ავტორი:

ათასობით ევაკუირებული ადამიანი და წყალში ჩაძირული სახლები - რუსეთში, ორენბურგის ოლქში, კვლავ ებრძვიან მასშტაბურ წყალდიდობას (ფოტოები)

ათასობით ევაკუირებული ადამიანი და წყალში ჩაძირული სახლები - რუსეთში, ორენბურგის ოლქში, კვლავ ებრძვიან მასშტაბურ წყალდიდობას (ფოტოები)

რუსეთში, ორენბურგის ოლქში, ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონში წყალდიდობა კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. დატბორილ ქუჩებში წყლის დონემ აიწია. მოსალოდნელია მდინარეების კიდევ უფრო ადიდება.

  • ჩვეულებრივზე უფრო მასშტაბური წყალდიდობა გამოწვეულია ურალის მთებში თოვლის ინტენსიური დნობით. ადიდდა მდინარეები, დაზიანდა კაშხალი და დაიტბორა ქუჩები. ამ ყველაფრის გამო, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. გასულ შაბათ-კვირას ქალაქ ორსკში მდინარე ურალი, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამეა, ადიდდა და ქუჩები დატბორა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაახლოებით 10 000 სახლი წყლით დაიფარა.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მატება, რაც თოვლის დნობას კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.

მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს წყლის დონე პიკს მიაღწევს.

"აბსოლუტურად ყველამ, ვინც წყალდიდობის ზონაში იმყოფება, უნდა დატოვოს სახლები“, - აცხადებს ორენბურგის მერი.

უკვე ევაკუირებულია 6000 ადამიანი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას სთხოვა შექმნას საგანგებო სიტუაციების ოფისი, რომელიც წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული.