ავტორი:

რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

რა არის გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა, რომელიც ცნობილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მენიუდან გახდა და ხარობს თუ არა ეს მცენარე საქართველოში?

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი თერთმეტმეტრიანების სერიით დაამარცხა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ზეიმი დღემდე გრძელდება, ჩვენი მკითხველიც ჯიუტად გვთხოვს, რომ კვლავაც შევთავაზოთ სტატიები ამ გამარჯვებაზე.

ამჯერად გადავწყვიტეთ კიდევ ერთი მკითხველის სურვილით მოვამზადოთ სტატია, თუ რა არის გოჯი ბერი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჩვენი ნაკრების წევრებს ის განსაკუთრებით უყვართ, მას მერე, რაც მათმა შეფმზარეულმა კონსტანტინე თედელურმა ნაკრების მენიუში შეიტანა. მოგეხსენებათ, ჩვენი ეროვნული გუნდის კვებაზე სწორედ შეფი კონსტანტინე ზრუნავდა.

"შეფ, რა ჰქვია იმას? გოჯი ბერი! გო-ჯი ბე-რი! გო-ჯი ბე-რი!.." - ისმის გამარჯვების შემდეგ გასახდელიდან გამოქვეყნებულ კადრებში.

"ეს არის სხეულის ელექსირი, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალს, ძალიან ეხმარება მხედველობას, თავის ტვინის მუშაობას და კონცენტრაციას და ასევე ძალიან კარგია კანსა და კუნთს შორის წარმოქმნილი ცხიმების დასაშლელად, რაც ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შეფ კონსტანტინემ, როდესაც ჰკითხეს, თუ რა იყო გოჯი ბერი.

  • მაშ ასე: რა არის გოჯი ბერი?

გოჯი ბერი, იგივე მგლის კენკრა - "WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელობის ნაყოფს ნიშნავს.

ძველი ჩინური გადმოცემის მიხედვით, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს ლი ცინიუნი ერქვა და 256 წელიწადს იცოცხლა. ლი ცინიუნის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო იყო მცენარე, რომლის ნაყოფსაც იგი ყოველდღე ჭამდა. ეს იყო გოჯის კენკრა, იგივე გოჯი ბერი.

მის შესახებ პირველი ინფორმაცია გხვდება დაახლოებით, 4000 წლის წინ შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში, ხოლო მისი სამკურნალო თვისებები "სიცოცხლის ხის“ სახელით აღიწერა "სიმღერების წიგნში“ 2000 წლის წინ.

ჩანაწერებიდან ირკვევა, გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მონასტრის სიახლოვეს, რამდენიმე წყაროსთან იზრდებოდა ეს მცენარეები, თუმცა ჩიტების გარდა არავინ აგემოვნებდა, თუმცა მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა და სვამდნენ რა ამ წყალს, ბერებმა აღმოაჩინეს მისი მრავალი სასარგებლო თვისება.

მთის მონასტრიდან, თანდათან გოჯის გადმორგვა, სულ უფრო დაბლა ხდებოდა, მალე იმპერატორის და ჩინეთის არისტოკრატიის ბაღებშიც გამოჩნდა. კულტურაზე მებაღეების არაერთი თაობა მუშაობდა, საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მისი სელექცია.

2000 წლიდან, გოჯი ბერი და მისგან მიღებული პროდუქტები გავრცელდა განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ჯანსაღი საკვები და ალტერნატიული მედიცინის საშუალება.

გასულ საუკუნეში კანადელ-ამერიკელმა დიეტოლოგმა ერლ მინდელმა შეისწავლა ამ კენკრის თვისებები და გამოსცა წიგნი, სადაც ჩამოთვლილია 33 მიზეზი, რის გამოც გოჯის ნაყოფი ყოველდღე უნდა მივიღოთ: ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ორგანიზმს აძლევს ძალას და მხნეობას, ამცირებს სიმსივნით დაავადების რისკს, არეგულირებს ქოლესტერინისა და შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს წონის დაკლებას, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ტვინის საერთო მდგომარეობას, განაყოფიერების პროცესს, აძლიერებს ნერვულ სისტემას. ჩინეთში გოჯის ნაყოფს დიაბეტის სამკურნალოდაც იყენებენ. ეს ამ მცენარის სარგებლიანობის არასრული სიაა...

