ავტორი:

ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ქალიშვილს არ აღიარებდა და ბავშვთა სახლში ჩააბარა, ვაჟი კი ნარკოტიკების გამო დააკავეს - ჯეკი ჩანის სკანდალური ცხოვრება: რა ხდებოდა ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაში ეკრანს მიღმა

ლეგენდარული ჯეკი ჩანი 7 აპრილს 70 წლის გახდა. მსახიობმა ორჯერ დაამყარა გინესის რეკორდი, ასრულებდა სახიფათო ტრიუკებს და ყოველთვის ცდილობდა ეთამაშა "კარგი ბიჭის" როლი.

მსახიობმა ითამაშა 100-ზე მეტ პროექტში: იყო სცენარისტი, რეჟისორი, ოპერატორი და მომღერალიც კი, მაგრამ როგორი იყო მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა?

  • როგორ დაიპყრო ჰონგკონგელმა ღარიბმა ბიჭმა მთელი მსოფლიო

ჯეკი ჩანი დაიბადა 1954 წლის 7 აპრილს ჰონგ-კონგში, მაშინდელი ბრიტანეთის კოლონიაში. მისი მშობლები, ჩარლზ ჩანი და ლილი ჩანი, იქ ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს, ახალი ხელისუფლების მხრიდან დევნის შიშით გაიქცნენ. წყვილმა დიდი მსხვერპლი გაიღო - დაემშვიდობნენ წარსულს და მიატოვეს შვილები, რომელიც პირველი ქორწინებისას შეეძინათ.

ოჯახს ახალ ადგილას თავის დამკვიდრება გაუჭირდა. კაცს ფულის სესხება მეგობრებისგან მოუწია, რათა ლილის მშობიარობის დროს მეანის თანხა გადაეხადა. ბავშვი საკმაოდ დიდი - 5,5 კილოგრამი დაიბადა, რის გამოც მეტსახელად პაო პაო, ანუ "ქვემეხი" დაარქვა. ოფიციალურად კი ჩენ განშენგი, რაც ჰონგ-კონგში დაბადებულს ნიშნავს.

ჯეკმა ცხოვრების პირველი წლები საფრანგეთის კონსულის რეზიდენციაში გაატარა, სადაც მამამისი მზარეულად მუშაობდა, დედა კი მოსამსახურედ. მომავალ მსახიობს იმდენად არ სურდა სწავლა, რომ სკოლა პირველი კლასის დასრულებისთანავე მიატოვა.

მშობლებმა გზააბნეული 6 წლის ბიჭი პეკინის ოპერის სკოლაში გაგზავნეს, თავად კი ავსტრალიაში გადავიდნენ, სადაც მამა შეფ-მზარეულად მოეწყო. ბიჭს მოეწონა ახალი სკოლა, თანატოლებთან ერთად ჩხუბობდა და თამაშობდა. ეს ბევრად უკეთესი ჩანდა, ვიდრე მისთვის მოსაწყენი მათემატიკა.

მომავალი მსახიობი სწავლობდა მუსიკას, აკრობატიკას და საბრძოლო ხელოვნებას. ბავშვებს აიძულებდნენ დღეში 18 საათი ევარჯიშათ, მათ ისეთივე სასტიკი მეთოდებით ზრდიდნენ, როგორც ჩინურ ფილმებში გინახავთ. ჭაღარა მასწავლებელს შეეძლო ეყვირა და უყურადღებო მოსწავლისთვის დაერტყა ყველაფერი, რაც ხელში მოხვდებოდა.

ახალგაზრდა ჯეკმა ბევრი იშრომა და შევიდა "შვიდი იღბლიანი კაცის" თეატრალურ ჯგუფში, რომელშიც შედიოდნენ სკოლის საუკეთესო სტუდენტები. თუმცა, პეკინის ოპერის პოპულარობა მინელდა და სკოლა დაიხურა

  • მილიონერი ჰონგ კონგიდან

ჯგუფი "შვიდი იღბლიანი“.ჰონგ-კონგის თეატრში ეპიზოდურ როლებს ასრულებდა, მისი წევრები ასევე ასრულებდნენ ტრიუკებს ფილმებში. მალე ჯეკმა ითამაშა ბანდის ლიდერის როლი ფილმში Showdown in Hong Kong (1973), შემდეგ იბრძოლა ლეგენდარულ ბრუს ლისთან ფილმში Fist of Fury (1972).

