ავტორი:

"გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით - სჯავრდებულს აქვს უფლება, პრეზიდენტს შეწყალების უფლებით მიმართოს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ" - გრიგორიადისის ადვოკატი

"გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით - სჯავრდებულს აქვს უფლება, პრეზიდენტს შეწყალების უფლებით მიმართოს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ" - გრიგორიადისის ადვოკატი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ.

როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე ზვიად შარაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

"ლაზარე გრიგორიადისი მოცემულ სასამართლო პროცესს აუცილებლად დაესწრება. ბრალდების მხარე წარმოადგენს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოვთქვამთ. ძირითად აპელირებას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე გავაკეთებთ, რომელიც ვერაფრით დააკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველია. რაც შეეხება მოლოდინს, დაცვის მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს და ეს მოლოდინი არ შეცვლილა. შესაბამისად, გამამართლებელ განაჩენს არ ველოდებით. თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მსჯავრდებულს მეორე დღესვე აქვს უფლება, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების უფლებით მიმართოს, რომელ უფლებასაც აუცილებლად გამოვიყენებთ",- განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ "ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.