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთ-ერთ საარქივო სტატიაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ელენე მაღლაკელიძე ამბობს, გოჯის კენკრა ტიბეტური წარმომავლობისაა. ჩინელებს მისი ნაყოფი საუკუნეების განმავლობაში მოჰყავდათ. კომერციული დატვირთვა ამ მცენარემ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შეიძინა, როცა ევროპასა და ამერიკაში გავრცელდა. დასავლეთის ქვეყნებში მისი უნიკალური თვისებები ახალი აღმოჩენილია, ხოლო ჩინელებმა გოჯის სიკეთის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდნენ. სხვათა შორის, ამ მცენარის ველური სახეობა საქართველოშიც არსებობს, მას მგლის კენკრას, ანუ თეთრ ეკალასაც ეძახიან. კულტურული სახით გოჯის კენკრა ძირითადად ჩინეთში გვხვდება, მათ გამოიყვანეს მცენარის არაერთი ჯიშიც.

ელენე მაღლაკელიძე:

"უპირველესად, ეს მცენარე ბევრ ვიტამინსა და ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც მრავალი დაავადებისთვის არის სასარგებლო. რაც შეეხება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ეს მხოლოდ ერთი მცენარის მიღებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ჯანსაღ საკვებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე და თვითონ ადამიანის ორგანიზმზეც. გოჯის კენკრა პირველ ნაყოფს დაახლოებით 2 წელიწადში იძლევა, 4-5 წლის შემდეგ კი უკვე სამრეწველო მსხმოიარობას იწყებს. ეს კულტურა საქართველოში ადვილად გამრავლდება, რადგან კლიმატური პირობებისადმი მომთხოვნი არ არის, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოს ხრიოკ ადგილებში კარგად ხარობს. გოჯი ყინვასაც უძლებს და მაღალ ტემპერატურასაც. კალმით კარგად ფესვიანდება და მრავლდება. ბუნებრივია, გოჯის ნერგებს მორწყვაც სჭირდება, გასხვლაც და სასუქის შეტანაც".

  • როგორ გამოიყურება ეს მცენარე?

გოჯი ხე ან ბუჩქია, საკმაოდ მაღალი იზრდება - 2-3 მეტრამდეც. მას ხშირად სხლავენ და ფორმას აძლევენ. გოჯის კენკრის მოსავლიანობა დიდია - 5-7 ტონა 1 ჰექტარზე. ცუდ პირობებშიც კი შეიძლება 1 ბუჩქიდან 1,5 კგ ნაყოფის მიღება. მისი ნაყოფი მაისიდან სექტემბრის ჩათვლით მწიფდება ან ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით - გააჩნია, რომელი ჯიშია და როდის შემოდის. საქართველოს კლიმატური პირობები მცენარის გასამრავლებლად შესანიშნავია. გოჯი ისეთ ქვეყნებშიც კი ხარობს, სადაც ჩვენისთანა რბილი და ზომიერი კლიმატი არ არის. ძალიან სასარგებლოა გოჯის ჩირი, თუმცა მის ნედლ ნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევენ.

გოჯის დღიური ნორმა 1 სუფრის კოვზია. სხვათა შორის, ცნობილი გოჯის კრემის საფუძველი სწორედ გოჯის კენკრაა. დღეს ამ მცენარეს მრავალი ქვეყნის მეცნიერები სწავლობენ. შეიძლება ითქვას, გოჯის კენკრა თავისი უნიკალური თვისებებით მთელ მსოფლიოს აოცებს.

გოჯი ბერის შავი ჯიში

  • გოჯი ბერი საქართველოში

როგორც ირკვევა, 2016 წელს ჩინეთის ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართულ მხარეს ჩინეთიდან გოჯი ბერის 5 სხვადასხვა ჯიშის 1000 საბაზისო ნერგი გადმოეცა.

"მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყოფი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით. ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ. აღნიშნული ნერგები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე დაირგო, ახლო პერიოდში მოხდება მათი შესწავლა, სარგავი მასალის წარმოება და შემდგომში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავრცელება", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.