ავტორი:

"არა რუსულ კანონს“, "თავისუფლება ლაზარეს!“ - სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ამ მოწოდებებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ

"არა რუსულ კანონს“, "თავისუფლება ლაზარეს!“ - სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, ამ მოწოდებებით პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „თავისუფლება ლაზარეს!“, - ამ ლოზუნგებით, სამოქალაქო აქტივისტებისა და სტუდენტების ნაწილი, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციას მართავენ.

გარდა ამისა, ამ წუთებში მსგავსი სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებილების თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხელახლა ცდილობს „ე.წ. რუსული კანონი გაიტანოს და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის ევროპული მომავალი დააყენოს“. პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერებით: “არა რუსულ კანონს!, კი ევროკავშირს”, “ისევ გავიმარჯვებთ”, “თავისუფლება ლაზარეს”.

“დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ “რუსული კანონი”, რომლის მიღებასაც ისევ აპირებენ. შარშან ძლივს ხელიდან გამოგლეჯილი “რუსული კანონი” გადაწყვიტეს, რომ ერთი წლის თავზე ისევ აქტუალური გახადონ და ისევ ცდილობენ მიიღონ და დაამტკიცონ, ეს კანონი. გარდა ამისა, პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოშიც ლაზარეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რადგან დღეს მისი სასამართლო პროცესიც იმართება. ასევე, მობილური აქციები იქნება, ადამიანები, მოქალაქეები, თავისი სურვილის მიხედვით მანქანით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ტრანსპარანტებით და ამ მესიჯებით ივლიან, რომ მთელ ქალაქს მისწვდეს ხმა “რუსული კანონის” შესახებ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ მიიღონ. [ირაკლი კობახიძემ] ძალიან კარგად იცის “ენჯეო” სექტორის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან მას “ენჯეო” სექტორში უმუშავია და USAID პროექტებშიც ყოფილა ჩართული. ეს არის მტკნარი ტყუილი და ამით ცდილობენ, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი დაარწმუნონ, თითქოს “ენჯეო” სექტორი რაღაც დაფარულ საქმიანობებს ეწევა, რაც არის ტყუილი”, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა “ტალღის” წევრმა, ნინო კალანდიამ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.