ავტორი:

უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ

უმძიმესი კატასტროფა მოზამბიკის სანაპიროსთან: გარდაცვლილია 94 ადამიანი, მათ შორის ბავშვები - ისინი  გემით, რომელიც ჩაიძირა, ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ

მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 94 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ხოლო 26 დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტი (INTRASMAR) ავრცელებს.

გემს ხალხი ნამპულას პროვინციიდან მოზამბიკის კუნძულამდე უნდა მიეყვანა. სახელმწიფო მაუწყებლის TVM-ის განცხადებით, მგზავრები ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ.

"გემი ზედმეტად გადაიტვირთა. ამდენი მგზავრის გადასაყვანად მომზადებული არ იყო. ბორტზე 130 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად 94 მათგანი დაიღუპა. 26 დაკარგულად მიიჩნევა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც" - განაცხადა ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის ინსტიტუტის (INTRASMAR) ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ტრაგედიის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა: კადრებში სანაპიროზე გამორიყული ცხედრები ჩანს.

ცნობისთვის, მოზამბიკი და სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნები უკვე ერთი წელია ქოლერას ეპიდემიას ებრძვიან - დაავადება უმეტესად დაბინძურებული წყლით ვრცელდება. მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, რამდენიმე საათში სიკვდილიც კი გამოიწვიოს.