ავტორი:

13 წლის წინ მისმა ემოციურმა გამოსვლამ სრულიად ერი აატირა - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა "ნიჭიერიდან": ნატალი ვეფხვაძე ცნობილ დედაზე, მძიმე დღეებსა და მარტოხელა დედობაზე

13 წლის წინ მისმა ემოციურმა გამოსვლამ სრულიად ერი აატირა - როგორ ცხოვრობს დღეს გოგონა "ნიჭიერიდან": ნატალი ვეფხვაძე ცნობილ დედაზე, მძიმე დღეებსა და მარტოხელა დედობაზე

2011 წელს მეგაპროექტში "ნიჭიერი" გამოჩნდა. ამბობს, რომ ახლა იმასთან შედარებით გარეგნულად ბევრად შეცვლილია, მაგრამ დღემდე ცნობენ, რაც უხარია. ნატალიმ თავისი ნიჭით და მუსიკალურობით ბევრი ადამიანის გული მოიგო. მას ბავშვობიდან მხედველობის პრობლემა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანია. არ მოსწონს, როდესაც ის ეცოდებათ... მისი დედა ლელა ვეფხვაძეა, ქალი, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოდ იქცა. ადამიანი, რომელიც რუსთაველზე მოსულ რუსის ჯარს სიმღერით დახვდა.

ნატალი ვეფხვაძე:

- ვიზრდებოდი დედის, 2 დეიდის, ბებიის და სამი დეიდაშვილის გარემოცვაში. დეიდაშვილები (ბიჭები) რომ წამოიზარდნენ, შემდეგ მათ გააგრძელეს ჩემზე ზრუნვა. ცოტა ფიცხი ხასიათი მაქვს, ამას იმას ვაბრალებ, რომ ბიჭებმა გამზარდეს. იმის მიუხედავად, რომ დაბადებიდან მხედველობის პრობლემა მაქვს, ეს ჩემს ოჯახში არ მიგრძვნია. ბევრ რამეს მასწავლიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. დეიდებიდან უმცროსი, ცირა უსინათლოა, უფროსი - დალი - მხედველი. დედაჩემი კაპელიდან სადმე რომ მიდიოდა, სულ დალისთან ვიყავი ხოლმე. მერე უსინათლოთა სკოლაში რომ შევედი, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი უმცროსი დეიდა იყო და ჩემი აღზრდის რაღაც ნაწილი მასზეც გადავიდა. იმიტომ, რომ სკოლაში დიდ დროს ვატარებდი. მაშინ რელიგია ისწავლებოდა და ამ საგანსაც ის მასწავლიდა. საერთოდ, ბევრი რამ მასწავლა. მეუბნებოდა, ადამიანი ღირსეული მაშინაა, როცა შეუძლია სამართლიანობის დასაცავად ისიც კი გაწიროს, რაც მისთვის ძვირფასია.

დედა - ლელა ვეფხვაძე

- ლელა მკაცრი ქალი არ არის. მას აღზრდის თავისებური მეთოდი ჰქონდა - უფრო სინდისზე მაგდებდა, რომ ჩემი დაშვებული შეცდომა მეგრძნო და დავფიქრებულიყავი. გაწონასწორებული ადამიანია. 1986 წელს დავიბადე და 1989 წლის 9 აპრილს მესამე წელში ვიყავი, ამიტომ რაც ამ დღეს მოხდა, ეს უფრო გვიან ასაკში გავიგე. ჩემთვის მძიმე იყო იმის გაცნობიერება, იმ ღამეს ადამიანები, მათ შორის, გოგონები რომ დაიღუპნენ...

დედა და დეიდაც იქ იყვნენ, მძიმე წუთები გამოიარეს. თუმცა მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა და მათი ამბის გაგებას უფროსი დედა ვერ ახერხებდა. იყო პანიკა, რადგან არ იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ არა მას მერე, რაც ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ რუსთაველზე ხალხი დახოცეს. სულ მესმის, რომ ლელა ვეფხვაძე გმირია, მეუბნებიან კიდეც, - დედაშენი გმირია. არადა, ლელა იმდენად სხვანაირად გვაწვდიდა ამ ამბავს და ახლაც ასეა, - ეს იყო ქვეყნის წინაშე, ქვეყნის შვილების მოსახდელი ვალი... ამიტომ ამას მეც ასე ვუყურებ. რომ მეუბნებიან, დედაშენი გმირია, თავს უხერხულად ვგრძნობ და გმირს არც ვეძახი. თან მისგან ეს მკაცრად მაქვს აკრძალული. რა თქმა უნდა, მეამაყება, რომ დედაჩემია და ჩემთვის მისაბაძი ადამიანი. არ ვიცი, ამხელა სულისკვეთება მე მექნებოდა თუ არა. ამას შევძლებდი?!

"მხედველობასთან დაკავშირებით ბულინგი უფრო ბავშვობაში იყო"

- საბავშვო ბაღში გვყავდა ერთი ძიძა, რომელსაც ჟუჟუნა ერქვა. ბავშვების თანდასწრებით ბრუციანს მეძახდა. თან ამას იმდენად დამცინავი ტონით აკეთებდა, ვერ აღგიწერთ... მერე მივდიოდი, ვიკეტებოდი, ურთიერთობა არავისთან აღარ მინდოდა. ამაზე ბავშვების ნაწილს ეცინებოდა... პირველად რომ დამიძახა და ტირილი დავიწყე, ერთადერთი ბიჭი იყო, რომელსაც ანზორი ერქვა, დედის მოტანილი ტკბილეული, ყურძნის მტევანი მომცა და ჩამეხუტა. თანაგრძნობა ასე გამომიხატა... რომ წამოვიზარდე, იმ ბაღში მივედი, იმ ქალის ნახვა მინდოდა, უნდა მეკითხა, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ გარდაცვლილიაო - მითხრეს... ეს ამბავი ლელას 20 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვუთხარი, არც ჩემი დეიდაშვილებისთვის მომიყოლია. ბიჭები, რომლებიც სულ ფარად მყავდნენ, რომ გაეგოთ, ამას ისე არ დატოვებდნენ...

ზოგიერთი ბავშვი არ მეთამაშებოდა, რადგან დედა ასე ეუბნებოდა, არ მიეკარო, მაგის სიბრმავე გადაგედებაო. მერე მივდიოდი და სხვაგან ვთამაშობდი. ეს ამბები დღემდე არც დეიდაჩემებმა იციან და როგორც ვთქვი, არც დეიდაშვილებმა... დედასთან ერთად ქუჩაში 7 წლის ვიყავი, სამღერად რომ გავედი. პირველად ისნის ბაზრობაზე ვმღეროდით. იქ მაღაზიებიდან ისმოდა რეპლიკები - "რა არის, წადით, იქით იმღერეთ", "ეს რა დედაა, ბავშვს ქუჩაში ამღერებს", „უიმე, ნახე, ბრუციანები არიან“... ქუჩაში დგომა ჩემთვის მტკივნეულია, ბევრი და დიდი რაოდენობით ბულინგი იყო, მაგრამ ქუჩამ ბევრი რამეც მასწავლა. მშრომელ ადამიანებს, ქუჩის მომღერლებს მეტად ვაფასებ. მეც გავიარე ეს გზა და ვიცი, რასაც განიცდიან. საერთოდაც ადამიანებს პატივს ვცემ, არასოდეს გამჩენია იმის სურვილი, ვინმე დამეჩაგრა, დამემცირებინა, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, რაც მას გულს ატკენდა, ან მის ნაკლზე ხაზი გამესვა... ზემო ფონიჭალაში დეიდასთან ერთად როცა ვცხოვრობდი, ერთი შშმ ბიჭი მოდიოდა, ეზოს ბავშვები ყურებს უტრიალებდნენ და ასე ერთობოდნენ. გული მტკიოდა, იმ ბავშვებს გავყრიდი ხოლმე და ყურებზე ხელს ვაფარებდი, რომ არ სტკენოდა, ძალიან აწვალებდნენ. მისი დაცვა მინდოდა. ბავშვობაში მიღებულმა და გადატანილმა სტრესმა ის მოიტანა, რომ მოზრდილ ასაკამდე ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა. საზოგადოებისგან ჩემი მხედველობის გამო დიდი მიუღებლობა იყო.

