ავტორი:

"საქართველოს შეაფარა თავი ორი შვილის დედამ, რომელსაც რუსეთში ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით ასამართლებდნენ" - რას წერს რუსული მედია?

"საქართველოს შეაფარა თავი ორი შვილის დედამ, რომელსაც რუსეთში ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით ასამართლებდნენ" - რას წერს რუსული მედია?

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი შვილის დედა ლიდია პრუდოვსკაია ძებნილთა სიაში შეიყვანა. როგორც ირკვევა, ქალმა, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით ასამართლებდნენ, თავი საქართველოს შეაფარა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბარათში აღნიშნულია, რომ პრუდოვსკაია იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, მაგრამ რომელი მუხლით, მითითებული არ არის.

ლიდია პრუდოვსკაია არხანგელსკის რეგიონში ქალაქ მირნში ცხოვრობდა. 2023 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლი, 280.3 მუხლი). მიზეზი რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ზე გამოქვეყნებული ოთხი სტატუსი გახდა, სადაც ქალი უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსული ჯარის სისასტიკეზე წერდა. ამ მუხლით პრუდოვსკაიას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამომძიებელმა პრუდოვსკაიას 9 წლის ქალიშვილი და 10 წლის ვაჟი დაკითხა, თუმცა დედას დასწრების უფლება არ მისცეს.

მას შემდეგ, რაც ქალის მიმართ გამოძიება დაიწყო, მშობლიურ ქალაქში მუშაობის უფლება აღარ მისცეს და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა, სადაც სახლზე თანასოფლელებმა ასო Z დაუხატეს და დაემუქრნენ.

საბოლოოდ, პუდოვსკაია ორ შვილთან ერთად რუსეთიდან საქართველოში წავიდა. ქვეყნის დატოვებაში ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია დაეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ ქალს ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჰქონდა დაწერილი. 26 მარტს პრუდოვსკაიამ თქვა, რომ სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა სისხლის სამართლის საქმეზე.