ავტორი:

"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს

"ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც გარდაცვლილის დედა..." - რას წერს წერილში მამაკაცი, რომელსაც 16 წელი მიუსაჯეს
  • ფოტოს წყარო: "ბათუმელები"

17 მარტს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს. ის მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს.

ლაპარაკია ბათუმში, 2023 წლის 4 ივლისს მომხდარ შემთხვევაზე - 16 წლის ლუკა, რომელიც ზღვაში, კატერზე გამობმული გასაბერი "ბანანით“ გაიყვანეს, გამოძიების ვერსიით, მცურავი საშუალებიდან ზღვაში განზრახ გადააგდეს. ლუკასთან ერთად, პროკურატურის ვერსიით, "ბანანზე“ კიდევ 3 მოზარდი იმყოფებოდა და მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

"გუშინ 16 წელი მომისაჯეს ბავშვების ბანანზე გასეირნებისთვის. როგორც იურისტებმა ამიხსნეს, ასეთი ბრალდება მთელ საქართველოში მხოლოდ მე დამიმტკიცდა. ბავშვებმა ბანანამდე მოცურეს, გავასეირნე, გასეირნება დავასრულე ამოტრიალებით ტივტივასთან ძალიან ახლოს, იქვე გავჩერდი საკმარისი დრო, რომ შემემჩნია, ყველა ძალიან კარგად მიცურავდა ნაპირისკენ და გავაგრძელე იმავეს კეთება უამრავი სხვა დამსვენებლისთვის, მეორე დღესაც უამრავჯერ ამოვატრიალე ბანანი, მესამე დღიდან აღმოვჩნდი პროკურატურაში, ანუ ჯოჯოხეთში...

პროკურორმა გაბრალებო:

მათი მოკვლა გინდოდაო, პირდაპირ კი არ გინდოდა, არამედ, არაპირდაპირო, რადგან იცოდი, რომ ცურვა არ იცოდნენ და ჟილეტების ჩაცმის უფლება მაგიტომ არ მიეციო, მერე დიდი სიჩქარით გაქანდი ზღვის სიღრმეშიო, თან ეგ რომ არ გდომოდა, ბანანს არ ამოატრიალებდიო, ბანანის ამოტრიალება ძალიან იშვიათად, თითქმის არასდროს ხდებაო.

არადა, ვიდეოში ჩანს, რომ:

ბანანი ამ დროს იყო იმ სიღრმეში, რომ ცურვის გარეშე შეუძლებელი იყო მისვლა და ამ ცარიელ ბანანზე აძვრნენ ბავშვები; ყველა დასაჯდომ ადგილზე, ფეხებთან ეკიდა ჟილეტები; კატერი მოძრაობს მხოლოდ ნაპირის პარალელურად და ტივტივებთან ახლოს, საკმაოდ ნელა, ისე ნელა, რომ პირველი ცდისას ბანანი ვერც ამოტრიალდა. რა თქმა უნდა, ზუსტად ვიცით მეც და თითქმის ყველა დამსვენებელმა, რომ დამსვენებლები ბანანზე სეირნობისას ყველაზე მეტად მის ამოყირავებას ელიან...

პროცესებზე გავარკვიე რომ:

გარდაცვლილის ორგანოებში აღმოჩნდა პლანქტონი, რაც პრაქტიკულად არ გვხვდება, თუ ადამიანი მლაშე წყალში დაიხრჩო; ამაზე პროკურორს არგუმენტი არ ჰქონდა. გარდაცვლილ არასრულწლოვანს აღმოაჩნდა ალკოჰოლი, როცა მეგობრები ამტკიცებენ, რომ ბანანზე ასვლამდე არ ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი, რითაც საერთოდ არ დაინტერესდა გამოძიება, ვისთან, სად და როდის მიიღო. დინებების პროფესორებმა დაადასტურეს, რომ თეორიულად შეუძლებელია დახრჩობის შემდეგ მაგ ადგილებში გვამი გადაადგილდეს დახრჩობის ადგილიდან მარცხნივ (მდინარე ჭოროხისკენ) და სიღრმეში კორიოლისის ძალის და ზღვის გამოკვლეული დინებების გამო (კორიოლისის ძალების შესახებ მეც პირველად გავიგე სასამართლოზე). პროკურორმა ამას დაუპირისპირა თავისი ოფისის ფანჯრიდან დანახული, მაგრამ თეორიულად აუხსნელი დინება...

ვიდეოში ვნახე, რომ ბანანზე მეხუთე ადამიანიც ყოფილა, რომელზეც არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ მე მჯერა, რომ მან ყველაზე მეტი შეიძლება იცოდეს და ალბათ პლანქტონის, ალკოჰოლის და გვამის სხვაგან აღმოჩენის საიდუმლოსაც ფარდას ახდის. კიდევ მოვისმინე ათასი იურიდიული ნიუანსი, რაც ძალიან მკაფიოდ აჩენს როგორც ბრალდების სამართლებრივ აბსურდულობას, ასევე, გამოძიების უმოქმედობას, სრულ არაკომპეტენტურობას და წარმოუდგენელ გულგრილობას. ამ ყველაფერს ისმენდა პროკურორიც, რომელსაც სირცხვილისგან სახე ყოველ ჯერზე ეცვლებოდა. მოსამართლეც ისმენდა, ან არც ისმენდა. დამნაშავეაო და 16 წელიო...

ყველაზე მეტად დედაჩემი შემეცოდა, ზუსტად ისე შემეცოდა, როგორც იმ დღეს გარდაცვლილის დედა, რომელსაც ატყუებენ, რომ საქმე გამოიძიეს და აჯერებენ, რომ ბავშვი ბანანის ამოტრიალების შედეგად გარდაეცვალა...“, - ეს წერილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გასამართლებულმა მსჯავრდადებულმა ზურაბ საღინაძემ kvirispalitra.ge -ს გაუგზავნა. წაიკითხეთ სტატია სრულად