''ვსწავლობდი შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში''

- უმაღლესი ქულებით ჩავირიცხე და უფასოდ საესტრადო ვოკალის განხრით ვსწავლობდი, მაგრამ პარალელურად მსახიობის ოსტატობასაც გავდიოდით, პანტომიმას, მეტყველებას. კარგი სტუდენტი ვიყავი. ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ მაშინ „გუგლსა“ და „ვიკიპედიაზე“ ხელი არ მიგვიწვდებოდა. წიგნები საკმაოდ წვრილი შრიფტით იყო დაბეჭდილი და ლუპის გამოყენება მიწევდა. კარგი ლექტორები მყავდა და დახმარებას ვთხოვდი, მაგალითად, ლია ტაბიძემ მუსიკის ისტორიის შესანიშნავმა პედაგოგმა იცოდა, რომ წვრილი შრიფტთ კითხვა მიჭირდა, ამიტომ მეხმარებოდა. საერთოდ, მანამდე უსინათლოთა სკოლაში ბრაილის შრიფტით ვსწავლობდი და ჩვეულებრივი ანბანი და კითხვა უნივერსიტეტის პერიოდში ვისწავლე. ცეკვის მასწავლებელთან ვმალავდი, რომ მხედველობის პრობლემა მქონდა. სწავლა რომ დავამთავრე, ეს მერე გაიგო. საერთოდ არასდროს მინდა, რომ ვინმეს შევეცოდო. ჩვენ სწორი კომუნიკაცია გვჭირდება. როგორც მხედველ ადამიანებს, ასე უნდა მოგვმართონ, გვესაუბრონ, რადგან ისევე ვიღებთ გადაწყვეტილებას, ისევე ვაზროვნებთ, როგორც მხედველები. ოღონდ, რაღაცას ვერ წავიკითხავ და ვერ დავინახავ - მხოლოდ ეს შეზღუდვა მაქვს.

მუსიკა ჩემს ცხოვრებაში

- პატარა ასაკში თურმე მუსიკის გაგონება არ მინდოდა. ამიტომ ლელა თამაშ-თამაშით მამღერებდა. 16-17 წლისა კი მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. რაც წლები გადის, ვვითარდები, მუსიკაში ბევრ რამეს ვიძენ, ვხვდები, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა ჩემ ნაცვლად გააკეთა ეს არჩევანი - მხედველობის სანაცვლოდ მომცა სმენა და ხმა. ეს არჩევანი ჩემთვისაც რომ მოეცა, მეც ასე მოვიქცეოდი. მუსიკა მთელ სამყაროს იტევს, მთელი დედამიწაა. განსაკუთრებით მღერის პროცესია დიდი ბედნიერება... მას მერე, რაც 2011 წელს „ნიჭიერში“ მივიღე მონაწილეობა, ასეთი მნიშვნელოვანი გამოსვლა აღარ მქონია. ის იყო საოცარი ჯგუფი, ყველას მადლიერი ვარ, იქ არავის ვეცოდებოდი, ჩვეულებრივი მონაწილე ვიყავი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. მერე პაუზა მქონდა... ახლა უკვე 2 წელია, რაც ნატო თოთიბაძესთან ინდივიდუალურად სტუდიაში ვმუშაობ, გაკვეთილები მაქვს. ვფიქრობ, წელს თუ არა, გაისად ალბათ რაიმე პროექტში მივიღებ მონაწილეობას.

"ნიჭიერი"

"მხოლოდ ქართულში“ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ აღარ ტარდება, რაზეც გული მწყდება. ჩემთვის ქართული სიმღერა საოცარი ფენომენია, სადაც შეგიძლია შენი ინდივიდუალიზმი გამოავლინო... ნატალიამ ჩემი თვითშეფასება საკმარისად აწია. ჩემი თავი და შესაძლებლობები სხვანაირად დამანახა. ერთი მინუსი მაქვს, არ შემიძლია სადმე მისვლა და იმის თქმა, იცით, მე ვმღერი და იქნებ მიმიღოთ. ისე, ძალიან მინდა აფხაზეთის კაპელის წევრობა, რადგან მისი ხელმძღვანელი ისეთი დიდი მაესტროა, როგორიც ზვიად ბოლქვაძეა. ეს ადამიანი მოვლენაა. მოკლედ, მინდა, რომ კაპელაში მიმიღონ, ისე კი არა, უი, ცოდოა, მხედველობის პრობლემა აქვს. არა, მომისმინონ და თუ ვიმსახურებ იმ შესანიშნავ კოლექტივში ყოფნას, ამ შემთხვევაში.

სამსახური

- 16 წლიდან უსინათლოთა კავშირთან არსებულ კულტურის, სპორტისა და განათლების ცენტრში ვმუშაობ. სოლისტი ვიყავი, მერე სამწუხაროდ, ეს სტატუსი ჩამომართვეს, უსამართლობა გავაპროტესტეთ. სტატუსი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ვმღერი, სოლოების უმეტესობა მაინც მე მაქვს. სამსახურიდან გათავისუფლებულიც ვიყავით. მოკლედ, დირექტორის წასვლა გავაპროტესტეთ და 11 თანამშრომელი გამოგვიშვეს, მათ შორის, დედაჩემიც. მერე სასამართლომ დაგვაბრუნა, აღგვადგინა.

8 წლის გაბრიელი

- სამწუხაროდ, უკვე მეხუთე წელია, მეუღლესთან აღარ ვცხოვრობ. ჩემი ყოფილი მეუღლეც - Რაულ ფარსადანაშვილი ჩემი კოლეგაა. კარგად მღერის. ის მხედველია. გაბრიელი მეორე კლასშია, კარგად სწავლობს. ხანდახან მხედველობის პრობლემა მიშლის ხელს, რომ დავეხმარო. ჩემი შვილი ჩვეულებრივ სკოლაში დადის, მას არ აქვს მხედველობის პრობლემა. ბრაილის შრიფტით მათემატიკაც სხვანაირად არის, ფიგურებიც და ყველაფერი სხვაგვარად იბეჭდება. ამიტომ მიჭირს მათემატიკური ფიგურის დანახვა, აღქმა, რომ ბავშვს ავუხსნა და ჩემი და მეხმარება... ვცდილობ, გაბრიელის აღზრდაში მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიყო. ყველგან დავყვები, მისი მეცადინეობის პროცესში ჩართული ვარ. წრეებზე დამყავს, მღერის კიდეც, გვიან დაიწყო სიმღერა. დიდი ინტერესი არ აქვს, უფრო მათემატიკისკენ არის მიდრეკილი და ინგლისური ენა მოსწონს.

შვილთან ერთად

ჩემი და

- ანანო ჩემზე 10 წლით უმცროსია, ჩემი შეკვეთითაა დაბადებული. დეიდაშვილების დამსახურებით მარტო არასოდეს ვგრძნობდი თავს, მაგრამ მინდოდა, დაც მყოლოდა. სახელიც მე დავარქვი. მერე ჩემი დეიდაშვილები რომ ეფერებოდნენ, ვეჭვიანობდი. ერთხელ ბარგი ჩავალაგე, სახლიდან მივდიოდი და ანანოც მიმყავდა... ანანო კარგი გოგოა, მეგობრული, თბილი, მას მხედველობის პრობლემა არ აქვს. ბიზნეს ადმინისტრირება, პიარი და მარკეტინგი დაამთავრა. ხმა და სმენა აქვს, მაგრამ ცოტა ამ კუთხით დაკომპლექსდა, არ მღერის, ისე ხანდახან სახლში ფანდურზე კი ვღიღინებთ ხოლმე.

ლელა, ნატალი, ანანო...

ჩემი სურვილია

- ფეხბურთში გამარჯვება რომ ვიზეიმეთ და ადამიანები გაერთიანდნენ, ერთმანეთის მიმართ სულ ასეთები ვიყოთ. ერთმანეთის აზრს პატივს ვცემდეთ. ვიღაც კარგი რომ გამოჩნდება, ცოტა ხანი აღფრთოვანდებით და მერე იმ ადამიანის დაკორტნას ვიწყებთ, ნაკლის მოძებნას, შეურაცხყოფის მიყენებას, დაცინვას. ეს საშინლად არ მომწონს... ქალაქში დამოუკიდებლად გადავადგილდები, მაგრამ ავტობუსის ტაბლოები და კონტროლიორები მიშლიან ცოტა ნერვებს. „კოლმეურნეობაზე“ სამი ტაბლოა, წარწერას რომ ვერ ვხედავ, კონტროლიორს ვეკითხები ხოლმე. ამხელა ტაბლოა, შეხედე შვილო, ბრმა ხარ? - უმეტესობას ეს დამოკიდებულება აქვს. ბრმა ვარ თუ რაც ვარ, მე თვითონ ვიცი, ამას შეურაცხყოფად არ ვთვლი, მაგრამ ასეთი აგდებული დამოკიდებულება?! არ მინდა, რომ ასე ხდებოდეს. ერთმანეთის მიმართ მეტ პატივისცემას ვისურვებდი.