ავტორი:

"ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია - მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას" - ლატვიის სეიმის წევრი

"ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია - მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას" - ლატვიის სეიმის წევრი

ბექა ოდიშარიას სიტყვები ამაზრზენი და ბილწია, მას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი უნდა ჩამოერთვას. ამის შესახებ ლატვიის პარლამენტის (სეიმის) წევრი რიჰარდს კოლსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოს სასწორი კიდევ ერთხელ კრემლისკენ იხრება…

ციტირებული საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა ოდიშარია, მარტო არაა ამაზე პასუხისმგებელი. ის პასუხისმგებელია თავისი სიტყვებისთვის, რომლებითაც მიმართა თავის კოლეგებს, პარლამენტის ქალ წევრებს. ტექსტი - ცალსახად, ამაზრზენი, ბილწი.

ბექა ოდიშარია ამ მომენტისთვის ასევე საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულია - პიროვნება, რომელსაც ლატვია თავის წარმომადგენლობას ანდობს… სირცხვილია ასე გაგრძელება; საჭიროზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ საპატიო კონსულის სტატუსი გაწვეულ იქნას.

სასწორის თეფშების შესახებ. საქართველო კვლავ ნელ-ნელა მიდის კრემლისკენ და სულ უფრო და უფრო შორდება ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საქართველოს მომავლის ევროატლანტიკურ სივრცეში აწყობის სასარგებლოდ. გამოცოცხლებული ზომბი - “უცხოური აგენტები” კანონპროექტი, რომელიც რუსეთზეა მოდელირებული და უმრავლესობით უარყოფილი. კარგი არგუმენტები და დათმობის გზები სრულდება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეორე მხარე არ ბრუნდება, არამედ გშორდება,” - წერს კოლსი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით "ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

"თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ მოგვიანებით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებთან დაკავშირებით.