ავტორი:

რა წერილს აგზავნის ბადრი ესებუა ციხიდან - "მომახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო... კამერაშიც მარტო ვარ, მოწმეც არ იარსებებს"

რა წერილს აგზავნის ბადრი ესებუა ციხიდან - "მომახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო... კამერაშიც მარტო ვარ, მოწმეც არ იარსებებს"

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე მსჯავრდადებული ბადრი ესებუა ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მას საპატიმრო საკანში უმძიმეს პირობებში უწევს ყოფნა.

მისივე თქმით, ხორციელდება მუქარა და არ გამორიცხავს, მოკლან და თვითმკვლელობის სცენარი დადგან.

"14 მარტს პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანებები, მიზეზი ყოფილა ის, რომ სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, უარი უთხრეს და პროტესტის ნიშნად ყელი გამოიჭრა, რამდენიმე პატიმარმა სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დავიწყეთ. ადმინისტრაციამ დაიწყო რეპრესიები და მუქარით გვთხოვდნენ შიმშილობის შეწყვეტას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე პირადად მითხრეს, რომ ობობიან და ტარაკნებით სავსე საკანში ან კარცერში გადამიყვანდნენ. მაინც რომ არ დავემორჩილე, 10 კაცამდე შემომივარდა კამერაში. ამ დროს ლოგინზე ვიწექი, მეცნენ, გადმომაგდეს გინებით და შემდგნენ ფეხებით. დამადეს ხელბორკილები და არაადამიანური ძალის გამოყენებით წამათრიეს დეესკალაციის კამერაში.

ახლაც ვერ ვხვდები რატომ მოგვიწყვეს პროვოკაცია და რატომ შეგვყარეს ასე ტყუილად კარცერში. ჩემს გვერდით კამერაში მყოფი მეგობარი ამბობს - აკრძალულ ნივთს ჩაგიდებთ და სასჯელს გაგიხანგრძლივებთ თუ არ გაჩერდებითო, ასე დაგვემუქრნენო. ეს ინფორმაცია სახალხო დამცველს მივაწოდე და მოვთხოვე კამერების ჩანაწერების დაარქივება, თუმცა სამეთვალყურეო სამსახურისგან სახალხო დამცველს უპასუხეს, რომ 14 მარტის 23 საათიდან 12 საათამდე ტექნიკური ხარვეზების გამო ეს შეუძლებელი იყო. ამ ამბის გამო მოსვენება დავკარგე, ვიცი როგორ მებრძვის სისტემა. არ ვიცი როდის შემომივარდებიან საკანში, მომახრჩობენ და ჩამომკიდებენ, თავი მოიკლაო. კამერაშიც მარტო ვარ, მოწმეც არ იარსებებს" - ამბობს ბადრი ესებუა წერილში, რომელსაც მის ადვოკატი ასაჯაროებს.

  • ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.