილის აპნოეს, პოტენციურად საშიშ ძილის დარღვევას უკავშირდება.

ძილის აპნოე არის პოტენციურად დარღვევა, რომლის დროსაც სუნთქვა ძილში წყდება ეპიზოდურად და განმეორებით. სუნთქვის შეჩერება შეიძლება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გაგრძელდეს. თუ ხვრინავთ და დილით დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა ძილის აპნოე გქონდეთ.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ლელა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ძილის აპნოე. ეს შეიძლება იყოს ობსტრუქციული, ცენტრალური ან შერეული ტიპის ძილის აპნოე. აღნიშნული პრობლემის შესახებ, მის სიმპტომებსა და დიაგნოსტირებაზე ნევროლოგი დეტალურად გვესაუბრება.

რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის ძილის აპნოეს შორის?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძილის აპნოეს ძირითადი ტიპებია ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA) და ძილის ცენტრალური აპნოე (CSA).

  • ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA) არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და ანატომიური თავისებურებებით.
  • ძილის ცენტრალური აპნოე (CSA) ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.

როგორია ძილის აპნოეს სიმპტომები?

ძირითადი სიმპტომია ხვრინვა და სუნთქვის შეჩერება ძილში. სუნთქვის შეჩერება იწვევს გამოღვიძებას. რადგან ძილი წყვეტილია, ადამიანი იღვიძებს დაღლილი, გამოღვიძებისას აქვს თავის ტკივილი. დღის განმავლობაში დამახასიათებელია ძილიანობა, დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის დაქვეითება.

გარდა აღნიშნულისა, ძილის აპნოეს სიმპტომებია: სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს, პირის სიმშრალით გაღვიძება, უძილობა, იგივე ინსომნია.

აღსანიშნავია, რომ ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოეს სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ხშირად აპნოეს ტიპის დადგენას ართულებს.

რა იწვევს ძილის აპნოეს?

მიზეზები განსხვავდება ძილის აპნოეს ტიპის მიხედვით. ამიტომ ორივეზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება, როდესაც ხახის უკანა კუნთები მოდუნებულია. ეს კუნთები იჭერენ რბილ სასას, სამკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც მოიცავს რბილ სასას-უვულას, ნუშისებრ ჯირკვლებს, ხახის გვერდითა კედლებს და ენას. როცა კუნთები დუნდება, სასუნთქი გზა ვიწროვდება ან იხშობა ჰაერის ჩასუნთქვისას და ართულებს სუნთქვას. ეს შეიძლება გახდეს სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზი. თავის ტვინი შეიგრძნობს, რომ ვერ სუნთქავთ და გაღვიძებთ მცირე ხნით, რათა სასუნთქი გზა გაიხსნას. გაღვიძება ჩვეულებრივ იმდენად ხანმოკლეა, რომ ხშირად არც კი გახსოვთ. შესაძლოა განვითარდეს ქოშინი, მოხრჩობის ან მოგუდვის შეგრძნება. ეს სიმპტომები შესაძლოა საათში 5–30 ჯერ განმეორდეს, მთელი ღამის განმავლობაში. ამის გამო, ირღვევა ძილის ფაზები.

ძილის ობსტრუქციული აპნოე ასევე შეიძლება გამოიწვიოს სახის ანატომიურმა თავისებურებამ ან დარღვევამ.

ძილის ცენტრალური აპნოე უფრო იშვიათად გავრცელებული ფორმაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინი ვერ გადასცემს სიგნალებს სასუნთქ კუნთებს. ეს ნიშნავს, რომ ხდება სუნთქვის შეჩერება დროის მოკლე მონაკვეთში. შესაძლოა გაგეღვიძოთ სუნთქვის უკმარისობით და გაგიჭირდეთ ჩაძინება ან დაგერღვათ ძილი.

რა ფაქტორები ზრდის დაავადების განვითარების რისკს?

რისკფაქტორებზე საუბრის დაწყებამდე, გეტყვით, რომ ეს ძილის აპნოე უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. შესაბამისად, მამაკაცები უფრო მეტად არიან მისი განვითარების რისკჯგუფში, ვიდრე ქალები. ზოგადად კი, ის შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს.

