ავტორი:

"წიგნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და  მნიშვნელოვანი საჩუქარია":  გიორგი კეკელიძე წიგნის ჩუქების ტრადიციაზე

"წიგნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და  მნიშვნელოვანი საჩუქარია":  გიორგი კეკელიძე წიგნის ჩუქების ტრადიციაზე

წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც უსულო ეკრანების ნაცვლად - ყდაგაცვეთილი ტომებია, რომლებიც დროის სურნელს და წინა საუკუნეების სამახსოვრო წარწერებს ინახავს... სამყარო, სადაც სიტყვების ძალით უსაზღვრო ფანტაზია ცოცხლდება და მარტოობის ნაცვლად - ბრძენი თანამოსაუბრეები არიან, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ თავიანთი ცოდნა და საიდუმლოებები. ეს სამყარო არ არის უტოპია, არამედ რეალობა, რომელსაც გვაძლევს წიგნი. ის საუკეთესო საჩუქარია, რომლის ჩუქებით, ადამიანს თქვენი გულის პატარა ნაწილსაც უზიარებთ...

23 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს წიგნის ჩუქების დღეს, რომელიც პირველად ესპანეთში დამკვიდრდა და ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. - ვის და რატომ გაუჩნდა იდეა, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ, მოგვიანებით კი აპრილის თვე - წიგნის ჩუქების თვედ ქცეულიყო, ამაზე ტრადიციის სულის ჩამდგმელს, „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორსა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეს - გიორგი კეკელიძეს ვესაუბრეთ.

მოგვიყევით, როგორ გახდა აპრილი წიგნის ჩუქების თვე საქართველოში, რა იყო წინაპირობა ამ ტრადიციის დასამკვიდრებლად?

- წიგნის ჩუქების თვე და დღეც, არ არის ორიგინალური იდეა, რადგან ეს ტრადიცია ესპანელებს ერთი საინტერესო ამბის გამო ეკუთვნით. თავის დროზე, ესპანეთში არსებობდა ყვავილების ჩუქების დღე და მოგვიანებით, როდესაც ეს დღე ძალიან აქტიურ და საინტერესო პერმანენტულ ღონისძიებად იქცა, წიგნის გამომცემლებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა არსებულიყო წიგნის ჩუქების დღეც. წიგნი, როგორც საჩუქარი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კულტურული არტეფაქტია. გადაწყდა, რომ 23 აპრილს, რომელიც მიგელ დე სერვანტესის და ამავდროულად, უილიამ შექსპირის დღეა, დაწესებულიყო წიგნის ჩუქების დღე. დღემდე, ეს ტრადიცია ევროპის არაერთ ქვეყანაში ძალიან აქტუალურია. 2019 წელს, მე და კომპანია „ბიბლუსმა“ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც დაწესებულიყო ეს დღე და მინდა გითხრათ, რომ იმ კონკრეტულ წელს ადამიანების მოწადინებამ და ჩართულობამ ამ დღესთან დაკავშირებით, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულება, უამრავი ბიზნესი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ჩაერთო ამ პროცესში. პირველი წელი ხაზგასმით გამორჩეული იყო, რადგან სრულიად არალოკალური ბუმი გამოიწვია. მერე, სამწუხაროდ ამ ყველაფერს დაემთხვა კორონა ვირუსის პანდემია და 2021-22 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ამ დღის აღნიშვნა, მუხტი ცოტათი შენელდა. 2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ წიგნის ჩუქების დღე გადაგვექცია წიგნის ჩუქების თვედ, რომლის კულმინაცია 23 აპრილი იქნებოდა. წიგნის ჩუქების თვე შესაძლებლობას გვაძლევს გავმართოთ გაცილებით მეტი ღონისძიება, რომელშიც გაცილებით ბევრი ადამიანი ჩაერთვება. გაცილებით ბევრი სოფლის სკოლა და ბიბლიოთეკა იქნება ამ პროცესის მონაწილე და აპრილი აქტიურ თვედ მოინიშნება ჩვენი საგანმანათლებლო ცხოვრების რუკაზე.

