ავტორი:

ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას იწყებს

ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ საპროტესტო აქციას იწყებს

ონკოპაციენტების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ 24-საათიან საპროტესტო აქციას იწყებს. მათი მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაა.

ამის შესახებ, “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ დღეიდან, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადავდივართ, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი პირადად არ შეგვხვდება. არ გამოვა პირად კომუნიკაციაზე, არ მოისმენს ჩვენს პრობლემებს და არ დაგვეხმარება გადაჭრის გზების პოვნაში. მხოლოდ ბატონ ირაკლის შეუძლია ჩვენი დახმარება”,- განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

ამასთან, ის გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით.

აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაიძემ განაცხადა, რომ ეს ძალიან ცოტა ონკოპაციენტისთვის არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

“რაც შეეხება ბატონი მინისტრის განცხადებას, რომ 25 000 - ლარიანი კალკულაციიდან გამოიტანეს მედიკამენტები - ეს ეხება მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც შესულია დაფინანსების პროგრამაში. მედიკამენტების ძალიან დიდი რაოდენობა არ შედიოდა დაფინანსების პროგრამაში. ამიტომ, ონკოპაციენტები იყვნენ დარჩენილები დაფინანსების გარეთ. ეს ისევ ასე რჩება. ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ძალიან ცოტა ადამიანისთვის არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთიანი სურათი ამით არ შეცვლილა. ლოდინის დრო უბრალოდ არ გვაქვს.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ონკოპაციენტის სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა აუცილებელი მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა. ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და ვერც იქნება. ამიტომ, ყველა მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში.

იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე სწრაფ რეაგირებას მოახდენს და პრობლემებს მოგვიგვარებს”,- განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

“კავშირი სიცოცხლისთვის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, ვანო იორამაშვილის განცხადებით, პროტესტის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე განცხადება შეიტანეს და მასთან შეხვედრას ითხოვენ.