ავტორი:

ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარე გახდა - რა არის ცნობილი ომს სასწაულით გადარჩენილ გოჩა ლორთქიფანიძეზე?

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს.

აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. (https://www.icc-cpi.int/judges/judge-gocha-lordkipanidze).

„დღემდე მოსამართლე ლორთქიფანიძე საერთაშორისო მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში აქტიურად მონაწილეობს - იგი თავმჯდომარეობდა პროკურორი საიდ აბდელ კანის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებული საჩივრების, ხოლო ამჟამად თავმჯდომარეობს პროკურორი ბოსკო ნტაგანდას წინააღმდეგ რეპარაციების ეტაპზე საჩივრის განხილვას. როგორც სააპელაციო პალატის მოსამართლე მონაწილეობდა სამი სხვა საჩივრის, ისევე როგორც ავღანეთის, ფილიპინების და ვენესუელის სიტუაციებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვაში.

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე არის სასამართლოს სამართლებრივი ტექსტების თაობაზე საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. ასევე ხელმძღვანელობს მოსამართლეების სამუშაო ჯგუფს სასამართლოსთვის საკონსულტაციო როლის განსაზღვრის თაობაზე.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 19 აპრილს შეუდგა. მოსამართლის პოზიციაზე ის 9 წლის ვადით არის არჩეული. გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველი მოსამართლეა ამ პოზიციაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • რა არის ცნობილი ქართველ მოსამართლეზე?

გოჩა ლორთქიფანიძე 1964 წლის 3 თებერვალს, ფოთში დაიბადა.

1995 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა. 2004 წელს დაამთავრა ჰარვარდის სამართლის სკოლა. 2011 წლიდან არის ფორდამის სამართლის სკოლის დოქტორანტი.

1991-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მრავალმხრივი დიპლომატიის სფეროში - იყო საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების თანამშრომელი, გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, საგანგებო დავალებათა ელჩი და კონფლიტების საკითხებზე მიზნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი.

1999-2003 წლებში მუშაობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩევლად, შემდეგ კი უფროს მრჩევლად. დიპლომატიურ უწყებაში საქმიანობის პერიოდში დაკავებული იყო, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზითა და დაგეგმარებით, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სამართლებრივი, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური ასპექტებით, საერთაშორისო სამართლებრივი და ადამიანის უფლებების პრობლემატიკით, გაეროსთან და სხვა (ეუთო, ევროპის საბჭო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობების საკითხებით.

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში. იგი ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის საგარეო ურთიერთობების სამსახურს, მუშაობდა სამართლის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, შიდა კონფლიქტების პრობლემატიკაზე, ასევე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. 2007 წელს გახდა ფულბრაიტის სტიპენდიანტი და საქმიანობა ნიუ-იორკში, აკადემიურ სფეროში გააგრძელა.

2007-2010 წლებში იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, 2010-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი.

2013-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2020 წლიდან იყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ 9-წლიანი ვადით 2020 წლის 18 დეკემბერს აირჩიეს. ის პირველი ქართველია, რომელმაც ჰააგის მოსამართლის მანტია მოირგო

მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ფიცი 2021 წლის 10 მარტს დადო.

  • საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

2022 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა. გამოძიების დასრულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალი არც ერთი ქართველისთვის არ წაუყენებია. პროკურორ კარიმ ხანის განცხადების მიხედვით, გამოძიების შედეგად სამი ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების ორდენი გაიცა. მათ ბრალი ედებათ ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა, ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა, მძევლად აყვანა. (წაიკითხეთ სრულად)

ჰააგაში ქართული მხარის წარმატებაში უდიდესი როლი აქვს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გოჩა ლორთქიფანიძეს.

  • “ანცშვამ განგვსაჯოს”...

გოჩა ლორთქიფანიძის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, 2018 წელს თავის ბლოგზე საინტერესო ისტორია აქვს გამოქვეყნებული. გთავაზობთ გამოქვეყნებულ ამბავს უცვლელად:

"ამ ფოტოზე 1993 წლის 30 იანვრის ის ერთი წამია ასახული, როცა შეიარაღებულ ბოევიკს ჩემი მოადგილე (2018 წელს ლორთქიფანიძე წულუკიანის მოადგილის პოსტზე მუშაობდა) გოჩა ლორთქიფანიძე ეთნიკური ნიშნით ჯგუფიდან გამოურჩევია და მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ ბრუნდებიან.

ჩვენს დაღუპულ გმირებთან ერთად დღეს იმათაც მსურს მივაგო პატივი, ვინც გადარჩა და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ დღევანდელი ბრძოლა სულ სხვა ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა შერიგებისთვის, ბრძოლა იმისთვის, რომ ომი არასოდეს არ განმეორდეს.

შერიგების და გამთლიანების იმედს კი სწორედ ეს ფოტო და მისი ისტორია იძლევა.

გოჩა ამ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსის მოადგილეა. ტყვარჩელი ქართველ მეომრებს ალყაში აქვთ. გაერო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ცდილობს ალყაში მოხვედრილი მოსახლეობისთვის. გოჩას ხელმძღვანელობა ავალებს, სოჭში მოლაპარაკებები აწარმოოს ტვირთის შეტანის პირობების შესახებ. გოჩაც იღებს თავის დიპლომატს, რომელშიც საწერი ქაღალდები უწყვია და მიდის ვაზიანიდან სოჭში. დიდი ხნის რთული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსი სამხედროები, გაეროს შვედი გენერალი, წითელი ჯვარი და გოჩა ფორმატზე თანხმდებიან. ფორმატი ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად ყველა ამ მხარის ტყვარჩელში შეფრენას გულისხმობს.

მოლაპარაკება საკუთარი სიკვდილის შესახებ ჰუმანიტარული მიზნებისათვის, ესაა ის, რაშიც გოჩა ლორთქიფანიძე სოჭში მონაწილეობას იღებს და თანხმდება. საგარეომ ეს შედეგი არ იცის, იცის მხოლოდ ის, რომ წარმომადგენელი მიავლინა მოლაპარაკებებზე.

ტყვარჩელში დაფრენილ სამ ვერტმფრენს აფხაზების გამწარებული ტალღა შემოერტყა გარს და იქიდან გადმოსული პირები აიტაცა. გოჩა რომ ქართველია, ეს იციან. მთავრობას რომ წარმოადგენს ესეც. რუსმა გენერალმა გამწარებულ აფხაზებს გადაულაპარაკა, რას მერჩით, ია ჟე ნე გრუზინ, რებიატაო. მთავარი აგრესია გოჩაზეა და წითელი ჯვრის ქართველ წარმომადგენელზე, ვოვა მესხზე, მაგრამ თუ მოკლეს, საერთაშორისო ორგანიზაცია მაინც მოითხოვს მასზე პასუხს, რაც მაინც შეღავათია.

ტვირთი ჩამოიცალა, მაგრამ ხალხი მაინც აგრესიულია და პასუხს ითხოვს ქართული მთავრობისაგან. მთავრობა კი გოჩაა. მიგვიშვითო, იძახიან. უცებ, საიდანღაც გოჩას ჯგუფელი სოხუმის უნივერსიტეტიდან, აფხაზი თემურ ერქვანია გამოჩნდა, ავტომატით ხელში და მისკენ გამოემართა. ქართული სისხლი აქვს ხელებზე, გაიფიქრა გოჩამ, რომლისთვისაც სიკვდილი ამ დროს სიბერესთან უკვე აღარაა დაკავშირებული. ერქვანიასგან მარჯვენა ხელი წამოვიდა ავტომატის გარეშე, გამარჯობის ნიშნად, რომელსაც გოჩამ საკუთარი შეაგება და უთხრა : “ანცშვამ განგვსაჯოს”. პასუხად ერქვანიამ თავისი ჯგუფელი დაცვის ქვეშ აიყვანა და გაგიჟებული მოსახლეობისთვის რომ მოერიდებინა, აეროდრომის შენობაში შეაცილა. მაგრამ ერქვანია წავიდა, საქმე აქვს და არ სცალია, ქალაქი ალყაშია.

ლორთქიფანიძე და მესხი ბოევიკებმა ჩაიბარეს და ცალკე მოათავსეს. აფხაზი ქალი ახსენდება გოჩას, რომელიც ეუბნება, რომ არ ინერვიულოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება… ომი აბსურდია, მტერი პირობითი სიტყვაა ომშიო, ამბობს გოჩა დღესაც. ამის შეგნებამ მიმიყვანა იქამდე, რომ რაკი გადავრჩი კონფლიქტების მოგვარებაზე მემუშავა და დიპლომატიაში დავრჩენილიყავიო, მიხსნის. ტყვარჩელში მტრის განცდა არ მქონია, ვხედავდი როგორ კლავდა ჩემი ერის ერთი ნაწილი მეორესო…

რამდენიმე ხანში ორი ქართველის გაყვანა დაიწყეს. აი ეს არის სწორედ ამ ფოტოზე, გაყვანა, რომელიც "როიტერის" ფოტოგრაფმა სამუდამოდ აღბეჭდა ფირზე. გაყვანის დროს, ვერტფრენებმა აფრენისთვის მზადება დაიწყეს. რუსიც, შვედიც, და სხვებიც ყველა ვერტმფრენში შევიდა. მხოლოდ ორ ქართველს არ აქვს უკან გზა. ისინი გაჰყავთ.

გოჩა ქვასავით მშვიდია ამ ფოტოზე. ეს ყველა იმ ქართველი გმირის სიმშვიდეა, რომელიც ომში დახვრიტეს. არც ერთი აღელვებულა, არც ერთს დაუჩოქია.

ცოტა ხანში, აფრენილი ვერტმფრენის კარი გაიღო და იქიდან შვედი გენერალი გადმოხტა. გაიქცა. ბოევიკი შემოაბრუნა და თავისი ჯავშანჟილეტი გოჩას შემოახვია, თან მესხიც გაიყოლა.

გაეროს ვერ ესროლეს. გენერალი პერ კალსტრომი დღესაც ცოცხალია".