"ძალიან სასიამოვნო იყო ბრუს ლისთვის დარტყმა", - იხსენებდა მოგვიანებით.

მალე ჩანი ავსტრალიაში მშობლებთან გადავიდა, სადაც ცდილობდა კოლეჯში ესწავლა, მუშაობდა მშენებლობაზეც. სწორედ იქ დაარქვეს სახელად ჯეკი, რომლითაც მოგვიანებით ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. რეალურად კი მუშები ვერ წარმოთქვამდნენ ბიჭის ნამდვილი სახელს.

ჩანმა ვერ შეძლო განათლების მიღება, არც სამშენებლო ბიზნესში გაუმართლა. მალე ისევ ჰონგ-კონგში მიიწვიეს. ლეგენდარული ბრუს ლი გარდაიცვალა და საბრძოლო ჟანრის პოპულარობა კუნგ-ფუს ელემენტებით იზრდებოდა, ამიტომ მათ სჭირდებოდათ მსახიობი, რომელიც ეფექტურად იბრძოდა. და ეს აღმოჩნდა ჯეკი ჩანი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა "The New Fist of Fury" (1976), ეს იყო იმავე ფილმის გაგრძელება, სადაც ბრუს ლისთან ითამაშა.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ნამდვილი გარღვევა ორი წლის შემდეგ მოხდა, როდესაც კომედიაში "გველი არწივის ჩრდილში“ (1978 წ.) ითამაშა. მაყურებელს მოეწონა უბრალო ბიჭის იმიჯი, რომელიც არ იყო ისეთი მკაცრი, როგორც ბრუს ლის პერსონაჟი, მაგრამ იცოდა როგორ ებრძოლა უკეთესად. ძალიან მალე ჯეკი ჩანი სუპერვარსკვლავი გახდა.

"20 წლის ასაკში უკვე მილიონერი გავხდი. უცოდინარი, რომელსაც სკოლაში ერთი დღეც არ უსწავლია, უცებ 10 მილიონს იღებს – წარმოგიდგენიათ, როგორია? შემეძლო ერთ კვირაში ყველაფერი მეყიდა, რაზეც ადამიანები მთელი ცხოვრება ოცნებობენ. მთელი დღე ვსვამდი, დილით პორშეს ვეჯახებოდი, საღამოს მერსედეს-ბენცს", - იხსენებდა წლების შემდეგ ინტერვიუში.

"ფაქტობრივად, გადასაღებ მოედანზე დავიბადე და მთელი ცხოვრება იქ გავატარე. იმდენ პროფესიაში ვსინჯე ბედი, ​​გამნათებლით დაწყებული კასკადიორით დამთავრებული. ეს ჩემთვის ცხოვრების ნაწილია. ყველაზე მეტად მომწონს რეჟისორობა: ყველა გისმენს და შეგიძლია ყველაფერი აკონტროლო.

კინოში გატარებული წლების განმავლობაში ყველაფერი დამტვრეული მქონდა. მქონდა სისხლჩაქცევები, ჭრილობები, თითები, ცხვირი, თავი, ფეხები... - ყველაფერი მომიტეხავს", - ამბობდა ჯეკი ჩანი.

არტისტს ყველაფერი ჰქონდა: პოპულარობა, ფული, ჰყავდა თაყვანისმცემლები. ერთი მწვერვალი დარჩა დასაპყრობი - ჰოლივუდი. იქ მისასვლელად 1980 წლიდან იბრძოდა.

მხოლოდ 1990-იანი წლების შუა ხანებში დანებდა ჰოლივუდი მთვრალი ოსტატის ხიბლის შემოტევას. ჯეკიმ მთავარი როლი შეასრულა ფილმში "Rumble in the Bronx", რომელმაც 7,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, 32 მილიონზე მეტი გამოიმუშავა. ჰონგკონგელმა ბიჭმა ჰოლივუდის ვარსკვლავად გაიღვიძა და ის ოსკარის 68-ე ცერემონიის წამყვანადაც კი მიიწვიეს.