ობსტრუქციული ძილის აპნოეს შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას შემდეგი ფაქტორები ახდენს:

  • ჭარბწონიანობა - სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ობსტრუქციული ძილის აპნოეს განვითარების რისკებს. ცხიმოვანი ფენა გროვდება ზედა სასუნთქი გზების გარშემო, რაც ხელს უშლის ჰაერის თავისუფალ მოძრაობას.
  • კისრის გარშემოწერილობა - სქელი კისრის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები.
  • ვიწრო სასუნთქი გზები - შესაძლოა გქონდეთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი. ნუშისებრი ჯირკვლების ან ადენოიდების გადიდებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაბლოკვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში.
  • ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება ადუნებს სასუნთქი და საყლაპავი სისტემის კუნთებს, რამაც შესაძლოა გააუარესოს ძილის ობსტრუქციული აპნოე.
  • თამბაქოს მოხმარება - მწეველებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია. თამბაქოს მოხმარება განაპირობებს ზედა სასუნთქ გზებში ანთების ჩამოყალიბებას და სითხის შეკავებას.
  • ცხვირით სუნთქვის პრობლემები - ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა, იქნება ეს ანატომიური პრობლემებით, თუ ალერგიით გამოწვეული, განაპირობებს ძილის აპნოეს განვითარების რისკს.
  • სხვადასხვა დაავადებები - გულის ქრონიკული უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა და ტიპი 2 დიაბეტი წარმოადგენენ ძილის ობსტრუქციული აპნოეს მაპროვოცირებელ რისკებს. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰორმონალური დარღვევები, გადატანილი ინსულტი და ფილტვების ქრონიკული დაავადება, მაგ. ასთმა ასევე ზრდის აპნოეს განვითარების რისკებს.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობა და ოჯახური ანამნეზი კიდევ უფრო ზრდის დაავადების გაჩენის რისკს.

რაც შეეხება ცენტრალური ძილის აპნოეს, მისი მაპროვოცირებელი რისკფაქტორებია: გულის დაავადებები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება და გადატანილი ინსულტი.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოემ, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ?

ძილის აპნოე სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევთ. გარდა იმისა, რომ იწვევს დაღლილობას და გაღიზიანებას, კონცენტრაციის დარღვევას დღის განმავლობაში, დაკავშირებულია დეპრესიასთან. უფრო შორეულ გართულებად შეიძლება ჩავთვალოთ კარდიოვასკულარული დაავადებები. სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი ვარდნა, რომელიც ვითარდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს, ზრდის არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ობსტრუქციული ძილის აპნოე შესაძლოა გახდეს მაღალი წნევის მიზეზი. მან შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია.

ძილის აპნოეს შორეულ გართულებებს შორისაა: ტიპი 2 დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გართულებები მედიკამენტებით მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ღვიძლის პრობლემები.

როგორც აღნიშნეთ, ძილის აპნოე შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც. ამ დროს რა თავისებურებებმა შეიძლება იჩინოს თავის?

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ხვრინავს სამზე მეტი ღამე კვირაში, საჭიროებს ძილის აპნოეს გამორიცხვას. ბავშვთა პოპულაციაში ძილის აპნოეს სიხშირე 1-5 პროცენტია.

ძილის აპნოეს განვითარების რისკფაქტორებია ბავშვებში: ადენოტონზილარული ჰიპერტროფია, ჭარბი წონა, ორთოდონტიული პრობლემები, ცერებრული დამბლა, დაუნის სინდრომი, კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, სხვა გენეტიკური სინდრომები.

სტანდარტული სიმპტომების პარალელურად, ბავშვებში ძილის აპნოე იწვევს: დასწავლის პრობლემებს, ქცევითი დარღვევებსა და ენურეზს. შორეულ გართულებებს შორსაა ზრდაში შეფერხებაც.

როგორ ხდება ძილის აპნოეს დიაგნოსტირება?

ძილის აპნოეს გამოვლენა „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხდება პოლისომნოგრაფიით. ეს გახლავთ ძილის შესწავლა მთელი ღამის განმავლობაში, რაც აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტური მეთოდია.

პოლისომნოგრაფია შეისწავლის შემდგომ პარამეტრებს: სუნთქვითი მოქმედება და ჰაერის ნაკადი, სატურაცია, გულისცემის სიხშირე და რიტმი, ძილის ფაზების ხანგრძლივობა, სხეულის პოზიცია, კუნთოვანი აქტივობა, ოკულოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფიული არხები და ვიდეო ტელემეტრია.

მისი ამოცნობა და შესაბამის კვლევაზე გადამისამართება შეიძლება მოხდეს როგორც პირველადი ჯანდაცვის რგოლში ოჯახის ექიმთან, ისე ოტორინოლარინგოლოგისა და ნევროლოგის მიერ.

R