ავტორი:

"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გულშემატკივარს დაუვიწყარი და ბედნიერი დღეები აჩუქა. ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ გამარჯვების მიღმა თითოეული ფეხბურთელის უდიდესი მონდომება და შრომაა. ერთია ფინალი და ფინალში გამარჯვება და მეორე გზა, რომელმაც ჩვენი გუნდი ფინალამდე მიიყვანა.

სხვა დანარჩენ სპორტსმენებთან ერთად ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ფანებმა ნაკრებში გამოჩენისთანავე განსაკუთრებით შეიყვარეს.

"ჩვენ ეს შევძელით, ყველამ ერთად დავწერეთ საქართველოს ისტორია. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს! საოცარი ემოციაა პენალტებით გამარჯვება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. @euro2024, ჩვენ მოვდივართ", - დაწერა "ინსტაგრამზე" მიქაუტაძემ გამარჯვების შემდეგ.

გიორგი შეიძლება ითქვას, რომ შტატიანი პენალტისტია, ამიტომ, როცა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მიდგა, არავის გაჰკვირვებია, რომ საბერძნეთთან დაპირისპირებისას მწვრთნელის, ვილი სანიოლის დასახლებულ ხუთეულში გიორგიც აღმოჩნდა, თუმცა ჟორჟს, როგორც მას საფრანგეთში ეძახიან, არ გაუმართლა, მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა. თუ როგორ ინერვიულა, როგორ განიცადა ეს უიღბლობა, მოედანზევე გამოჩნდა... თუმცა ასეთი რამ უდიდეს ფეხბურთელებსაც ემართება, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ, რობერტო ბაჯოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაფუჭებული პენალტიც კმარა გასახსენებლად. ასე, რომ ჩვენმა ბიჭმა გული არ უნდა გაიტეხოს. წინ ევროპის ჩემპიონატია, დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს და გვასახელებს.

"მიქაუტაძე არსად ჩანს და ყველამ ვიცით, მის გულში რაც ხდება... პენალტები ისეთ ვარსკვლავებს გაუფუჭებიათ ეგეთები, რომ აღარ განმეორდებიან. ამიტომ დიდი წარმატება მას, ეს გამოცდილება დიდ ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს. "მიქაა", ვამაყობთ შენით", - წერს გიორგის ერთ-ერთი ფანი სოციალურ ქსელში

"გიო, შენ გენაცვალე, არავის ახსოვს ის პენალტი... შენ უნდა გვყავდე კარგად და მაგრად. ერთ კაცს არ დასცდენია ცუდი რამე. გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე", - წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.

ის ლიონში დაიბადა, ფეხბურთზე მამამ შეიყვანა, როცა 6 წლის იყო.

"სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი, ერთი წლის შემდეგ "ოლიმპიკ ლიონში" გადავედი, იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქიდან კი "მეციში“ გადმოვედი“, - ამბობს მიქაუტაძე.

გასულ წელ გიორგის დედამ ნათია მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში შვილის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გიო 8 წლის ასაკში, ლიონელ მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

"ვინ იფიქრებდა, ამ დროს პაწაწუნა ხელებით რომ ქართულ დროშას აფრიალებდა, თავის ლიონელ ამხანაგებთან ერთად, რამდენიმე წელიწადში მის ღირსებას მოედანზე დაიცავდა და ქართველი ხალხის სიყვარულსა და ნდობას დაიმსახურებდა. მადლობა ყველას", - დაწერა ნათია მიქაუტაძემ.

გიორგი იხსენებს, რომ "ლიონიდან“ წასვლა მარტივი არ ყოფილა.

"ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ "ლიონია“ და მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, - ამბობს ფეხბურთელი.

დედასთან ერთად

  • გიორგი მიქაუტაძე არ იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან დაუკავშირდნენ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაც მიიღო და მოქალაქეობაც.

ის იხსენებს, რომ თავდაპირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაუკავშირდა:

"ლევან კობიაშვილმა მოგვწერა მე და მამაჩემს და დაელაპარაკა. თქვა, რომ უნდათ, ნაკრებში ვითამაშო. მერე, როცა სანიოლი გახდა მწვრთნელი, დამირეკა, ეგ ხო ფრანგულად ლაპარაკობს და უფრო ადვილად ვილაპარაკეთ და მითხრა, მინდა, ჩემს გუნდში იყოო.

სანიოლსაც რომ არ დაერეკა, მოვდიოდი უკვე და სანიოლმაც რომ დამირეკა, პლუსი იყო“, - ამბობს გიორგი.

  • კითხვას, - ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში შოთა არველაძეს აქვს - 26, შენი აზრით, გაასწრებ? - მიქაუტაძე ასე პასუხობს:

"მინდა გასწრება, ფორვარდი ვარ, მიყვარს გოლების გატანა, მინდა, რომ გავასწრო“.

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის. ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში Geoteam-მა ჩააკითხა. ვრცელი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გიზიარებთ:

გიორგის თქმით, ფეხბურთში ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გატანილი გოლები უყვარს.

"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას“, - ამბობს ფეხბურთელი.

მისთვის ოჯახი ყველაფერია. ამბობს, რომ შინ, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ქართულად ლაპარაკობენ.

"თუ მშობლები ჩემთან არ არიან, მაშინ ტელეფონით დღეში რამდენჯერმე ვლაპარაკობთ, აინტერესებთ როგორ ვარ, ჩემმა დღემ როგორ ჩაიარა, რა ვჭამე...", - ყვება გიორგი.

ის ჯერ სულ რაღაც 23 წლის არის და მთელი კარიერა წინ აქვს...

ჰოდა, წინ, გიორგი, ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ!