AL-MADAM - დუბაის ცათამბჯენებიდან ერთი საათის სავალზე ქვიშის დიუნებში მოთავსებული, 1990-იანი წლების მიტოვებული სოფელია. 1970-იან წლებში ნახევრად მომთაბარე ბედუინების საცხოვრებლად აშენებული სოფელი ალ-გურაიფა ოცი წლის შემდეგ მიატოვეს - ნავთობის სიმდიდრემ ქვეყანა ვაჭრობისა და ტურიზმის გლობალურ კერად აქცია.
ბოლო წლებში მოჩვენება-სოფელი, რომელიც შარჯას საამიროს ქალაქ ალ-მადამის მახლობლად მდებარეობს, ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. აქ მოხვედრილი სანაპიროს ქალაქების სიმდიდრიდან მკვეთრად სხვა გარემოში იმოგზაურებთ - ეს არის ადგილი, სადაც ემირატების მძიმე წარსულის ხილვას შეძლებთ, სანამ ის მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა გახდებოდა.

სოფელი ორ რიგად გაწყობილ სახლებსა და მეჩეთს წარმოადგენს და როგორც აჰმად სუკარმა, შარჯას უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა და ამ ადგილის მკვლევარმა განაცხადა, ეს არის ადგილი, რომელიც თანამედროვე არაბთა გაერთიანებულ საამიროზე ბევრ რამეს გასწავლით.

უცნობია, რამ გამოიწვია გადასახლება სოფელში სახლების აშენებიდან ოცი წლის შემდეგ. ადგილობრივების გადმოცემით, მოსახლეობა ბოროტმა სულებმა განდევნეს, მაგრამ არსებობს მეორე და კიდევ უფრო სარწმუნო ვერსია, რომ ისინი უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდნენ. სოფელში ელექტროენერგია და წყალი შეზღუდულად იყო, ამასთან, ოჯახებს უდაბნოში ხანგრძლივი მგზავრობა უწევდათ, რათა სამსახურებსა და სკოლებში მიეღწიათ.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი სახლები, რომელთა შიდა ფასადი თითქოს გარეთ არსებული დამღლელი ქვიშისგან ერთგვარ შველას წარმოადგენდა - სახლების კედლები ძირითადად სიმწვანეს და დიდ და ფერად ოთახებს წარმოადგენდა. დღესდღეობით სოფელს სულ უფრო მეტად ისაკუთრებს უდაბნო, ზოგიერთ სახლში ქვიშა თითქმის ჭერამდეა ასული, მხოლოდ მეჩეთი დგას ისეთი, როგორც თავიდან, რადგან მისი გასუფთავება ქვიშისგან რეგულარულად ხდება.

"ზოგჯერ უკეთესია, რომ ეს ადგილები ხელუხლებელი დარჩეს, რადგან ხალხმრავლობის შემთხვევაში ისინი მომხიბვლელობას კარგავენ“ , - განაცხადა დენ ბუტმა, ემიგრანტმა კუნძულ მენიდან, რომელიც მოჩვენებების სოფელს ერთ-ერთი უკანასკნელი სტუმრობდა.
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი