ავტორი:

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარუდგინა - მედია

თურქეთი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების პროექტს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტა ევროპა” თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად და მას მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის რუსეთიც და უკრაინაც განიხილავენ შემოთავაზებული შეთანხმების ტექსტს, რომელიც ეყრდნობა წინასწარ მოლაპარაკებებს, რომლებიც მხარეებს შორის 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ მიმდინარეობდა.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა სავარაუდოდ, რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის მხარდაჭერას მოიპოვებს და იგი წარედგინება “გლობალური სამხრეთის” ქვეყნებსაც.

წინასწარი ინფორმაციით, სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შემდეგ პუნქტებს მოიცავს:

აშშ-ისა და რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის არგამოყენების შესახებ ვალდებულებებს და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების (Start III) გაგრძელებას, იმ პუნქტით, რომ არც ერთ მხარეს არ შეეძლება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა;

სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არც ერთი ისეთი ფორმით არჩარევას, რომელიც მისი მთავრობის დესტაბილიზაციას მოახდენს;

ომის ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინვას;

2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებას: ეროვნული უკრაინული რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ რეფერენდუმების ჩატარებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყველა უკრაინულ ტერიტორიაზე;

გარანტიას, რომ 2040 წლამდე უკრაინა ბლოკებთან არმიერთებული დარჩება;

ყველა ომის ტყვის გაცვლას;

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რუსეთის მხრიდან არშეწინააღმდეგებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უკვე მეცხრე მსგავსი პროექტია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ბოლო შემოთავაზება მიღებული იქნება.