ავტორი:

ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც

ამაზონში მცხოვრები კორუბოს თემის 80% ავადაა, არსებობს ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაც

ბრაზილიის ჯავარის ხეობაში მცხოვრებ კორუბოს თემის 100-ზე მეტ წევრს გრიპის მსგავსი სიმპტომები დაუდგინდა, რაც ეპიდემიის წარმოქმნის საშიშროებას ბადებს.

ხეობა, სადაც 2022 წელს ადგილობრივი თემების ადვოკატი ბრუნო პერეირა და ჟურნალისტი დომ ფილიპსი მოკლეს, ძირძველი ხალხების ყველაზე დიდ პოპულაციას იტევს, რომლებიც აქ ნებაყოფლობით იზოლაციაში ცხოვრობენ. კორუბოს ხალხს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები პირველად 1996 წელს დაუკავშირდნენ, თუმცა მათ სხვა ტომებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ინტერაქციის გარეშე გადაწყვიტეს ცხოვრების გაგრძელება.

"ეს თემი საკმაოდ დაუცვლია. ნებისმიერი ინფექცია შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ეპიდემიაში", - თქვა მანოელ ჩორიმპამ, ადგილობრივმა ლიდერმა და ძირძველი ხალხების დამცველი ორგანიზაციის OPI-ს მრჩეველმა. ამ ტერიტორიაზე მომუშავე ჯანდაცვის მუშაკებმა განაცხადეს, რომ კორუბოს თემის 101 სიმპტომური შემთხვევიდან 22 პნევმონიაში გადაიზარდა, მათგან 15 ცხრა წლამდე ასაკის ბავშვია.

კორუბოს თემი სულ 121 ადამიანისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა ინფიცირებულია. 2022 წელს თემის უმეტესობას კორონავირუსის გადატანაც მოუწია.

OPI-ს ორგანიზაციის კიდევ ერთმა მრჩეველმა, ლუიზა სურიანმა განაცხადა, რომ ტერიტორიაზე ცუდი სამუშაო პირობების გამო დარჩენა არც ერთ ჯანდაცვის აგენტს აღარ სურს, რაც ტომის ზოგად კეთილდღეობაზე მკვეთრად აისახა.

სამინისტრომ The Guardian-ის გამომცემლობას განუცხადა, რომ ბოლო ეპიდემიის გავრცელების შედეგად გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა და რამდენიმე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც.

ამაზონში მცხოვრები თემების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე სერიოზული გავლენა იქონია არალეგალური მაღაროელების, მეთევზეების,მონადირეებისა და ნარკობანდების ხშირმა "სტუმრობამ". სიტუაცია ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან მან გარემოსდაცვითი ბიუჯეტი შეამცირა. ამან კი თავისთავად ხელი შეუწყო რეგიონში ტყეების გაჩეხვას და უკანონო საქმიანობების მომრავლებას.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა