ავტორი:

"არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია... სამი თვეა, დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი" - სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელიას რთული ცხოვრება და პასუხი კრიტიკაზე

"არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია... სამი თვეა, დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი" - სოცქსელში პოპულარული ირმა კვარაცხელიას რთული ცხოვრება და პასუხი კრიტიკაზე

"გარეთ ცივი ამინდია, ოთახშია სამი თრია", "კბილი სტკივა ციყვუნას, ლამაზსა და ფუმფულას", "მგელმა შეჭამა ციკანი, თავი ჰგონია მართალი" – ეს ამონარიდებია ირმა კვარაცხელიას ლექსებიდან, რომელსაც ტიკ-ტოკზე სპეციალურად ბავშვებისთვის კითხულობს.

ამბობს, რომ მარტივი ცხოვრება არ ჰქონია, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, არსად არ უმუშავია, რადგან 18 წელი მწოლიარე დედას უვლიდა. არ აქვს პრეტენზია, რომ მისი ლექსები იდეალურია, თუმცა მაინც სწყინს იმ ადამიანების, ვინც თეთრი ლექსების გამო აკრიტიკებენ.

- წალენჯიხაში ვცხოვრობ, 50 წლის ვარ, არ მერიდება ჩემი ასაკის. 2002 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ მშობლების ავადმყოფობის გამო არ მიმუშავია. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგისტრატურაც გავიარე. ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, მაგრამ ჩემი სპეციალობით არასოდეს მიმუშავია. 2006 წელს დედა ავტობუსიდან ჩამოვარდა და მას შემდეგ მწოლიარე იყო. ეს წლები მას ვუვლიდი, 3 თვის წინ გარდაიცვალა, ერთი ძმა მყავს.

- ახლაც არ მუშაობთ არსად?

- არა, როგორც გითხარით დედა სამი თვეა გარდაიცვალა. ამდენი წელი მას ვუვლიდი, ძალიან რთული რეჟიმი მქონდა. ღამე უძილობა ჰქონდა და რთული მოსავლელი იყო, თუმცა დედა ახლაც რომ ცოცხალი იყოს, ისევ მოვუვლიდი.

- გვიან ჩააბარეთ უნივერსიტეტში?

- დიახ, პირველად ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სამართალმცოდნეობაზე, მაგრამ სწავლა მეორე კურსიდან შევწყვიტე, რადგან ოჯახს ფინანსურად უჭირდა და ფასიან ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შემდეგ ჯავახიშვილში ჩავაბარე. თბილისში ყოფნისას ჩემს ნათესავებთან ვცხოვრობდი.

- როდესაც დაასრულეთ სწავლა და წალენჯიხაში დაბრუნდით, ვერ იშოვეთ სამსახური?

- არ იყო ჩემთან ახლოს სამსახურები, დედას მარტო ვერ დავტოვებდი. ხომ გეუბნებით იმდენად რთული მოსავლელი იყო, რომ შეუძლებელი იყო თუნდაც სახლში ბავშვები მომემზადებინა. ახლა ვცდილობ დაკარგული დრო ავინაზღაურო.

- ლექსების წერა როდის დაიწყეთ და რატომ აირჩიეთ საბავშვო პოეზია?

- ბავშვები უპირობოდ მიყვარს. საერთოდ მიყვარს ბუნება, ცხოველები. ეს იმდენად შინაგანი მდგომარეობაა, სიყვარულით მოდის.

- ტიკ-ტოკზე როგორ მოხვდით?

- ჩემი მაყურებელი მყავს და მადლობა ყველას, ვინც მიყურებს და მხარს მიჭერს, ვისაც მოსწონს ჩემი ლექსები. ერთ დღეს დავრეგისტრირდი ტიკ-ტოკზე და გამოვაქვეყნე ჩემი ლექსები. თავიდან ასეთი გამოხმაურება არ მქონდა, მაგრამ თანდათან მაყურებლების რიცხვი გაიზარდა. როგორც გითხარით, მყავს ერთი ძმა, რომელიც საოცარი ადამიანია, ის ჩემთვის ღმერთივით არის. კეთილია და ანგელოზის სული აქვს. ყველაფერში მხარს მიჭერს, მისგან მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ. იცის რა თქმა უნდა, რომ ჩემს გარშემო რომ ხმაურია და ყოველთვის მხარს მიჭერს.

<blockquote class="tiktok-embed" cite="https://www.tiktok.com/@user9725706935470/video/7351819482819480839" data-video-id="7351819482819480839" style="max-width: 605px;min-width: 325px;" > <section> <a target="_blank" title="@user9725706935470" href="https://www.tiktok.com/@user9725706935470?refer=embed">@user9725706935470</a> <p></p> <a target="_blank" title="♬ original sound - ირმა კვარაცხელიასაბავშვო პოეტი" href="https://www.tiktok.com/music/original-sound-7351819511598271233?refer=embed">♬ original sound - ირმა კვარაცხელიასაბავშვო პოეტი</a> </section> </blockquote> <script async src="https://www.tiktok.com/embed.js"></script>

- წალენჯიხაში ალბათ ძალიან პოპულარული ხართ, რას გწერენ პირად შეტყობინებებში...

- წალენჯიხა პატარა ქალაქია, ლექსები არ არის აუცილებელი რომ გაგიცნონ, ისედაც ყველა ყველას იცნობს. არის სითბო, სიყვარული პირად შეტყობინებებში, მაგრამ მომდის უარყოფითი შეტყობინებებიც. ამაზე არ ვნერვიულობ. თავიდან კი ცოტა მეუცნაურა, ისეთ ოჯახში გავიზარდე რომ არ ვიცოდი ქუჩა რა იყო, მხოლოდ მეცადინეობა, წიგნები, სწავლა, სკოლა, უნივერსიტეტი. ღმერთმა სიყვარული გვასწავლა და ისეთი მაგალითი მოგვცა, რომ მოთმინება, პატიება, შენდობა და მოყვასის სიყვარულია მთავარი. სიძულვილი ღმერთს გვაშორებს და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ მეტი სიყვარული გასცენ, რადგან ამით სული იკურნება.

- ის ადამიანები ვინც გაკრიტიკებენ, ყველაზე ხშირად რითმას გიწუნებენ...

- გეთანხმებით, ჩემს ლექსებში ხშირად რითმა დარღვეულია, თეთრი ლექსებია. არიან პოეტები, რომლებიც თეთრ ლექსებს წერენ. ინგლისური ლიტერატურის მამამთავარი შექსპირი თეთრ სონეტებს წერდა, ამიტომ ეს მიღებული ფორმაა.

- ამ გადმოსახედიდან რას ნანობთ ცხოვრებაში, როგორ გინდოდათ გეცხოვრათ?

- დედაჩემთან მიმართებაში არაფერს ვნანობ. მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა და მე რომ შემძლებოდა კიდევ მის სამსახურში ყოფნა, კიდევ ათი წელი მოვუვლიდი. ეს ყველა შვილის ვალია. დასანანია, რომ ვერ ვიმუშავე. ბავშვები მიყვარს და ალბათ ამ კუთხით ვიმუშავებდი, სადაც შემოქმედებითი გარემო იქნებოდა.

- რაც პოპულარული გახდით და გაგიცნოთ ბევრმა ადამიანმა, ჟურნალისტები, ტელევიზიები თუ გიკავშირდებიან ინტერვიუზე?

- დიახ, მაგრამ თბილისში ფიზიკურად ვერ ჩამოვდივარ. უმუშევარი ვარ და ჩემს ოჯახს უჭირს. მქონია ტელევიზიებიდან შემოთავაზება, ოღონდ თბილისში ჩასვლით.

- რა მოლოდინი გაქვთ, წიგნად ხომ არ აპირებთ თქვენი ლექსების გამოცემას თუ გაკმაყოფილებთ ის აუდიტორია, რომელიც ტიკ-ტოკზე გყავთ?

- არა, წიგნზე არ ვფიქრობ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. რაც შეეხება თვითონ ლექსებს, არ ვთვლი, რომ ჩემი ლექსები შედევრია, რადგან საკუთარ თავზე ვმუშაობ. აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონია. როგორც გითხარით, სამი თვეა დედა დამეღუპა და 24 საათი მის სამსახურში ვიყავი. ახლა მინდა, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო და შედეგს მომავალი გვიჩვენებს.