ავტორი:

"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

"უცნაური რაც მინახავს - შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები..." - ვალერია კიკვიძის ეგზოტიკური თავგადასავლები და ულამაზესი ფოტოები: რას ჰყვება სოლო მოგზაური?

თუ მოგზაურობა გიყვართ და ფოტოგრაფიაც გიტაცებთ, მაშინ ჩაუჯექით, რადგან საინტერესო გოგონას შესახებ უნდა გიამბოთ - შესაძლოა, სოციალური ქსელებიდან იცით კიდეც ვალერია კიკვიძის შესახებ. ის მოგზაურია, რომელიც მოგზაურობის წუთებს, ნანახს, ულამაზეს კადრებად აღბეჭდავს. მისი ფოტოები გამოირჩევა ესთეტიკით და ჩვენი ყურადღებაც მიიქცია.

ვალერია Ambebi.ge-ს თავისი თავგადასავლის შესახებ უყვება:

  • ვალერია კიკვიძე:

- დავიბადე და გავიზარდე ჩემს საყვარელ ბათუმში. უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ დადგა, გადავედი თბილისში. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც უკარგესი ლექტორები მყავდა. საქმიანობას რაც შეეხება, საპორტრეტო და საქორწინო ფოტოსესიებს ვიღებ. ასევე, ჩოგბურთის გაკვეთილების შეთავაზებას ვიწყებ.

  • მოგზაურობა

- ჯერჯერობით 18 ქვეყანა მოვინახულე. მომავალ სამოგზაურო გეგმებს, რაც შეეხება, არასოდეს ვგეგმავ, თუმცა კვლავ აზია მიზიდავს სამოგზაუროდ. ბავშვობიდან დამატარებდნენ მშობლები ბუნებაში, ხან პიკნიკებზე შეკვეთილში, ხან აჭარაში ჩანჩქერებზე … პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთაც მათთან ერთად იყო - თურქეთში, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. სულ მქონდა ძლიერი ინტერესი სხვადასხვა კულტურის ხალხის მიმართ. ჩემი პირველი მოგზაურობისთვის, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობაში დავისახე, ფულს ვაგროვებდი ყულაბაში.

18 წლის ვიყავი, როგორც კი პირველი კურსი დავასრულე, მშობლების უთქმელად და ბევრი კითხვის გარეშე, გავემგზავრე ბარსელონაში თავგადასავლისთვის.

  • მარტო მოგზაურობა

- მარტო ვმოგზაურობ, რადგან სპონტანურად და შეგრძნებების მიხედვით ვწყვეტ, სად რამდენი ხანი გავატარო. ძირითადად ჩემი და ჩემი სანაცნობოს ინტერესები არ ემთხვევა ხოლმე. მარტო მოგზაურობისას შეგიძლია საკუთარი გზებით, საკუთარ ტემპში მაქსიმალურად შეერწყა და გაეცნო ახალ გარემოს. სეირნობა მიყვარს ძალიან, ქუჩებში ვხეტიალობ ძირითადად და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას ვიღებ. ვინც ფოტოგრაფიაზე შეყვარებული არაა, მომაბეზრებლადაც მოეჩვენება ჩემ გვერდით, დიდ მანძილზე, ბევრი გაჩერებებით, “უაზროდ სიარული”, ან თუნდაც ისეთი ადგილის ნახვის სურვილი, როგორიც ბაზრობაა (სადაც აუცილებლად მივდივარ) რადგან, იქ მხვდება ისეთი ატმოსფერო, სადაც საათობით შემიძლია ვიხეტიალო და გადავიღო ფოტოები.

  • ფოტოგრაფია

- საკუთარი ფოტოები ყოველთვის ცოტა მაქვს, რადგან მე ვუღებ ყველასა და ყველაფერს. ხოლო, ჩემი ფოტოები მრჩება, თუ მოგზაურობაში გაცნობილი ადამიანები გადამიღებენ, ან შეიძლება ირგვლივ ხალხს ვთხოვ გადამიღონ, ეს ხერხი ყოველთვის მუშაობს და თუ არავინაა უბრალოდ სელფის ვიღებ, ძალიან თუ მომწონს ადგილი 14mm ლინზაზე ვუღებ საკუთარ თავს.

  • ინდოეთი

- განსაკუთრებული შთაბეჭდილებები ინდოეთმა მოახდინა და დაჩრდილა სხვა ყველა ადგილი. სხვა პლანეტაა, გეგონება, საკუთარი რეგულაციებითა და ცხოვრებით. ამდენად კონტრასტული, უკიდურესობების ზეიმის მერე ნაკლებად მგონია რამე მეუცნაუროს. სიტყვიერად რთულია ამ შთაბეჭდილებების გადმოცემა, საკუთარმა თვალებმა უნდა ნახოთ.

  • ყველაზე უცნაური რამ საზღვრებს მიღმა

- უცნაური რაც მინახავს... შემწვარი ძაღლი კატასთან ერთად, გამზადებული საჭმელად. ქუჩაში საპირფარეშო ამბების ჩატარება, კაფეს გარეთ საავტომობილო გზაზე თევზის გათიშვა ხის ჯოხით. ყოველდღიურად ტროტუარზე პლასტმასის ჯორკოებზე ოჯახური სადილები. კოლექტიური ვარჯიშები (ბადმინტონი, ცეკვები), ფასები....

არ დამავიწყდება, როგორ დამკბინეს ბუზებმა მღვიმეში. სიბნელეში ვერც მივხვდი, რა ხდებოდა, მერე ბზუილის ხმაც იმატებდა და მაისურის მიუხედავად მაინც რაღაცნაირად აღწევდნენ სხეულს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცოცხლად მჭამდნენ და რაოდენობრივად იმატებდნენ, ვერ ვიშორებდი.... წითელი, შეშუპებული, პატარა, მრგვალი წერტილები მქონდა ნეკნების არეში.

ვფიქრობდი მომწამლავი იყო თუ არა, მაგრამ ერთი საათის შემდგომ ნაკლებად მტკიოდა, შემდგომ დავასკვენი, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ბელგიაში, ჩეხეთში, ავსტრიასა და უნგრეთში აღარ ჩავიდოდი, ლამაზი ადგილებია, თუმცა ჩემს ინტერესებში არ შედის, მაგრამ ესპანეთი, ტაილანდი, ინდოეთი, ეგვიპტე - ეს ის ადგილებია, სადაც სიამოვნებით დავბრუნდები.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი