ავტორი:

განაჩენი ცნობილია - ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

განაჩენი ცნობილია - ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისი.

გასულ სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ლაზარე გრიგორიადისმა. ის წარდგენილ არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიჩნევს.

  • როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. საქმეში არის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომელიც მოისმინა სასამართლომ. სხვადასხვა ექსპერტიზა ჩატარდა, განისაზღვრა ავტომობილთან დაკავშირებით ზიანი. რაც შეეხება დაზარალებულებს, ფაქტობრივი გარემოებები კარგად არის ცნობილი. ბრალდებულმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა პოლიციის თანამშრომლების მისამართით, რამაც მათი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მათ სხეულის სხვადასხვა არეში მიიღეს მძიმე ხარისხის დამწვრობა. სამედიცინო დახმარებით მოხერხდა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება. არაერთი ვიდეოჩანაწერი იყო წარდგენილი. კონკრეტულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, მათ შორის არსებობდა დათვალიერების ოქმი, რომელშიც მონაწილეობდა ბრალდებულთან ერთად ადვოკატი, საკუთარი თავი მან თავად ამოიცნო. ბრალდებულის მხარე ხაზს უსვამს ვიდეოჩანაწერს, რომელშიც გრიგორიადისი ცეცხლს უკიდებს ავტომობილს. არა ჩვენებაში, არამედ დათვალიერების ოქმში. ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ბრალდების მხარე არ ეხება, ვინაიდან ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება.

ასევე, საქმეშია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და ამოიცნეს ბრალდებული. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადგინა ლაზარე გრიგორიადისის ვიდეოჩანაწერში არსებობის ფაქტი. ასევე, ბრალდებულის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი იქნა აღმოჩენილი და დადგენილი. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ სხვადასხვა ექსპერტიზები იქნა საქმეზე ჩატარებული და სწორედ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობით ჰქონდა ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.