ჩანმა მულტფილმებშიც სცადა ბედი. მისი ხმით საუბრობს მაიმუნი კუნგ ფუ პანდადან (2008) და მასწავლებელი სპლინტერი თინეიჯერი მუტანტი კუ ნინძადან (2023).

  • როგორ აღზარდა ჯეკიმ შვილი

1981 წელს ჯეკი ჩანი ტაივანელ მსახიობს, ლინ ფენჯიაოს შეხვდა. მისი კარიერა, ჯეკის მსგავსად, ახალ სიცოცხლეს იძენდა - ორი წლით ადრე მან მიიღო ტაიპეის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი კინომსახიობის ჯილდო ფილმში "ზღაპარი პატარა ქალაქის შესახებ", მუნჯი ქალის როლისთვის.

მაგრამ 1982 წელს, ლოს-ანჯელესში ჯეკისთან საიდუმლო ქორწილის შემდეგ, ლინ ფენჯიაომ, რომელსაც კინოში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, პროფესია მიატოვა. მან მთელი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა, რომლისგანაც ქორწილიდან ერთი დღის შემდეგ შეეძინა ვაჟი - ჯეისი ჩანი.

2014 წელს, ჯეისი ჩანი ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ რვა წელია ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ამ ამბავმა ჯეკი ჩანი შოკში ჩააგდო და საჯაროდ მოიხადა ბოდიში შვილის საქციელისთვის. მსახიობმა პირობა დადო, რომ არ ჩაერეოდა შვილის სასამართლო პროცესში.

ექვსი თვის შემდეგ, ჯეისი გაათავისუფლეს.

  • მიტოვებული "უკანონო ქალიშვილი“

2023 წელს ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც 69 წლის ჯეკი ჩანი თავისი ძველი ფილმების ყურებისას ტირის და აღიარებს, რომ თავის ასულს ცუდად მოექცა.

მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯეკი ჩანს 1982 წელს, მსახიობ ელეინ ვუ ქილისთან ურთიერთობის შედეგად, გოგონა შეეძინა. ჩანი თავიდან დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა ბავშვს, მაგრამ როდესაც 2000 წელს სიმართლე გაირკვა, საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ "ახალგაზრდა იყო და ცდუნებას დაემორჩილა".

ჩანის ქალიშვილი ღარიბთა სასადილოს რიგში

ქალი, რომლისგანაც ჯეკი ჩანს ბავშვი შეეძინა, ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და გარდაიცვალა. გოგონა მიუსაფარ ბავშვთა სახლში ჩააბარეს, რადგან ბიოლოგიური მამა არ აღიარებდა. წლების შემდეგ აღიარებამ არაფერი შეცვალა - მსახიობს მაინც არ სურდა თავის "უკანონო“ ქალიშვილთან ურთიერთობა. მედიის ცნობით, ეტა ვუ ჟუოლინი სიღარიბეში ცხოვრობს კანადაში და იძულებულია ჭამოს ღარიბთა სასადილოებში.

დასასრულს...

და მაინც, მიუხედავად მისი რთული პირადი ცხოვრებისა, ჯეკი რჩება მსახიობად, რომელსაც გულშემატკივართა უზარმაზარი არმია ჰყავს. 2016 წელს მან მიიღო საპატიო ოსკარი კინოში შეტანილი წვლილისთვის.

ჩანი 70 წლისაა, მაგრამ ის კვლავ აქტიურად თამაშობს კინოში, მისი ახალი ფილმი 2024 წელს გამოვა.

"ვიცი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ და იგივე აღარ ვარ. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. მაგალითად, მე აღარ შემიძლია ორმაგი დარტყმის მსგავსი ტრიუკები, მაგრამ ამის ნაცვლად ვიყენებ ქორეოგრაფიის ელემენტებს. ზოგადად, ქორეოგრაფია საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ის, რაც იმავე ასაკში სხვებს აღარ შეუძლიათ“, - ამბობს მილიონერი ჰონგ-გონგიდან.