როგორი ღონისძიებები იმართება წიგნის ჩუქების თვის პერიოდში?

- ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება, თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე, ისეთ დაწესებულებებში, სადაც წიგნები ძალიან სჭირდებათ. მათ შორის სადაც პენიტენციური სისტემაა, ვთქვათ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლები; სხვადასხვა სპეციალური ჯგუფების თავშესაფრები და ა.შ. ღონისძიების გახსნითი დღე გამორჩეული იქნება იმითაც, რომ დავაჯილდოებთ კონკრეტულ ადამიანებს საუკუნის წიგნიერებით. მოგეხსენებათ, რომ წელს, ეს მოძრაობა გარკვეულწილად „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ ეგიდის ქვეშაც ტარდება, „ბიბლუსთან“ ერთად. ვაჯილდოებთ სამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან პერსონას ამ ტიტულით: მზექალა შანიძეს, გენიალურ ქართველ მთარგმნელს - ელზა ახვლედიანს და ბესიკ ხარანაულს. სწორედ ეს ადამიანები იქნებიან საუკუნის წიგნიერები და შესაბამისად, ამ ახალი ტრადიციის გამხსნელებიც.

რამდენად აიტაცა ქართველმა საზოგადოებამ ეს კამპანია?

- 2019 წელს, თითქმის ყველა ადამიანის სოციალურ ქსელზე გვხვდებოდა პოსტი ჰეშტეგით: #აჩუქეწიგნი. წელსაც ძალიან გვინდა, რომ იგივე მოხდეს. ამისთვის აუცილებელია მედიის აქტიური ჩართულობა და ადამიანების აქტიური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მუხტი წელსაც გაგრძელდება.

რას ნიშნავს თქვენთვის წიგნის ჩუქება?

- ჩემთვის წიგნი ორ მნიშვნელობას ატარებს: ბუნებრივია საკუთრივ ტექსტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, და მეორე - წიგნი, როგორც ნივთი, მეხსიერების და ხსოვნის აუცილებელი და განმსაზღვრელი ნაწილი. ვფიქრობ, რომ სანამ ადამიანს ეს განცდა აქვს, მისთვის ბეჭდური წიგნი ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. წიგნი მხოლოდ ტექსტად არ იქნება მოაზრებული, არამედ იქნება კონტექსტის ნაწილიც, თუ ვინ აჩუქა, სად კითხულობდა, რა ემოციებს აღძრავდა და ა.შ. მახსოვს წარწერები, რომლებსაც ჩემი ძველი სახლის ბიბლიოთეკაში ვნახულობდი. როგორ უძღვნიდნენ ადამიანები სხვადასხვა ეპოქაში წიგნებს ერთმანეთს და როგორი იყო წარწერები იმ წიგნებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველი ფაქტია, თუ როგორ უწერდნენ ადამიანები ერთმანეთს მეოცე საუკუნის დასაწყისში, როგორი იყო ამ წარწერების სტილი 40-იან, 80-იან წლებში, რა ძირითადი ნიუანსები გამოარჩევდა ამ წარწერებს. ეს ეპოქასაც ასახავს და საინტერესოა, დღეს რას წაუწერდით ადამიანებს წიგნზე. ეს თემა შეიძლება რაღაც თვალსაზრისით, ცალკე მიმართულებადაც მოვიაზროთ.

რომელმა წიგნებმა მოახდინა თქვენზე ძლიერი გავლენა?

- სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვამ. მოდით, სპონტანურად სამ წიგნს გამოვარჩევ: ბავშვობაში - მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ ; მიგელ სერვანტესის „დონ კიხოტი“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი.“

5 წიგნი, რომელსაც მკითხველს ურჩევდით?

- მოდით, იყოს ვაჟა ფშაველას პოემები; აკა მორჩილაძის რომელიმე რომანი, რომელსაც თავად გადაწყვეტენ; ჯალალ ედ-დინ რუმის პოეზია, უილიამ ფოლკნერის „აბესალომ, აბესალომ!“ და თომას მანის „ჯადოსნური მთა“.

ავტორი: თეა ინასარიძე