ავტორი:

ლაზარე გრიგორიადისის დედის რეაქცია, როდესაც პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ პრეზიდენტი მის შვილს შეიწყალებს (ვიდეო)

ლაზარე გრიგორიადისის დედის რეაქცია, როდესაც პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ პრეზიდენტი მის შვილს შეიწყალებს (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ლაზარე გრიგორიადისის დედა "ფორმულას" სტუდიაში იყო, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაიგო.

"სულ მჯეროდა, რომ ჩამოვედი ნოემბერში, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს. იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა ლაზარეს მიმართ, რომ ყველას დასანახად ისჯებოდა, თან დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით, ძალიან უსიამოვნო იყო მთელი ეს პროცესი. გულით და სულით მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე მას შეიწყალებდა და მინდა, რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში. ყველა ძალიან გვერდში გვედგა და ლაზარეს გულშემატკივრობდნენ დიდი ხანი. ეს საამაყოა და გულის ამაჩქროლებელი. არ დამიშვია არც ერთი დღე, რომ 9 წელი ციხეში იჯდებოდა", - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ფორმულასთან საუბრისას.